სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფედერაცია საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, რიგ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ბაზრის კვლევისა და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების გარეშე იღებდა. კერძოდ, სპორტსმენთა ტექნიკური, ტაქტიკური და ფუნქციონალური დონის ამაღლების მიზნით, ბორჯომში, თიანეთში, ამბროლაურსა და ბაკურიანში მდებარე სპორტულ ბაზებზე შეკრებები ჩატარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 958 212 ლარი გამოიყო. აქედან 3 096 497 ლარი ფედერაციამ სასტუმრო-სპორტულ კომპლექს „ოლიმპს“ ბაზრის კვლევის გარეშე გადაუხადა.

საინტერესო მიგნებაა, რომ გაცხადებული ინფორმაციით, სასტუმრო „ოლიმპში“ არსებული საწოლების რაოდენობა 80 ერთეულს შეადგენს. აუდიტმა დაადგინა, რომ რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნულ სასტუმროში შეკრებაზე ერთდროულად 80-ზე მეტი სპორტსმენი იმყოფებოდა და სასტუმროს მომსახურებას იღებდა.

სასტუმროს ოპერატორმა განმარტა, რომ საწოლების რაოდენობა 100 ერთეულს შეადგენს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 40 საწოლის დამატება. აღნიშნული არგუმენტი აუდიტის ჯგუფმა ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნია, რადგან 40%-ით საწოლების საპასპორტო სიმძლავრით გაზრდა მომსახურების ხარისხს აუარესებს, რისი თავიდან აცილებაც ალტერნატიულ სპორტულ ბაზაზე შეკრებით შეიძლებოდა. მით უფრო, შეკრებებზე ერთდროულად სხვადასხვა ასაკობრივი ეროვნული ნაკრები იმყოფებოდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასტუმრო მომსახურებაზე მიმწოდებელ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მომსახურების ერთეულის ღირებულება დაუსაბუთებელია, არ არის გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმი, შეუთანხმებელია მენიუ და მისი ღირებულება. ამასთანავე, როგორც აუდიტი წერს, ხშირად უფლებამოსილი პირის მიერ არ არის დადასტურებული, რომ შეკრებებში მონაწილე სპორტსმენებმა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მომსახურება მიიღეს.

აუდიტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ პროცესში კონტროლის მექანიზმები სუსტია, რაზეც 2017-2019 წლებში, შეკრებებში სპორტსმენების ფაქტობრივად ყოფნის დღეებიდან, ზედმეტად გადახდილმა სასტუმრო მომსახურების ღირებულებამ 32 235 ლარი შეადგინა, რაც, ძირითადად, გამოწვეულია შეკრებაზე ჩასვლისა და გამომგზავრების პერიოდის ორი დღით აღიარებით. აქედან ორ შემთხვევაში, სასტუმრო მომსახურება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე პირებს.

ანგარიშის მიხედვით, გაუმჭვირვალეა ბიუჯეტიდან პრემიებისა და ფულადი ჯილდოს სახით გამოყოფილი თანხების ადმინისტრაციულ პერსონალზე განაწილების პროცესი და ის არათანაბარი მიდგომის რისკებს შეიცავს. კერძოდ: 2017-2019 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, მოჭიდავეებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე ჯამში 1 268 352 ლარი გაიცა. აქედან 422 050 ლარი ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო. თუმცა ისე, რომ ნამუშევარი დროის აღრიცხვის მექანიზმი დანერგილი არ არის. ფედერაციის თანამშრომლებზე თანხა სათანადო დასაბუთების გარეშე განაწილდა. საპრემიო თანხების 52-72% ფედერაციის გენერალურ მდივანზე, ადმინისტრაციის უფროსზე, ფინანსურ მრჩეველსა და ნაკრების მენეჯერზე გაიცა. მნიშვნელოვანია, რომ 33 717 ლარის ოდენობის პრემია ოთხი თვის სამუშაო სტაჟის მქონე ადმინისტრაციის უფროსმა მიიღო, 18 750 ლარი კი - ორი თვის სამუშაო სტაჟის მქონე გენერალურმა მდივანმა.

აუდიტის ჯგუფის ყურადღების ცენტრში 2017-2019 წლებში თბილისში ჩატარებული ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირებიც მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ უცხოელი სპორტსმენებისა და მათი თანმხლები პირების რეგისტრაცია და სასტუმრო მომსახურების ღირებულების აღრიცხვის კონტროლის მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს: ფედერაცია სპორტსმენთა თანმხლები პირების რაოდენობის, მათ მიერ გადახდილი თანხის მოცულობისა და სტუმრების მიერ მიღებული მომსახურების ხარისხის შესაბამისობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

აუდიტმა დაადგინა, რომ 2017 წელს ჩატარებულ ტურნირში 220 უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა. ერთი პირის სასტუმრო მომსახურების ღირებულება დღიურად 70 ევრო იყო. 220 სტუმარზე, სამი დღის გათვალისწინებით, თანხა შეადგენს 46 200 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. იმ დროს არსებული კურსით, ეს 124 278 ლარია. 2017 წლის 12 ივნისს კი ფედერაციის გენერალური მდივნის მიერ ფედერაციის საბანკო ანგარიშზე, სასტუმრო მომსახურების ღირებულების სახით, 117 806 ლარია შეტანილი, ანუ 6 472 ლარით ნაკლები. ტურნირის უცხოელ მონაწილეთა რეგისტრაციისა და მათ მიერ სასტუმრო მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ფედერაციამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა.

2018-2019 წლებში, ტურნირში მონაწილეობის მიზნით ჩამოსული პირების სასტუმრო მომსახურებისთვის, ბაზრის კვლევის გარეშე, ხელშეკრულებები შპს „თაგ ჯორჯიასთან“ გაფორმდა. კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა. მან ვალდებულება იკისრა, რომ ფედერაციის მიერ გაგზავნილ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასტუმრო მომსახურებით უზრუნველყოფდა და 200-დან 300-მდე სტუმრის შემთხვევაში, ფედერაციას 35 000 ლარს გადაუხდიდა, ხოლო 300-დან 450-მდე სტუმრის შემთხვევაში, 50 000 ლარს.

2018 წელს კომპანიამ ფედერაციას 35 000 ლარი გადაუხადა, რაც 234 პირისთვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან იანგარიშა. აუდიტი წერს, რომ თანხა უცხოელი მოჭიდავეების თანმხლები პირების რაოდენობის გაუთვალისწინებლად განისაზღვრა. ადმინისტრაციის უფროსის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ტურნირში 25 ქვეყნის 450 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შესაბამისად, შპს „თაგ ჯორჯიას“ სახელშეკრულებო პირობების თანახმად, ფედერაციისთვის 50 000 ლარი უნდა გადაეხადა.

„თაგ ჯორჯიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში, 200-ზე ნაკლები სტუმრის მომსახურების შემთხვევაში, თანხის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ იყო. აქედან გამომდინარე, 2019 წელს ღონისძიებაში 132 სტუმრის მონაწილეობის გამო, კომპანია თანხის გადახდისგან გათავისუფლდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სინამდვილეში, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მონაცემებით, ტურნირში ჩვიდმეტი ქვეყნის ოცდაერთი გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 121 მოჭიდავე. წესდების თანახმად, ღონისძიებაზე თანმხლებ პირთა (გუნდის ხელმძღვანელი, მწვრთნელი, სამედიცინო პერსონალი) რაოდენობას მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა განსაზღვრავს. ღონისძიებაში თითოეული სტილის გუნდში ერთიდან სამი სპორტსმენის მონაწილეობის შემთხვევაში, სამი თანმხლები პირი უნდა იყოს, ოთხიდან ხუთი სპორტსმენის შემთხვევაში - ოთხი პირი, ექვსიდან ათამდე სპორტსმენის გათვალისწინებით - ექვსი პირი. თუ ღონისძიებაში სამი სპორტსმენი მონაწილეობს, გუნდს აუცილებლად მსაჯი უნდა ახლდეს. გარდა ამისა, ფედერაციებს ღონისძიებაზე მაქსიმუმ ხუთი წარმომადგენლის დარეგისტრირების უფლება აქვთ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, აუდიტი თვლის, რომ სტუმარი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო და ფედერაციის მიერ მითითებულ მონაცემებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2017-2019 წლებში სულ 412 საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიება/ტურნირი ჩაატარა. ამავე პერიოდში, ფედერაციის შემოსავლებმა 20 497 172 ლარი შეადგინა, საიდანაც 20 061 101 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა, ხოლო 436 071 ლარი - საკუთარი შემოსავლები.

ცხრილი 1. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის დაფინანსება, 2017-2019 წლები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან მიღებულმა სარგებელმა 302 806 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ 21 264 727 ლარი გახარჯა. აქედან 17 777 534 ლარი სპორტული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯია, ხოლო 3 487 193 ლარი - ფედერაციის მართვასთან დაკავშირებული ხარჯი.