დეზინფორმაცია: კორონავირუსის შტამების გამოჩენის თარიღები წინასწარ დაგეგმილია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო ( ბმული 1 , ბმული 2 , ბმული 3, ბმული 4, ბმული 5), რომლის თანახმადაც COVID-19-ის ყველა ვარიანტის გამოჩენა თარიღების მიხედვით, წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია. ფოტოზე უშუალოდ კოვიდშტამების ბერძნული დასახელება და მათი გამოჩენის თარიღებია მოცემული. ამ ე.წ. დოკუმენტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (John Hopkins University), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის (Bill and Melinda Gates Foundation) ლოგოებია დატანილი. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღნიშნული დეზინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნების სოციალურ ქსელებში ივლისის დასაწყისიდან ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე აქტიურად ვრცელდებოდა. დასახელებული ამბავი საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების Factcheck.org-ისა და Reuters Fact Check-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და მათ მიერ შეფასდა, როგორც კონსპირაციული თეორია და ყალბი ამბავი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 2021 წლის მაისიდან SARS-CoV-2-ის გარკვეული ვარიანტების დასახელების ახალ, გამარტივებულ სისტემაზე გადავიდა. კერძოდ, ჯანმომ განაცხადა, რომ ვირუსის ინტერესის ვარიანტებისა (variants of interest) და შეშფოთების ვარიანტების (variants of concern) დასახელებისთვის ბერძნულ ანბანს გამოიყენებდა.

კონსპირაციული თეორია, რომელიც უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე მითითებულმა ორგანიზაციებმა ვირუსის ვარიანტების დაწყება/გამოჩენა წინასწარ დაგეგმეს, უგულებელყოფს იმ ფაქტს, თუ როგორ და როდის მოხდა SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიცირება, რადგან დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცხრილში მოცემული დროითი ხაზი იმ რეალურ დროს არ ემთხვევა, როდესაც SARS-CoV-2 ვარიანტების იდენტიფიცირება და სახელების მინიჭება მოხდა.

მაგალითად, ცხრილის მიხედვით ვირუსის დელტა ვარიანტი 2021 წლის ივნისში უნდა გამოჩენილიყო. რეალურად, დელტა ვარიანტის დოკუმენტირება ჯანმოს მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, ინდოეთში მოხდა. ის 2021 აპრილში ინტერესის ვარიანტად ითვლებოდა, მაისში მისი შეშფოთების ვარიანტად კლასიფიცირება მოხდა, დღეს კი ის მსოფლიოში ვირუსის დომინანტი ვარიანტია. ასევე, ცხრილში მითითებულია, რომ ვირუსის Eta, Iota, Kappa, Lambda ვარიანტები 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის დეკემბერში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა რეალურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მასალებში ამ ვარიანტების ადრეული დოკუმენტური ნიმუშები ჯერ კიდევ 2020 წელს არსებობდა, ხოლო მათი კლასიფიცირება ინტერესის ვარიანტად 2021 მარტი-ივნისის პერიოდში მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტზე წარმოდგენილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი (John Hopkins University), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და ბილ და მელინდა გეითსების ფონდი (Bill and Melinda Gates Foundation) - პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების სამიზნე ობიექტები არიან. თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არც ერთ ორგანიზაციას არ ეკუთვნის, რაც Reuters Fact Check-თან საუბარშიც დაადასტურეს.

ამრიგად, უცნობი წარმოშობის ცხრილი, რომელიც თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და სხვა ორგანიზაციებს ეკუთვნის და COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტის გამოჩენის თარიღებს გვაუწყებს, ყალბია და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.