Pfizer-ის ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს შემადგენლობასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება. Facebook-მომხმარებელი Gvanca Bagrationi, რომელსაც სოციალურ ქსელში 12 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, პოსტს აქვეყნებს. მასალაში ჩამოთვლილია Pfizer-ის ვაქცინის ინგრედიენტები და რამდენიმე მათგანზე აღნიშნულია, რომ ისინი საშიშ კარცეროგენულ ნივთიერებებს მიეკუთვნება. გარდა ამისა პოსტში განვითარებულია კონსპირაცია, თითქოს ვაქცინაში „საიდუმლო ინგრედიენტი“ გრაფენის ოქსიდი შედის, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მეორე დოზით შეჰყავთ. ვაქცინის ყოველი ახალი ინექცია კი ამ ნივთიერების ახალი დოზის შეყვანას იმის დასადგენად ემსახურება, თუ ორგანიზმისთვის სრულად ლეტალური რა რაოდენობის დოზა იქნება.

მასალას 3,5 ათასზე მეტი გაზიარება და 800-მდე გამოხმაურება აქვს. პოსტი აქტიურად ზიარდება სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის მიერ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7). მასალა ასევე გვხვდება ისეთ Facebook-ჯგუფებში, როგორებიცაა: „სახალხო მოძრაობა სიცოცხლის გადასარჩენად!!!“, „კორონა მაფია“, „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“ და სხვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები Pfizer და Moderna ახალ ი-რნმ ტექნოლოგიას ემყარება. კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევები ცხადყოფს, რომ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინები საკმაოდ მყარ იმუნიტეტს წარმოქმნის და ამასთან ერთად, ლაბორატორიულად უფრო სწრაფად იწარმოება, რაც პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. ი-რნმ ვაქცინების ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნივთიერებათა მარტივი დაჯგუფებით თუ ვიხელმძღვანელებთ, Pfizer-ის ვაქცინაში შედის ი-რნმ, ლიპიდები, მარილები და შაქარი/საქაროზა. Moderna-ს ვაქცინის შემადგენლობაში ყველა ის ინგრედიენტი შედის, რაც Pfizer-ის ვაქცინაში და მას ასევე ძმარმჟავა და მჟავის სტაბილიზატორები ემატება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ასევე ხელმისაწვდომია Pfizer-ის ვაქცინის დეტალური შემადგენლობა და ყველა ნივთიერების სრული დასახელება. ესენია:

• mRNA

• lipids: (4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate),

• 2 [(polyethylene glycol)-2000]-N,Nditetradecylacetamide,

• 1,2-Distearoyl-sn-glycero-3-phosphocholine, and cholesterol

• potassium chloride

• monobasic potassium phosphate

• sodium chloride

• dibasic sodium phosphate dihydrate

• sucrose

აღნიშნული ინგრედიენტები Facebook-პოსტშიც სწორად არის მოცემული, თუმცა შემდეგ განვითარებული მტკიცება, თითქოს ვაქცინაში კიდევ დამატებით „საიდუმლო ინგრედიენტი“ - გრაფენის ოქსიდი შედის, რაც სიკვდილს იწვევს, სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე ყალბია მტკიცება, თითქოს ვაქცინაში კონცენტრირებული ამ ნივთიერებათაგან ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველია.


რა არის გრაფენის ოქსიდი?

გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება COVID-ის დღეს არსებულ ვაქცინებს, დასახელებული ნივთიერება არცერთი მათგანის შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორატიული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.“ შესაბამისად, მტკიცება, რომ კოვორავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ყალბი ამბავია.

პოსტში მოცემული ვაქცინების - Pfizer-ისა და Moderna-ს, ინექცია ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი დოზა ორგანიზმს იმუნური რეაქციის გამომუშავებაში ეხმარება, ხოლო მეორე დოზა ვირუსის წინააღმდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს უფრო მეტად აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ვაქცინების ინექციის დროს გამოყენებული პირველი და მეორე დოზა, როგორც ქიმიური შემადგენლობით, ისე დოზირების მხრივ, აბსოლუტურად იდენტურია.

რა არის ALC-0315?

პოსტში ასევე საუბარია ვაქცინის შემადგენელ ნაერთ ALC-0315=((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate))-ის შესახებ. გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს მიერ Pfizer-ის ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში განხილულია ვაქცინის შემადგენელი ინგრედიენტების მნიშვნელობა. ნაერთ ALC-0315=((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate))-თან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ის ვაქცინის კათიონური ლიპიდური კომპონენტია. ALC-0315 ვაქცინის ლიპიდური ნანონაწილაკების შემადგენელი ნაწილია. ვაქცინაში არსებული ლიპიდების დანიშნულება, ი-რნმ მოლეკულის დაზიანებისგან დაცვა და ამასთან ერთად, გარკვეულწილად „ცხიმიანი“ გარსის წარმოქმნაა, რაც უჯრედებში ი-რნმ-ის მარტივად შეღწევას შეუწყობს ხელს. ლიპიდები ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, ნაერთი ALC-0315 სხვა რნმ ვაქცინების კვლევებშიც ფიგურირებს.

Facebook-პოსტში დასახელებული ნივთიერებები ჰექსანი და ჰიდროქსიბუტილo ALC-0315-ში არა საწყისი სახით, არამედ ნაერთის სახით შედის. მაგალითად, ნაერთ ALC-0315-ში წარმოდგენილია hexane-6,1-diyl და არა ჰექსანი. ადამიანებზე ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, hexane-6,1-diyl არ არის ტოქსიკური და ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება 4-hydroxybutyl-ს, სიმსივნის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ნივთიერება სიმსივნის კვლევის პროცესში ცხოველებში შარდის ბუშტის სიმსივნის პროვოცირებისთვის მართლაც გამოიყენება. ამ ყველაფრის მიზანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ახალი პრეპარატების გამოცდაა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კვლევებში 4-hydroxybutyl-ის დიდი დოზებით და ინტენსიურად არ გამოიყენება. ფაიზერის ვაქცინაში ამ ნივთიერების რაოდენობა ძალიან მცირეა. მთლიანად ნაერთ ALC-0315-ის შემადგენლობა ვაქცინაში 0.4 მილიგრამია.

შესაბამისად, ფაიზერის ვაქცინა ჰექსანსა და ჰიდროქსიბუტილს მათი საწყისი ფორმით არ შეიცავს, ლიპიდი ALC-0315 მათი და კიდევ რამდენიმე ნივთიერების ნაერთია. ამასთან ერთად, ამ ნივთიერებების დოზირება ნაერთ ALC-0315-ში იმდენად დაბალია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოგენურად ძალიან უსაფრთხო ვაქცინებად ითვლება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Facebook-მომხმარებლების მიერ ვირუსულად გავრცელებული პოსტი ყალბ, სამეცნიერო საფუძვლებს მოკლებულ ინფორმაციას შეიცავს და ვაქცინაციის პროცესისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.