დეზინფორმაცია: 24 ათას ბავშვს ავსტრალიაში იძულებით აცრიან
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებელმა Nina Marji გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ „ავსტრალიაში 24,000 ბავშვს მასიურად სტადიონზე აცრიან“ და „მშობლებს დასწრების უფლებაც არ აქვთ“.
როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდიდან ირკვევა, ავსტრალიაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სავალდებულო ხასიათის არ არის და მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობით ერთვებიან. კოვიდვაქცინაციას ავსტრალიაშიც 16 წლის და ზემოთ მოქალაქეები ექვემდებარებიან. თუმცა არსებობს გამონაკლისის სახით დაშვება 12-15 წლამდე მოზარდების აცრისთვისაც, იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი მომეტებული რისკის მქონე რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნება ან ცხოვრობს ინდუსტრიული ცენტრებიდან მოშორებულ ტერიტორიებზე (ძირითადად საუბარია ავსტრალიის აბორიგენ მოსახლეობაზე), სადაც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეზღუდულია.
რაც შეეხება თავად ქართულ ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტს 24,000 ბავშვის იძულებითი ვაქცინაციის შესახებ, სინამდვილეში, ავსტრალიაში, აგვისტოს დასაწყისში, ახალი სამხრეთ უელსის (New South Wales) ჯანდაცვის დეპარტამენტმა სიდნეის გარეუბანში არსებული ქუდოს ბენქ არენა (Qudos Bank Arena) ამცრელ პუნქტად გადააკეთა, რომელიც მიზნად, მათ შორის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, ვაქცინაციასაც ისახავს. აღნიშნულ აცრის პუნქტშიც, ისევე როგორც სხვა კლინიკებში, ვაქცინაცია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. აგვისტოს თვეში, სიდნეის 8 თვითმმართველი ერთეულის სკოლების დაახლოებით 24,000 მე-12 კლასელის (16 წლის და ზემოთ) აცრა მოახლოებული HSC გამოცდების (სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ავსტრალიაში) კონტექსტში იგეგმებოდა, რათა გამოცდების პერიოდში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ და მათთვის კოვიდით გამოწვეული შეფერხებები თავიდან აეცილებინათ.
გარდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა, სტადიონზე აცრის მიღება, რეგისტრაციის შემდეგ, ავსტრალიის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ მათ მიერ გახსნილ ცენტრებში ვაქცინაციის სერვისის მიღება 16-დან 59 წლამდე ნებისმიერ დარეგისტრირებულ მსურველს შეუძლია.
შესაბამისად, Nina Marji-ს მიერ გავრცელებული პოსტი, რომ ავსტრალიაში სტადიონზე იძულებით ცრიან ბავშვებს და მშობლებს დასწრების უფლებასაც არ აძლევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც Facebook-სა და სხვა სოციალური ქსელების პლატფორმებზე ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია სხვადასხვა ენაზე ვრცელდება, რომელთა ჯამურმა რაოდენობამ მილიონობით ნახვას, ინტერაქციასა და გაზიარებას მიაღწია.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.