სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ცნობის მიხედვით, თურქეთის შავიზღვისპირეთში ძლიერ წვიმებს კაშხლის ნგრევა მოჰყვა, რამაც ქალაქ ქასთამონუს დატბორვა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში თურქეთის შავიზღვისპირეთში წყალდიდობა მართლაც მოხდა, რამაც სახლების ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია. ამასთან, ჰესის კაშხლის ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თურქულ ინტერნეტ სივრცეშიც ფართოდ გავრცელდა. თუმცა, მოგვიანებით, ქასთამონუს პროვინციის სამმართველომ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და კაშხლის ჩამოშლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
წყალდიდობის მიზეზად უხვი ნალექი სახელდება. თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაქდემირლის განცხადებით, სავარაუდოდ, მსგავსი სტიქიური უბედურება ბოლო 50-100 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ბოლო ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 6 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 1 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
____________________________
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.