პაატა იმნაძე: დღეს საქართველოში, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინფიცირების 5-ჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა იმნაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საქართველოში მიმდინარე პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების კომენტირებისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა: „დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი“.
WORLDOMETERS.INFO-ზე ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებისთვის შესაძლებელია, არაერთი მონაცემი იქნას აღებული, თუმცა მათგან ობიექტურ რეალობას ყველაზე უკეთ 7 დღის მცოცავი საშუალო [1] (7-day moving average) მაჩვენებელი ასახავს. მცოცავი საშუალო ხშირად დროითი მწკრივის სახით მოცემული მონაცემების ანალიზისას - მოკლევადიანი ვარირების ეფექტის გასანეიტრალებლად გამოიყენება. მაგალითად, არასამუშაო დღეების შემდგომ პირველივე სამუშაო დღეს, როგორც წესი, დღიური დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მაღალია, რაც წინა არასამუშაო დღეებში „დაგროვილი“ შემთხვევების სამუშაო დღეს „გამოვლენით“ არის განპირობებული. ამ მონაცემის აღება შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს მონაცემთა გაზვიადებულად წარმოჩენის კუთხით, არასამუშაო დღეების მაჩვენებლის აღება კი პირიქით, მაჩვენებელს შემცირებულად წარმოგვიდგენს. ორივე ასეთ შემთხვევაში ანალიზს არასწორ სურათამდე მივყავართ, მცოცავი საშუალოს გამოყენებისას კი აღნიშნული პრობლემა, გამოყენებული მეთოდიდან გამომდინარე, ბუნებრივად გვარდება.
რაც შეეხება ინდოეთსა და საქართველოში დაფიქსირებულ პიკურ დღიურად დადასტურებულ ახალ შემთხვევებს, ასე გამოიყურება:
წყარო: https://www.worldometers.info/
ინდოეთს ინფიცირების პიკი 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში უფიქსირდებოდა და 7 დღის მცოცავმა საშუალო მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს - 392,322 ერთეულს, 8 მაისს მიაღწია. საქართველოში ანალოგიური მაჩვენებლის ბოლო პერიოდის უმაღლესი ნიშნული კი 12 აგვისტოს ფიქსირდება და 4,250 ერთეულს შეადგენს. [2] ინდოეთისა და საქართველოს მოსახლეობის ოდენობა 1,395,386,526 და 3,728,573 ადამიანს უტოლდება. ამდენად, პიკურ პერიოდში, ყოველ 100,000 ადამიანზე ინდოეთში საშუალოდ 28 ადამიანი ინფიცირდებოდა ყოველდღიურად, საქართველოში კი მიმდინარე მდგომარეობით ანალოგიური მაჩვენებელი 114 ადამიანი ანუ 4-ჯერ მეტია.
რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, ანუ იმ ადამიანთა ოდენობას ვინც კონკრეტული თარიღისათვის ითვლება ინფიცირებულად და განკურნებული ან გარდაცვლილი არ არის, ინდოეთში პიკური პერიოდის აქტიური შემთხვევების მაქსიმალური მაჩვენებელი 9 მაისს დაფიქსირდა და 3 745 064 შემთხვევა ანუ ყოველ 100,000 მაცხოვრებელზე 268 ერთეული შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი მიმდინარე პერიოდისათვის საქართველოში 47,627 ანუ ყოველ 100,000 მოქალაქეზე 1,277 შემთხვევაა, რაც ინდოეთის ანალოგიურ მონაცემს 4.76-ჯერ აღემატება.
გარდაცვალების შემთხვევების კუთხით მაქსიმალურ ნიშნული ინდოეთში 18 მაისს დაფიქსირდა და 7 დღის მცოცავმა საშუალომ 4,718 ადამიანი შეადგინა, რაც ყოველ 100,000 მოქალაქეზე 0.34 შემთხვევას შეადგენს. საქართველოში მიმდინარე პერიოდში [3] ყველაზე მაღალი ანალოგიური მონაცემი 12 აგვისტოს ფიქსირდება და ერთი კვირის გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 42 ერთეულს უტოლდება, რაც ყოველ 100,000 მოქალაქეზე 1.13 შემთხვევაა და ინდოეთში პიკური პერიოდისათვის დაფიქსირებულ სიდიდეს 3.5-ჯერ აღემატება.
აქვე აღსანიშნავია, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ბოლო 3 დღის საშუალო მონაცემებით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5 392-ს, ხოლო დღიური გარდაცვალების მაჩვენებელი 50-ს შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, პაატა იმნაძის განცხადება, რომ დღეს საქართველოში 100,000 მოქალაქეზე გადაანგარიშებით, ავადობა ინდოეთის პიკურ მაჩვენებელზე 5-ჯერ მაღალია, სიმართლეს შეესაბამება.
[1] კონკრეტული თარიღისათვის ბოლო 7 დღის მაჩვენებელი გაყოფილი 7-ზე. მაგალითად 12 აგვისტოს მდგომარეობით 7-დღიანი მცოცავი საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება 6-12 აგვისტოს ჯამური მონაცემის გასაშუალოებით (დღეების რაოდენობაზე, ანუ 7-ზე გაყოფით).
[2] ისტორიული მაქსიმუმი საქართველოსათვის 2020 წლის 9 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა 7 დღის მცოცავმა საშუალომ 4,429 ერთეული შეადგინა.
[3] ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნული გასული წლის 24 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც 1 კვირის საშუალო მაჩვენებელმა 46 შემთხვევა შეადგინა.