Facebook-მომხმარებელი Natia Colussi კორონავირუსისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. 5-წუთიან ვიდეო, რომელიც Facebook-მომხმარებელმა პლატფორმაზე 9 აგვისტოს განათავსა, ვაქცინაციის პროცესის შესახებ მრავალ მანიპულაციურ მტკიცებას შეიცავს. ვიდეოს დღემდე 9.7 ათასი ნახვა და 930 გაზიარება აქვს.
ნათია კოლუსი აცხადებს, რომ თუ აცრილი ხარ და იცი რომ ვაქცინა გიცავს, მაშინ სხვა ადამიანი, რომელიც აცრილი არაა, საფრთხეს შენთვის არ წარმოადგენს. „ანტივექსერები მხოლოდ საკუთარ თავს ავნებენ“.
ვაქცინა აცრილებისთვის ვირუსით ინფიცირებისას 100%-იან დაცულობას არ უზრუნველყოფს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად არ იცრება საკუთარ თავს ვნებს, ის ასევე საფრთხეში აგდებს მის გარშემო მყოფ უამრავ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა ჯანმრთელობის გამო ვერ იკეთბდნენ ვაქცინას (მაგ, მწვავე ალერგიული ფონის აქტიური ფაზის გამო), და იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც აცრილები არიან. ამასთან ერთად, სწორედ აუცრელი ადამიანების მაღალი წილი განაპირობებს ვირუსის მასობრივ გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ახალი შტამების წარმოქმნის საფრთხეს ზრდის. ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების პროფესორი უილიამ შაფნერის განცხადებით, არავაქცინირებული ადამიანები პოტენციური „შტამების ქარხანას“ წარმოადგენენ. მისი განცხადებით, რაც უფრო მეტი არავაქცინირებული ადამიანია, მით მეტი შესაძლებლობა აქვს ვირუსს, გავრცელდეს. ხოლო მაშინ როცა ეს ხდება, ვირუსი მუტაციას განიცდის, რამაც შესაძლოა ვირუსის კიდევ უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნა გამოიწვიოს.
შესაბამისად, აცრას არა მხოლოდ აცრილი პაციენტის, არამედ მის გარშემო მყოფი მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ: 1. რათა „ჩვენ თვითონ ვიყოთ დაცული ამ ვერაგი დაავადებისგან 2. ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომელთა აცრა არ შეიძლება: მათ აქვთ წინაღობა, ასაკობრივად პატარები არიან ან აქვთ ისეთი დაავადება, რომლის გამოც აცრა ვერ კეთდება. შესაბამისად ჩვენი აცრით გვაქვს ორი პასუხისმგებლობა, ერთი საკუთარ თავზე და მეორე საზოგადოების მიმართ“. აქვე აღსანიშნავია, რომ აუცრელ ადამიანებში, ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ბევრად უფრო მაღალია. აღნიშნულს კი მოჰყვება, როგორც რეანიმაციული განყოფილებების, ისე ზოგადად კლინიკების გადატვირთვა. საწოლფონდის გადატვირთვა საფრთხეს სხვა პაციენტებსაც უქმნის, რომელთაც ამის გამო შესაძლოა, ძალიან საჭირო მომენტში, სამედიცინო დახმარების მიღება ვერ შეძლონ.
ნათია კოლუსის განცხადებით, ახალი კვლევების თანახმად, აცრილი და აუცრელი ადამიანები ერთმანეთისგან ვირუსის გადადების პროცენტულობით არ განსხვავდებიან. აღნიშნულის დასამტკიცებლად ვიდეოში მოყვანილია CDC-ის დირექტორის ინტერვიუს ნაწყვეტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ CDC-ის დირექტორის ვიდეოში, რომელიც ნათია კოლუსს საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად მოჰყავს, საუბარი ახალ დელტა ვარიანტზეა, რაც ნათია კოლუსის მიერ დართულ თარგმანში გამოტოვებულია და ასევე მთელი ვიდეოს განმავლობაში არაა ნახსენები. ნათია კოლუსი აპელირებს იმაზე, რომ ვაქცინა „გადადებისგან არ იცავს“, თუმცა დელტა ვარიანტის თვისებებზე და ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების დელტა ვარიანტით ინფიცირების პროცენტულობაზე არ საუბრობს.
დელტა ვარიანტი, რომელთან დაკავშირებით არსებულ განცხადებებზეცაა აწყობილი „ძალიან არაპოპულარული ვიდეო 3“ CDC-ის ბოლო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, თითქმის ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები. ამასთან ერთად, შოტლანდიასა და კანადაში ჩატარებული ორი სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტებს უფრო ხშირად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე ალფა ან ვირუსის თავდაპირველი შტამით ინფიცირებულ პაციენტებს. ვირუსის ამ ვარიანტის აღნიშნული თვისებების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულ ადამიანში - როგორც სხვა, ისე დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად იშვიათია, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანში. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ფაიზერსა (BNT162b2) და ასტრა-ზენეკას (ChAdOx1 nCoV-19) შესახებ ვირუსის დელტა ვარიანტთან დაკავშირებით ჩატარებული (როგორც ისრაელის ისე ბრიტანეთის ) ახალი კვლევის შედეგები გამოდგება. ბრიტანული კვლევის თანახმად, ზემოთ ხსენებული ორივე ვაქცინის დაინფიცირებისგან დაცვის საშუალო მაჩვენებელი 49%-ია. ისრაელის კვლევის თანახმად, ფაიზერის ვაქცინა 39%-ით იცავს ადამიანს დელტა შტამით ინფიცირებისგან, 88% დაცულობა აქვს ჰოსპიტალიზაციისა და 91% ვირუსის ძლიერეი ფორმების წინააღმდეგ. CDC-ის თანახმად, მართალია, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში, შეუძლიათ გადასცენ ვირუსი სხვა ადამიანებს, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც ნათია კოლუსი არ ასახელებს, არის ის, რომ ვაქცინაცია ვირუსით დაინფიცირების ალბათობას ამცირებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ თუნდაც ვაქცინირებული ადამიანისგან ვირუსი გადმოგედოთ, ვიდრე მაშინ, როცა არავაქცინირებული ხართ.
ამასთან ერთად, რამდენადაც მცირდება იმის ალბათობა, რომ ვაქცინირების შემთხვევაში ვირუსი არ შეგხვდებათ, იმდენად მცირდება იმის ალბათობაც, რომ ვინმეს გადასდებთ. შესაბამისად, გადაცემის ყველაზე დიდი რისკი არის არავაქცინირებულ ადამიანებს შორის, რომლებიც გაცილებით უფრო ხშირად ავადდებიან და შესაბამისად, გადასცემენ ვირუსს.
ნათია კოლუსი ვიდეოში აცხადებს, რომ „ერთადერთი რისგანაც გიცავს, როგორც ამბობენ, და ეგეც ბევრად საკითხავია, ამბობენ რომ გიცავს სიკვდილიანობისგან და მძიმე მდგომარეობისგან“. აღსანიშნავია, რომ როგორც აქამდე ცნობილ ვარიანტების დროს, ისე დელტა შტამის შემთხვევაში, დღემდე WHO-ის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. იმუნიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები. ამასთან, ვაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი, უმეტეს შემთხვევაში, მსუბუქად გადააქვთ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-15ივლისის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სრულად ვაქცინირებული პირების მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა. ვაქცინირებულ პირებში, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საანგარიშო პერიოდში, სრულად ვაქცინირებულ პირებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საერთო ჯამში, ვიდეოში გამოყენებული ინფორმაციის უმრავლესობა, უკონტექსტოდაა გამოყენებული, რითაც ვიდეოს ავტორი ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებრივ ჯანდაცვას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოში დღიურად ინფიცირების 5000-ზე მეტი და 50-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.