ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მხოლოდ მაშინ არის ლეგიტიმური, როცა სახელმწიფოს მხრიდან ყველა სხვა მოქმედება განხორციელდა და ამის მიუხედავად, დაპირისპირების საფრთხე რეალური და მყისიერია. ამასთან, უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონტრდემონსტრაციისგან მომდინარე ძალადობის საფრთხემ არ შეიძლება მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა გადაფაროს და სახელმწიფო ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველანაირი საშუალების გამოყენებით დემონსტრანტთა შეკრება დაიცვას. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოების მორალის დაცვის მოტივით, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მიზნებთან შესაბამისობაში არაა.
ანალიზი:
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს.
აღსანიშნავია, რომ ღირსების მარშთან დაკავშირებით, ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან, არაერთი ყალბი ამბავი და მანიპულაცია გავრცელდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით გავრცელებული მანიპულაციები. მანიპულაციის გამავრცელებლები ირწმუნებიან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დანაწესები ღირსების მარშის ჩატარების აკრძალვის საშუალებას იძლევა.
2021 წლის 21 ივნისს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგავამ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, რომელიც ამბობს ცალსახად, რომ თუ შეკრების თავისუფლება თემატურად ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალს, ხელისუფლებას უფლება აქვს ის შეზღუდოს... აღნიშნული პრაიდი წელს არ უნდა ჩატარდეს“.
23 ივნისს ტელეკომპანია „Post TV-ის“ ეთერში გიორგი ახვლედიანმა მარშის ჩატარების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, გამოხატვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ უფლების რეალიზება საზოგადოებრივ არეულობასა და დაპირისპირებას იწვევს. ის არეულობები, რომლებიც საქართველოში ღირსების მარშის ჩატარებას თან სდევს, საშუალებას იძლევა, რომ კონვენციის მე-10 მუხლის დანაწესები ამოქმედდეს და უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. მოგვიანებით, 2 ივლისს მსგავსი განცხადებები მან „ალტ-ინფოს“ ეთერშიც გააკეთა. მისი მტკიცებით, კონვენციის მე-10 მუხლით ღირსების მარშის ჩატარების შეზღუდვა აუცილებელია, რადგან ეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას, მის მშვიდ რიტმს არღვევს და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ მორალს ეწინააღმდეგება.
29 ივნისს მსგავსი გზავნილები ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებულმა მოძრაობა „ერმაც“ გაავრცელა. განცხადებაში, ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით მოძრაობა „ერი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და ღირსების მარშის გაუქმებისკენ მოუწოდებს - „საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, რომელთა ღირებულებებს იმედია თქვენც (პრემიერ-მინისტრი) იზიარებთ, აღნიშნული კვირეულის ჩატარება აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოება და მათ შორის ჩვენც შევეწინააღმდეგებით ამას ყველა კანონიერი საშუალებით. მოგიწოდებთ, დადგეთ საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე, არ დაუშვათ სიტუაციის ესკალაცია და შესაძლო უმართავი პროცესები, რითაც შეიძლება ისარგებლონ გარე ძალების მიერ მხარდაჭერილმა დესტრუქციულმა ჯგუფებმა. შეგახსენებთ, რომ პასუხისმგებლობა უარყოფით შედეგებზე მთლიანად დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“.
მოგვიანებით, 11 ივლისს, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში იგივე მანიპულაცია გაიმეორა და განაცხადა, რომ უფლებათა ევროპული კონვენციით ლგბტქ+ თემის აქტივისტების შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია.
კრძალავს, თუ - არა ევროპული კონვენცია სექსუალური უმცირესობების შეკრებას?
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლებას იცავს. მე-11 მუხლით კი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაა განმტკიცებული. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. იმავე მიდგომას იზიარებს მე-11 მუხლის მე-2 ნაწილიც.
მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. ხოლო მე-18 მუხლით დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული.
როგორც, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებიდან ჩანს, გამოხატვისა და შეკრების უფლებათა შეზღუდვის საფუძველი მორალის, სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვა შეიძლება იყოს. სწორედ, აღნიშნულ ჩანაწერს ემყარება სტატიაში განხილული მანიპულაციები.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამხმარე, განმარტებითი გზამკვლევის [1] მიხედვით, კონვენციის მე-11 მუხლი იცავს მხოლოდ „მშვიდობიანი შეკრების“ უფლებას და ეს ცნება არ მოიცავს დემონსტრაციას, სადაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ძალადობრივი განზრახვები აქვთ. შესაბამისად, მე -11 მუხლის გარანტიები ვრცელდება ყველა შეკრებაზე, გარდა იმ შეხვედრებისა, სადაც ორგანიზატორები და მონაწილეებს აქვთ ძალადობრივი განზრახვები ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიის საზოგადოების საფუძვლებს [2].
სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენცია მონაწილე სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას - სახელმწიფომ უშუალოდ არ აკრძალოს დემონსტრაცია, არამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც - სახელმწიფომ უზრუნველყოს დემონსტრაციის მშვიდობიანი ჩატარება, მათ შორის, დაიცვას დემონსტრანტები მათი იდეური მოწინააღმდეგეებისაგან. მშვიდობიანი შეკრების ჭეშმარიტი, ეფექტიანი თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ჩაურევლობის მოვალეობით. სახელმწიფოს როლის წმინდა ნეგატიური კონცეფცია მე-11 მუხლის მიზანთან, რაც ადამიანებისთვის თავისუფლად შეკრების შესაძლებლობას გულისხმობს, შეუთავსებელი იქნება. მე-11 მუხლი ზოგიერთ შემთხვევაში, მოითხოვს პოზიტიური ღონისძიების გატარებას, ინდივიდებს შორის ურთიერთობების სფეროშიც კი, თუ არსებობს ამის საჭიროება. ხელისუფლებებს ვალდებულება აქვთ სათანადო ღონისძიებები გაატარონ კანონიერ დემონსტრაციებთან მიმართებით, რათა უზრუნველყონ მათი მშვიდობიანი გამართვა და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.
სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შესრულება, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფას გულისხმობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაპოპულარული შეხედულების მქონე ან უმცირესობების წარმომადგენელი პირებისათვის, რადგან ისინი ძალადობისგან უფრო მეტად დაუცველნი არიან და უფრო მარტივად ხდებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები [3]. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი საჯარო ღონისძიებების დროს, ხელისუფლებამ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო საშუალება უნდა გამოიყენოს, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინოს ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ასევე, პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე გააფრთხილოს [4].
სახელმწიფოს ვალდებულებაა, მინიმალური ჩარევით უზრუნველყოს, როგორც დემონსტრანტების, ასევე კონტრდემონსტრანტების შეკრების უფლების რეალიზება, თუმცა ამით დემონსტრაციის მონაწილეებს არ უნდა შეექმნათ კონტრდემონსტრანტების მხრიდან მათზე ფიზიკური ძალადობის საშიშროება. ამგვარი საფრთხეები ცალკეული ჯგუფების მხრიდან საზოგადოებაში არსებულ კონტრავერსულ საკითხებთან მიმართებით შეკრებისა და გამოხატვის უფლების გამოყენებას უშლის ხელს. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრდემონსტრაციის უფლებამ არ შეიძლება გადაფაროს და შეზღუდოს დემონსტრანტების შეკრების უფლება [5]. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ორივე დემონსტრაციის მშვიდობიანად ჩასატარებლად, თუმცა თუ კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომავალი საფრთხე რეალურია და შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს, მაშინ შესაბამის უწყებებს დაპირისპირების თავიდან არიდებისა და დემონსტრანტების დაცვის მიზნით, ფართო უფლებამოსილება ეძლევათ [6]. სამართალდამცავებმა „სათანადოდ უნდა გაართვან თავი“ კონტრდემონსტრანტების მიერ სიძულვილით მოტივირებულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების საფრთხეებს ზრდის [7]. აღნიშნული გულისხმობს, რომ ურთიერთდაპირისპირებული შეკრებების დროს, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია დემონსტრანტთა იმ ჯგუფის მიმართ, რომლიდანაც დაპირისპირების საფრთხე მომდინარეობს, შესაბამისი ღონისძიებები გამოიყენოს და ნებისმიერი კანონიერი გზით უზრუნველყოს მეორე, მშვიდობიანი შეკრების უსაფრთხოება.
ზემოხსენებულთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეკრების შეზღუდვის თითოეულ ლეგიტიმურ საფუძველთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები აქვს გაკეთებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებები ხშირად შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვისთვის, ლეგიტიმურ მიზნად არეულობის აღკვეთასა და სხვათა უფლებების დაცვას ასახელებენ. სასამართლოს განმარტებით, „არეულობის აღკვეთისა და თავიდან არიდების“ არგუმენტი, როგორც შეკრების თავისუფლების უფლების შესაზღუდად გამოყენებული ყველაზე უფრო ხშირად ციტირებადი დასაშვები საფუძველი, უნდა იქნას ვიწროდ ინტერპრეტირებული, თავად ნორმის შინაარსის შესაბამისად [8]. ეს გულისხმობს, რომ არეულობის აღკვეთისა და თავიდან არიდების მოტივით შეკრების უფლების შეზღუდვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, როცა სახელმწიფომ წინმსწრებად, ყველა შესაძლო ზომა მიიღო და ამის მიუხედავად, არეულობის საფრთხე გარდაუვალია.
სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლოა სხვათა უფლებების დაცვას ემსახურებოდეს, რათა მოხდეს არეულობის თავიდან აცილება და მოწესრიგებული სატრანსპორტო მოძრაობის შენარჩუნება [9]. რამდენადაც, ადამიანების სიჭარბე საჯარო ღონისძიების დროს სავსეა საფრთხეებით, სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, თარიღზე, ფორმასა და მეთოდზე შეზღუდვის დაწესება უჩვეულო არაა [10]. სასამართლო, როგორც წესი, ეთანხმება შეფასებას, რომ მოცემული ზომები მიზნად ისახავდა „არეულობის აღკვეთას“, ან „სხვათა უფლებების დაცვას“, ან ორივეს ერთად, თუმცა, თუ აღნიშნული ზომას მკვეთრად არ აქვს კავშირი კონკრეტულ გარემოებებთან, ის შეიძლება უარყოფილი იქნას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ეს არგუმენტაცია არ შეიძლება გახდეს ცალკეული ჯგუფის, მით უფრო არაპოპულარული შეხედულების მქონე უმცირესობის, შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვის მუდმივი საფუძველი.
სექსუალური უმცირესობათა შეკრების უფლების შეზღუდვის, კიდევ ერთ, ფართოდ გავრცელებულ საფუძველს მორალის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლგბტ თემისთვის შეკრების უფლების მუდმივი შეზღუდვის კონტექსტში, სასამართლომ „ზნეობის დაცვის“ არგუმენტი არ გაიზიარა და დისკრიმინაციულად მიიჩნია [11]. საქმეში „ბაიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, სახელმწიფოს არგუმენტაციის თანახმად, „ჰომოსექსუალობის ღია გამოვლინება იყო შეურაცხყოფა იმ ჩვეულებების მიმართ, რომლებიც გავრცელებულია რუსების რელიგიურ და თუნდაც არარელიგიურ უმრავლესობაში და ზოგადად განიხილებოდა, როგორც დაბრკოლება, ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დანერგვისათვის“. სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როცა წევრ სახელმწიფოთა შორის, მორალური და ეთიკური საკითხებთან დაკავშირებით, შეთანხმებული და ერთიანი გაგება არ არსებობს, ევროპული სასამართლო ამ ტერმინების ფართო გაგებას აღიარებს. თუმცა, მოცემულ საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს მკაფიო ევროპული კონსენსუსი იმ პირთა უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ღიად აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს როგორც გეი, ლესბოსელი ან სხვა სექსუალური უმცირესობა და ხელს უწყობენ საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, მათთვის შეკრების და გამოხატვის უფლებების შეზღუდვა მორალის დაცვის არგუმენტით არ შეიძლება გამართლდეს, რადგან უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ადამიანთა თვითგამოხატვა და საკუთარი იდენტობის რეალიზება არ შეიძლება ამორალურ ქმედებად ჩაითვალოს. დამატებით, სასამართლო განმარტავს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ოჯახთან მიმართებით ხშირად იზიარებენ იმ მორალს, რომელიც მათ საზოგადოებაშია დამკვიდრებული.
ასევე, სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს ყოველი შემთხვევა და შეაფასოს, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მორალის დაცვის საფუძვლით შეზღუდოს ინდივიდის გამოხატვის, იდენტობისა და თვითმყოფადობის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
2015 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სექსუალური უმცირესობების შეკრების უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით, საქართველო მიმართ, საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განსახილველი საქმე 2012 წლის 17 მაისს ლგბტქ+ თემის მიერ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, ჰომოფობიური ჯგუფის მხრიდან ძალადობას და სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტთა არასაკმარის დაცვას ეხებოდა. სასამართლოს შეფასებით, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი მშვიდობიანი მარშის ჩაშლა მე-11 მუხლში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენდა და სახელმწიფომ უმცირესობათა დაცვა დისკრიმინაციით მოტივირებული ძალადობისაგან ვერ უზრუნველყო.
კონვენციის მე-11 მუხლის კონტექსტში, სასამართლო ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება. განსხვავებული იდენტობის პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია აუცილებელია საზოგადოებრივი ერთობის მისაღწევად [12]. „დემოკრატიული საზოგადოების” განმასხვავებელ ნიშნებზე მითითებით, სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პლურალიზმს, ტოლერანტულობასა და ლიბერალურ მსოფლმხედველობას. ამ კონტექსტში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ინტერესები ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფის ინტერესებზეა დამოკიდებული, დემოკრატია ყოველთვის უბრალოდ უმრავლესობის უპირატესობას არ გულისხმობს: აუცილებელია ბალანსი, რომელიც უმცირესობისადმი სამართლიან და სათანადო მოპყრობას უზრუნველყოფს და ირიდებს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას [13]. სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს, როგორც პლურალიზმის, ტოლერანტულობის და ლიბერალური მსოფლმხედველობის საბოლოო გარანტი. შესაბამისად, მშვიდობიანი შეკრების ჭეშმარიტი თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებამდე ჩაურევლობის თაობაზე. მე-11 მუხლის სრულიად ნეგატიური კონცეფცია ამავე მუხლის განზრახვას და მიზანს არ ესადაგება. ეს დებულება ზოგჯერ პოზიტიური ზომების გატარებას მოითხოვს, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ურთიერთობების სფეროშიც კი. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია აქტიური ქმედებებით უზრუნველყოს დემონსტრანტთათვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზება.
ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ არაპოპულარული შეხედულებები ან მიეკუთვნებიან უმცირესობებს უფრო ძლიერი მოწყვლადობის გამო. მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შესაძლებელია გააღიზიანოს ან გაანაწყენოს ადამიანები, რომლებიც იმ იდეების ან განცხადებების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, რომელთა ხელშეწყობასაც დემონსტრაცია ისახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მონაწილეებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ოპონენტებისგან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე გამართონ დემონსტრაცია. საყურადღებოა, რომ ასეთ შიშს შეუძლია შეაკავოს გაერთიანებები ან საერთო იდეების და ინტერესების მხარდამჭერი ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მქონე ძალიან საკამათო საკითხებზე თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. დემოკრატიაში კონტრდემონსტრაცია არ შეიძლება გადაიზარდოს დემონსტრაციის უფლების განხორციელების შეფერხებაში.
საქართველოსთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, ან მათ უნდა სცოდნოდათ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გარე მსვლელობასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ასევე, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე. გარდა ამისა, ლგბტ პროცესიის შედეგიდან ცხადი იყო, რომ დემონსტრაციის ადგილას განთავსებული საპატრულო პოლიციელების რიცხვი არასაკმარისი იყო. ქუჩის შეტაკებების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული იქნებოდა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც უზრუნველყოფილი იქნებოდა უფრო მეტი პირადი შემადგენლობა.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს შეფასებით, სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების სათანადოდ შეკავება და 2012 წლის 17 მაისის მარშის მშვიდობიანი ჩატარება. ამ წინდაუხედაობის გათვალისწინებით, სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ შეასრულეს კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თავიანთი პოზიტიური ვალდებულება, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის 17 მაისის მოვლენები ძალიან ჰგავს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მსჯელობისას უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ლგბტქ+ თემისთვის მათი შეხედულების არაპოპულარობის გამო, არეულობის თავიდან აცილებისა თუ მორალის დაცვის მიზნით, შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა ევროპული კონვენციის მიზნებთან შესაბამისობაში არ იყო. მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო ვალდებულია, მშვიდობიანი შეკრებები კონტრაქციიდან მომავალი ძალადობისგან დაიცვას და ამ მიზნით მის ხელთ არსებული ყველა საშუალება (მათ შორის საპოლიციო და სპეციალური დანიშნულების რაზმები) გამოიყენოს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სტატიაში განხილული მტკიცებები, რომ უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე, საზოგადოებრივი წესრიგის და მორალის დაცვის მოტივით, ღირსების მარშის აკრძალვაშესაძლებელია, მანიპულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
[1] გზამკვლევი შედგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმის განხილვისას გაკეთებულ მნიშვნელოვანი განმარტებებს საფუძველზე.
[2] კურდევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ, § 92
[3] ბაჩსკოვსკი და სხვები პოლონეთიის წინააღმდეგ §64
[4] იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, §99
[5] Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria, § 32
[6] ალექსეიები რუსეთის წინააღმდეგ, § 75
[7] ბერკმანი რუსეთის წინააღმდეგ, § 56
[8] ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ , 2018, § 120
[9] ევა მოლნარი უნგრეთის წინააღმდეგ, 2008 წ, § 34
[10] პრიმოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, 2014 წ, § 130
[11] ბაიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, 2017 წ, §§ 66-69