Facebook-მომხმარებელი Mariam Saldadze Marisali სოციალურ ქსელში პოსტს შემდეგი აღწერით აქვეყნებს: „როგორ ვუშველოთ ფილტვების ანთებას...“ პოსტში ფილტვების ანთების სამკურნალოდ ე.წ. ხალხური მეთოდია შემოთავაზებული, რომლის თანახმადაც, 1 კვერცხის ცილის, 1 სუფრის კოვზი მაწვნისა და ფქვილის საშუალებით დამზადებული ცომის მასა პაციენტმა მარცხენა მხარეს, გულზე უნდა მოითავსოს. ეს კი მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. მოცემულ პოსტს, რომელში წარმოდგენილი ინფორმაციაც არანაირ სამეცნიერო საფუძველს არ ემყარება, 28 ათასამდე გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ მოცემული Facebook-ანგარიში ამა თუ იმ დაავადების სამკურნალო სხვადასხვა ხალხურ მეთოდს აუდიტორიას ხშირად სთავაზობს.
Facebook-მომხმარებლის პოსტში წარმოდგენილი მტკიცებები, რომელიც არანაირ მყარ სამეცნიერო საფუძველს არ ემყარება,
პაციენტის ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს და დაავადებასთან გამკლავების ნაცვლად, პირიქით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შედეგი მოიტანოს.
ფილტვების პნევმონიის მკურნალობის სამედიცინო გზების დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ევექსის კლინიკის ქსელის ოჯახის ექიმს, ქალბატონ სოფიო თევდორაძეს დაუკავშირდა. ექიმმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახლის პირობებში, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით პნევმონიის დიაგნოზის დასმა, გაუმართლებელია. აუცილებელია აუსკულტაციური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილა და ა.შ. გარდა ამისა, როგორც ვიცით, პნევმონია რამდენიმე სახის არსებობს. მათ შორის, ინფექციური პნევმონიის ორ ძირითად სახეს გამოვყოფთ - ვირუსულს და ბაქტერიულს. ამ უკანასკნელის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების დანიშვნაა აუცილებელი. ვირუსული გენეზის პნევმონიასაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, ასე რომ, ამ შემთხვევაში, ხალხური მეთოდი, როგორიცაა კვერცხის ცილის, მაწვნისა და ფქვილის მასით მკურნალობა, ვერ დაგვეხმარება“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Facebook-მომხმარებლის მიერ პნევმონიის მკურნალობის ფართო აუდიტორიისთვის შემოთავაზებული მეთოდი, არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ ემყარება. მსგავსი სახის თვითნებურმა მკურნალობამ პაციენტი ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგებამდეც შეიძლება მიიყვანოს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.