დეზინფორმაცია: პეტრე დვალიშვილი ვაქცინის მეორე დოზის მიღების შედეგად დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20 აგვისტოს Facebook-ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ერთვის Guriatoday-ის სტატია. პოსტის აღწერის თანახმად, გურიაში, ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პეტრე დვალიშვილი სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შედეგად დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, Guriatoday-ის სტატიის ბმულზე გადასვლისას ვკითხულობთ, რომ ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ორჯერ იყო აცრილი. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, სავარაუდოდ, კოვიდით პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირდა, მაგრამ რადგან აცრის წინ ინფექციაზე შემოწმება არ ხდება და ის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მეორე აცრა უპრობლემოდ გაიკეთა. გარდაცვლილის ახლობლების თანახმად, ყოფილ პოლიციელს თანმდევი დაავადება ჰქონდა და მალე მისი მდგომარეობა დამძიმდა.

„ფაქტ-მეტრი“ გარდაცვლილი პეტრე დვალიშვილის ვაქცინაციის ისტორიის ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის თანახმად, „პეტრე დვალიშვილს სინოფარმის მეორე დოზით ვაქცინაცია 04.08.2021წ. ჩაუტარდა. აცრიდან მეორე დღეს, 05.08.2021წ. პაციენტს ანტიგენის სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტი არ ითვლება სრულად ვაქცინირებულად, რადგან მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირა არ გასულა. 09.08.2021წ. პაციენტი მოთავსდა კლინიკაში, მდგომარეობა იყო საყურადღებო, რადგან ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. სამწუხაროდ, 17.08.2021წ. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“.

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.