დეზინფორმაცია: აზარტული თამაშების დაწესებულებები ვაქცინირებულებს სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროცესის შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. 11 აგვისტოს, გვერდი „welcome to Georgia-ს” მიერ გაზიარებულ პოსტში, რომელსაც ამირან გამყრელიძის ფოტო ერთვის თან ნათქვამია, თითქოს, აზარტული თამაშების დაწესებულებები სექტემბრიდან ყოველ ვაქცინირებულ მოქალაქეს 500 „ფრისპინს“ და ტოტალიზატორის 10 უფასო ბილეთს შესთავაზებენ. „ბოროტება ყოველთვის ბოროტების მხარეს იბრძვის“, - ნათქვამია პოსტში, რომელსაც დღემდე 99 გაზიარება და 68 კომენტარი აქვს.

„ფაქტ-მეტრმა“ პოსტში აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების მხრიდან მსგავსი შემოთავაზებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა. საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ ტოტალიზატორს განცხადება ვაქცინირებულთათვის მსგავსი სახის ბენეფიტების შეთავაზების შესახებ, არ გაუკეთებია. შესაბამისად, თავისთავად ყალბია ინფორმაცია, თითქოს ტოტალიზატორები სექტემბრიდან ყოველ ვაქცინირებულ ადამიანს 500 „ფრისპინს“ და ტოტალიზატორის 10 უფასო ბილეთს შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ პოსტი ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ბოროტება ყოველთვის ბოროტების მხარეს იბრძვის“ ან ნახსენები მოსაზრებით, თითქოს აღნიშნულით ჩვენი და ჩვენი შვილების დახოცვა სურთ, ვაქცინაციის დისკრედიტაციის პროცესს ემსახურება. ვაქცინის დისკრედიტაცია და ვაქცინაციის პროცესის შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებების გავრცელება საქართველოში ინფექციის გავრცელების იმ ეტაპზე, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდება და ათეულობით ადამიანი იღუპება, ძალიან სახიფათოა.

___________________________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.