10 აგვისტოს სოციალურ ქსელში სასულიერო პირის ათანასე ხაბეიშვილის აუდიო ჩანაწერი სახელად „მტკიცებულება, რომ პანდემია დაგეგმილი იყო და რა მიზნებით“ ვირუსულად გავრცელდა. 20-წუთიანი აუდიო ჩანაწერი მთლიანად იმ „არგუმენტების“ დასახელებას ეთმობა, რომლებიც ავტორის თანახმად, მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ პანდემია დაგეგმილი იყო. ვიდეო, რომელსაც 12 000-ზე მეტი ნახვა და 1 600-ზე მეტი გაზიარება აქვს, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს ეყრდნობა, რომელთა უმეტესობა ქართულ სოციალურ ქსელში აქამდეც გავრცელებულა.

„ფაქტ-მეტრის“ სტატიაშია მოყვანილია მტკიცებები, თუ რატომ არ წარმოადგენს მამა ათანასეს მიერ მოყვანილი არგუმენტები იმის მტკიცებას, რომ პანდემია დაგეგმილი იყო და კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა.

მტკიცება 1: გერმანიის 500-ზე მეტი ექიმისგან შემდგარმა ჯგუფმა სახელწოდებით „ექიმები ინფორმაციისთვის“ და 600 ესპანელ ექიმთა ჯგუფი „ექიმები ინფორმაციისთვის“ აცხადებენ, რომ კორონავირუსი - პანიკა, თამაში და პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილი თაღლითობაა

ვერდიქტი: მანიპულირება

აღნიშნული ინფორმაცია ქართულ სოციალურ სივრცეში აქამდეც ვრცელდებოდა.

მამა ათანასეს მიერ აუდიო ჩანაწერში ნახსენები ექიმები, „კორონას ექსტრასაპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის“ წევრები არიან (ACU-Außerparlamentarischer Corona Untersuchungsausschuss). კომიტეტი 2020 წლის 31 მაისს ჩამოყალიბდა. მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის არარსებობის დამტკიცება და იმის ხაზგასმაა, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსის მსგავსია. კომიტეტის მტკიცებით, ის მკაცრი ზომები, რომლებიც მსოფლიოში (და უპირველესად, გერმანიაში) პანდემიის მიზეზით გატარდა, უსაფუძვლოა და კაცობრიობას უფრო მეტი ზიანი მოუტანა. კორონავირუსის არსებობისა და მისი რეალური საფრთხის უარმყოფელი ექიმებით, მეცნიერებითა და აქტივისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი PCR-ტესტების სანდოობასა და პირბადის ტარების საჭიროებას უარყოფს.

იმავე მოსაზრებებს ესპანელ ექიმთა ჯგუფიც იზიარებს და COVID-19-ს ცრუ პანდემიას უწოდებს. „ექიმები სიმართლისათვის“ ძირითადად კორონავირუსის შესახებ კონსპირაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ექიმთა ჯგუფი დასავლურ მედიცინის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს არაეთიკურადაც კი მიიჩნევს.

ამდენად, ექიმთა ჯგუფები, რომლებზეც Facebook-ზე ინფორმაცია გავრცელდა, მართლაც არსებობენ, თუმცა მათი მტკიცებები მცდარია. ამ ჯგუფების წევრებიდან ზოგიერთი კორონავირუსის პანდემიას სრულად უარყოფს, ზოგი კი -ნაწილობრივ. ისინი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციის მიერ, მათი მტკიცებების აბსურდულობიდან გამომდინარე, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფებად არიან მოხსენიებულნი.

მტკიცება 2: კორონავირუსის ტესტირების სისტემა და მეთოდი 2015 წელს შეიქმნა და ის რიჩარდ როტშილდმა დააპატენტა

ვერდიქტი: მანიპულირება

აუდიო ჩანაწერში ნახსენები პატენტი „სისტემა და მეთოდი COVID-19-ის ტესტირებისთვის“ ნამდვილად არსებობს და მისი პრიორიტეტის თარიღი 2015 წლის 13 ოქტომბერია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის ტესტირების მეთოდი ამ დროს დააპატენტეს. პატენტის პრიორიტეტის თარიღი არის იმ პირველი პატენტის განაცხადის თარიღი, რომელიც კონკრეტული პატენტის ოჯახისთვის გაკეთდა.

რეალურად, 2015 წლის 13 ოქტომბერი როტშილდის „ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების, დამუშავებისა და ჩვენების მეთოდის“ პატენტის განაცხადის თარიღია. ეს უკანასკნელი და „სისტემა და მეთოდი COVID-19-ის ტესტირებისთვის“ პატენტთა ერთ ოჯახში ერთიანდება. შესაბამისად, COVID-19-ის ტესტირების მეთოდის პატენტის პრიორიტეტის თარიღად 2015 წლის 13 ოქტომბერი ითვლება. თუმცა, პატენტზე განაცხადი მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლის 17 აპრილს გაკეთდა.

შესაბამისად, მამა ათანასე პატენტის პრიორიტეტის თარიღით მანიპულირებს და ცდილობს მკითხველი დააჯეროს, რომ COVID-19 ტესტირების მეთოდის პატენტი პანდემიის დაწყებამდე არსებობდა.

მტკიცება 3: 2017-2018 წლებში კოვიდის მილიონობით ტესტი გაიყიდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აუდიო ჩანაწერის თანახმად, 2017-2018 წლებში მსოფლიოში ასობით მილიონი COVID-19-ის ტესტი გავრცელდა. აღნიშნული კი იმას ადასტურებს, რომ პანდემიის შესახებ 2 წლით ადრე იყო ცნობილი. მტკიცებულების დასტურად მსოფლიო ბანკის ვებსაიტის (WITS) მონაცემებია მოყვანილი. მამა ათანასეს განცხადებით, 6 სექტემბერს WITS-მა კოვიდ-19-ის ტესტების პირველადი აღნიშვნა ბუნდოვანი სახელით - „სამედიცინო ტესტების ნაკრები“, მოულოდნელად შეცვალა.

World Integrated Trade Solution (WITS) მსოფლიო ბანკის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციისა (UNCTAD) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საერთო პროექტია, რომლის მიზანიც სავაჭრო მონაცემებზე პროდუქტების ჰარმონიზებული სისტემის (Harmonized System) კოდების საშუალებით თვალყურის დევნებაა.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, 2020 წლის აპრილში (და არა სექტემბერში, როგორც აუდიო ჩანაწერშია აღნიშნული), პანდემიის პირობებში, მათ გარკვეული პროდუქტების კატეგორიები გადაახარისხეს და ახალი ეტიკეტები მიანიჭეს, რათა ყველა იმ პროდუქტის მოძიება გამარტივებულიყო, რომელიც ახლა COVID-19-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოიყენება. ამ სიებში კი, ბუნებრივია, 2017-2018 წლების მონაცემებიც შევიდა. თუმცა ამ პროდუქტებს კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ისინი პანდემიის დაწყებამდე არსებობდა და გამოიყენებოდა.

არასწორი ინტერპრეტირების გამო, მსოფლიო ბანკმა პროდუქტების დასახელებები კვლავ შეცვალა და ახალ სიებში პროდუქტებს შემდეგი სახელწოდებით ვხვდებით -„COVID-19 სამედიცინო ტესტების პაკეტი“ და „COVID-19 სამედიცინო დიაგნოსტიკური ტესტის ინსტრუმენტები და აპარატურა“.

მტკიცება 4: მსოფლიო ბანკის თანახმად, „პროექტი კოვიდ-19“ 2025 წლის მარტის ბოლომდეა დაგეგმილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. გეგმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) თანამშრომლობით შეიქმნა და 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, ყალბია მტკიცება, თითქოს კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ბანკის მიერაა დაგეგმილი და 2025 წლამდე გაგრძელდება. რეალურად, მსოფლიო ბანკის სტრატეგია 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებას გულისხმობს.

მტკიცება 5: 2018 წელს ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მოდის გლობალური პანდემია, რომელსაც შეუძლია 30 მილიონი ადამიანის განადგურება. შემდეგ კი Twitter-ზე შემდეგი განცხადება გააზიარა: „რა არის შემდეგი ჩვენი ფონდისთვის? განსაკუთრებით აღელვებული ვარ იმ ფაქტით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მომავალი წელი გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტისთვის - ვაქცინებისთვის“

ვერდიქტი: მანიპულირება

აღნიშნული განცხადება პანდემიის შესახებ ბილ გეითსმა 2017 წელს მართლაც გააკეთა, როცა უსაფრთხოების კონფერენციაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხეების შესახებ ისაუბრა. კონფერენციაზე მან განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებულ დაავადებებზე გაამახვილა. გეითსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ბუნებისგან გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენდა პოტენციური ინფექციური დაავადებების გააქტიურების საფრთხის შესახებ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბილ გეითსის აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, თითქოს ის კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ან აღნიშნული „მისი დაგეგმილი ოპერაციის“ ნაწილი იყო.

რაც შეეხება Twitter-ის პოსტს, რომელიც ასევე მრავალი კონსპირაციული თეორიის წყაროდ იქცა, ბილ გეითსის ტვიტი ნამდვილია, თუმცა მას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი შიდსის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების ვაქცინას აფინანსებს და მისი 2019 წლის ტვიტიც ვაქცინებს ამიტომ ახსენებს. ბილ გეითსის ფონდის მიზანი - როგორც ახალი ვაქცინების განვითარების, ისე არსებულის გაუმჯობესების გზით, სხვადასხვა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლაა. ბილ გეითსის შესახებ კონსპირაციული თეორიები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა.

მტკიცება 6: ვირუსის აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბილ გეითსმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას „მოვლენა 201“, რომელიც წარმოადგენდა კორონავირუსთან დაკავშირებულ სწავლებას

ვერდიქტი: მანიპულირება.

2019 წლის ოქტომბერში ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა პარტნიორებთან: მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და ბილ და მელინდა გეიტსის ფონდთან ერთად უმასპინძლა სასწავლო ვარჯიშს სახელწოდებით „მოვლენა 201". ღონისძიებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ სიმულაცია მოახდინა, რომელიც ღამურებიდან ღორებზე, ხოლო ღორებიდან ადამიანებზე გადადის და მძიმე პანდემიას იწვევს. სავარჯიშო ემსახურებოდა მზადყოფნისა და რეაგირების გამოწვევების დაძლევას სიტუაციაში, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე პანდემიის დროს წარმოიქმნებოდა. შეხვედრის აღნიშნული შინაარსიდან გამომდინარე, „მოვლენა 201-მა“ არასწორი მოსაზრებები გამოიწვია, თითქოს ბილ გეითსმა კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესახებ წინასწარ იცოდა. იმის შესახებ, იყო, თუ - არა „მოვლენა 201“ მიმდინარე პანდემიის პროგნოზი, ჯონ ჰოპკინსის ცენტრმა განაცხადა: „სცენარისთვის ჩვენ გამოვიყენეთ გამოგონილი კორონავირუსის პანდემია, მაგრამ ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ ეს არ წარმოადგენდა პროგნოზს“. „ღონისძიება ორგანიზებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მზარდ ეპიდემიურ მოვლენებს ვხედავთ“, - დაამატა ჯონ ჰოპკინსის ცენტრის წარმომადგენელმა. აქედან გამომდინარე, „მოვლენა 201“ 2019 წლის ოქტომბერში მართლაც შედგა, თუმცა აღნიშნული უშუალოდ კოვიდ-19-სთვის მოსამზადებელ სასწავლო შეკრებას არ წარმოადგენდა და აღნიშნული სავარჯიშოს იმის არგუმენტად წარმოდგენა, რომ პანდემია დაგეგმილია, კონსპირაციაა.

მტკიცება 7: 2015 წელს ენტონი ფაუჩიმ - ადამიანმა, რომელიც ვირუსის აფეთქების გარანტიას იძლეოდა, ვუჰანის ლაბორატორიას 3 700 000 მილიონი აჩუქა

ვერდიქტი: მანიპულირება

თეორია, თითქოს აღნიშნული ვირუსის ხელოვნურად შექმნას ადასტურებს, ენტონი ფაუჩის მიმოწერების გასაჯაროების შემდეგ გავრცელდა. მსგავსი თეორიების გავრცელება გასული წლის აპრილის თვეში ფაუჩისთან გაგზავნილი მეილის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო, სადაც ორგანიზაცია Ecohealth Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი პედერ დაშაკი (Dr. Peter Daszak) ფაუჩის მადლობას უხდის იმ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომ ვირუსი ადამიანების მიერ ლაბორატორიულად შექმნილი არ არის. აღნიშნულ იმეილზე ენტონი ფაუჩი შემდეგნაირად პასუხობს: „ დიდი მადლობა კეთილი მონაწერისთვის“ ("Many thanks for your kind note"). დასახელებულ წერილთან ერთად, კონსპირატორები მანიპულირებისთვის იმ ფაქტს იყენებენ, რომ Ecohealth Alliance 2014-2019 წლებში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის გრანტის მიწოდებისთვის შუამავალი ორგანიზაცია იყო.

CNN განმარტებისთვის ენტონი ფაუჩის დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იმეილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თავად ფაუჩის განცხადებით, ფაუჩისა და Ecohealth Alliance-ის დირექტორის მიმოწერაში დასამალი არაფერია. საჯარო ფაქტია ის, რომ 2014 -2019 წლებში აშშ-ის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტომ, ნიო-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის შუამავლობით, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ღამურებში კორონავირუსის კვლევისთვის გადასცა. სულ EcoHealth Alliance-მა კორონავირუსის ტრანსფორმაციის საკვლევად 2014 წლის დასაწყისში 3.4 მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო, ორგანიზაციამ კი თანხები თავად გადაანაწილა და აღნიშნული 3.4 მილიონიდან, 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, ვუჰანის ლაბორატორიას ღამურებში კორონავირუსის საკვლევად გადასცა. დასახელებული გრანტის მიზანს ღამურებში არსებული კორონავირუსის კვლევა წარმოადგენდა, რომელმაც 2003 წელს გამოიწვია მძიმე რესპირატორული სინდრომი SARS-ის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთში რესპირატორული სინდრომი MERS-ის გავრცელება. EcoHealth Alliance ჩინეთის გარდა სხვა 29 ქვეყნის ადგილობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება 18 აპრილის წერილს, პიტერ დაშაკი ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ ფაუჩის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაკეთებულ საჯარო განცხადებისთვის პერსონალურ მადლობას უხდის. პიტერ დაშაკი იმეილს შემდეგი ფრაზით ასრულებს: „ჩემი პერსპექტივიდან, მამაცური იყო თქვენი კომენტარები და ისინი, თქვენი სანდოობის გათვალისწინებით, დაგვეხმარება გავფანტოთ მითები ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით“.

ამ მიმოწერასთან დაკავშირებით, ფაუჩიმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეილის ინტერპრეტირება მრავალმხრივადაა შესაძლებელი, თუმცა სინამდვილეში, ეს არის უბრალო წერილი ადამიანისგან, რომელმაც ფაუჩის მადლობა იმისთვის გადაუხადა, რაც თქვა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი თქმით, ის იმავე პოზიციაზე რჩება, თუმცა იმ ვარაუდსაც არ გამორიცხავს, რომ ვირუსს შესაძლოა, ლაბორატორიიდან გაეჟონა.

როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ 26 მაისს ვირუსის წარმოშობის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მტკიცება 8: 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის დროს მთელი მსოფლიოს თვალწინ გათამაშდა კორონავირუსის პანდემია.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გავრცელებული მოსაზრება, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია კორონავირუსის პანდემიის პროგნოზირების სიმბოლურ რიტუალს შეიცავს, მცდარია და ამ ცერემონიას კორონავირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

გახსნის ცერემონია ოსკაროსანმა კინორეჟისორმა დენი ბოილმა შექმნა, როგორც ბრიტანული ისტორიისა და კულტურის ოდა. მეორე აქტი ბოილმა NHS-ს მიუძღვნა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამაა. შესაბამისად, ამ სცენაში ექიმები, მედდები და საავადმყოფოს საწოლებია გამოყენებული.

მტკიცება 9: როკფელერის 2010 წლის დოკუმენტში, აღწერილია მომავალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო განვითარების სცენარი, რომელშიც რასაც ახლა ვხედავთ, ყველაფერი ზედმიწევნითაა ნაწინასწარმეტყველები: გლობალური პანდემია, ეკონომიკის კრახი, ავტორიტარული კონტროლის დაწესება. როკფელერის სცენარში ასევე წერია: „ იმისთვის რომ განხორციელდეს კოვიდ-19-ის კონტროლი, ჩვენ ყოველდღიურად უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის უმრავლესობის ტესტირება“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და 2010 წლის დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტაციით კონსპირაციული თეორიის გავრცელებას ისახავს მიზნად. როკფელერის ფონდი 1913 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მისიას მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობით, ჯანმრთელობასთან, საკვებთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული გლობალური მასშტაბის გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს. არსებობის მანძილზე ფონდს ათასობით ორგანიზაციისა და ადამიანის დასახმარებლად 17 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხა აქვს გაცემული. 2010 წლის მაისში როკფელერის ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის (GBN) ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც ტექნოლოგიების მომავლისა და საერთაშორისო განვითარების 4 შესაძლო სცენარია განხილული. სცენარები ჰიპოთეზების ერთობლიობას წარმოადგენს და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებებს მეტი მზაობის შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, 2012 წელს მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. გარეული ბატებისგან გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსით 7 თვეში მსოფლიო მოსახლეობის 20% დაინფიცირდა და 8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას ჯანმრთელი ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პანდემიის დარტყმა მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკისთვისაც მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ჩინეთმა სწრაფად შეიმუშავა ყველა საჭირო ზომა - სავალდებულო კარანტინიდან დაწყებული საზღვრების ჩაკეტვით და ქვეყნის იზოლაციით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ პირველმა გადალახა პანდემია.

ფაქტია, რომ სცენარში მოქმედება არა 2019-2020 წლებში, არამედ 2012 წელს ვითარდება. ასევე დოკუმენტის დასაწყისში ხაზგასმით და მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მოცემული სცენარი არ არის მომავლის პროგნოზი, ეს არის ჰიპოთეზების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, პოლიტიკა, ეკოლოგია და ა.შ) არსებული ჩავარდნების შესახებ გვექმნება წარმოდგენა და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მეტი მზაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფრაზას, „იმისთვის, რომ განხორციელდეს კოვიდ-19-ის კონტროლი, ჩვენ ყოველდღიურად უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის უმრავლესობის ტესტირება“8 - აღნიშნული, დოკუმენტში საერთოდ არ ფიგურირებს. ასევე, დოკუმენტში Covid-19 დასახელებული არაა.

მტკიცება 10: ენტონი პატჩიმ, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა შექმნილი პანდემიებისა და აუცილებელი ვაქცინაციის საშუალებით მსოფლიოზე კონტროლის გეგმებს, 2014 წელს ხელოვნური ვირუსის შექმნა და ვაქცინის საშუალებით ადამიანის დნმ-ის შეცვლა იწინასწარმეტყველა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მამა ათანასეს განცხადებით, ენტონი პატჩიმ შემდეგი წინასწარმეტყველება გააკეთა: „ ისინი გამოუშვებენ ხელოვნურ კორონავირუსს. შედეგად ადამიანები მოითხოვენ ვაქცინას დაცვისთვის. ვაქცინა ადამიანის სხეულში დაამატებს დნმ-ის მესამე შტამს, არსობრივად მას ჰიბრიდად აქცევს. როგორც კი შეუყვანენ ვაქცინას, მისი დნმ მაშინვე ტრანსფორმაციას დაექვემდებარება, ეს გენეტიკური ცვლილება მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანები დაკარგავენ დამოუკიდებლად აზროვნების უნარს ისე, რომ ვერც კი შეამჩნევენ ამას. ამგვარად, ასე უფრო ადვილი იქნება მათი კონტროლი, რომ ისინი ელიტის მონები გახდნენ“.

პირველ რიგში, ზემოთ ხსენებული ენტონი პატჩის 2014 წლის დეზინფორმაციულ ვიდეოშია ნახსენები, რომელიც უკვე მრავალმა ინფორმაციის გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა. სხვა მრავალ დეზინფორმაციულ მტკიცებასთან, მაგალითად „ზომბების აპოკალიფსის“ შესახებ გავრცელებულ მანიპულაციურ მტკიცებასთან ერთად, რომელიც „ფაქტ-მეტრმაც“ გადაამოწმა, პატჩი ვიდეოში ვაქცინის საშუალებით დნმ-ის შეცვლაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ენტონი პატჩის კომპეტენციის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა, თუმცა მისი მტკიცებები ძირითადად აბსურდული და არამეცნიერულია.

დღეისათვის დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილებას არ იწვევს. ახალ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. mRNA ვაქცინის შეყვანა ადამიანის უჯრედებში დნმ–ს არ ცვლის და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, mRNA ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში არ შედის. შესაბამისად, mRNA, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და, მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

მტკიცება 11: ქერი მედეი გვაფრთხილებს, რომ არსებობს გეგმა, შეუყვანონ კაცობრიობას ძალიან საშიში ვაქცინა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. ვაქცინებს ორი მიზანი აქვთ: 1.დნმ-ის გადაპროგრამება და ჩვენი ჰიბრიდებად ქცევა, რომ ადვილად გვაკონტროლონ 2. ჩვენი მიერთება ხელოვნურ ინტელექტთან ვაქცინის ციფრული იდენტიფიკატორის საშუალებით, რაც გახსნის კონტროლის ახალ საშუალებებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქერი მადეის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებს „ფაქტ-მეტრმა“ უკვე რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ქერი მადეიმ დნმ-ის შეცვლის შესახებ ინფორმაცია პირველად მის მიერ ჩაწერილ 21-წუთიან ვიდეოში გააზიარა. როგორც ზემოთ მოცემულ ტექსტშია აღნიშნული, დღეს აკრედიტებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ის შეცვლა არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს ის, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანის ხელოვნურ ინტელექტთან მიერთება ხდება.

საერთო ჯამში, მამა ათანასეს მიერ მოყვანილი ყველა მტკიცება გამოგონილია ან უკონტექსტოდაა გამოყენებული იმის დასამტკიცებლად, თითქოს კორონავირუსი მსოფლიო ოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც ადამიანებზე კონტროლის დაწესებას ისახავდა მიზნად. ამასთან ერთად, აუდიოჩანაწერი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით, ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.