გიორგი კირთაძე: [ხელისუფლებამ] გადაწყვიტა, რომ უკვე გაკეთებულ „გმირთა ხეივანში“ ხელახლა დახარჯოს 6 მლნ ლარი, თან ისე, რომ 3 მლნ ლარი წინასწარ არის ჩარიცხული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ გიორგი კირთაძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.
განცხადება: „[ხელისუფლებაში] გადაწყვიტეს, რომ უკვე გაკეთებულ „გმირთა ხეივანში“ ხელახლა დახარჯონ 6 მლნ ლარი, თან ისე, რომ 3 მლნ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, წინასწარ არის ჩარიცხული და ჯერ კიდევ არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ“.
რეზიუმე: ბათუმში „გმირთა ხეივნის“ მოწყობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და დასრულდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხეივანში ახალი ნარგავები დარგეს, ხოლო 2014-2015 წლებში „გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფცია მომზადდა. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ცხრა საინვესტიციო ნაკვეთი მოექცა. ტერიტორია მოწესრიგებულია და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ბათუმში არსებული არაერთი ლოკაცია, მათ შორის, გონიოს სანაპირო ზოლი, რომლის განვითარებაც წლების წინ დაანონსდა, თუმცა ტერიტორია დღემდე ვერ განვითარდა.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ობიექტად სწორედ „გმირთა ხეივანი“ შეირჩა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. შპს „საბა კონსტრაქშენმა“ 20 მლნ ლარად ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხულოში მდებარე სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს. ამ ეტაპზე კომპანიისთვის ავანსის სახით უკვე გადახდილია 3 მლნ ლარი, თუმცა არა მხოლოდ „გმირთა ხეივნის“, არამედ ექვსივე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საერთო ღირებულების გათვალისწინებით. კონკრეტულად როგორ გადანაწილდება მთლიანი თანხა მუნიციპალიტეტებში შერჩეულ ობიექტებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, წინასწარი ინფორმაციით, ცნობილია მხოლოდ, რომ 5 მლნ ლარი ქობულეთის სანაპირო ზოლის მოწყობას მოხმარდება, ხოლო 2 მლნ ლარამდე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული სკვერებისა და ბავშვთა გასართობი ადგილების რეაბილიტაციასა და მოწყობას.
ვინაიდან უშუალოდ გმირთა ხეივნისათვის 6 მილიონის გამოყოფის ფაქტი ოფიციალური რეფერირებადი წყაროთი ვერ დასტურდება, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და ვითარების ანალიზით შემოიფარგლება.
ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ განაცხადა: „[ხელისუფლებაში] გადაწყვიტეს, რომ უკვე გაკეთებულ „გმირთა ხეივანში“ ხელახლა დახარჯონ 6 მლნ ლარი, თან ისე, რომ 3 მლნ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, წინასწარ არის ჩარიცხული და ჯერ კიდევ არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ.“
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე „გმირთა ხეივანი“, რომელსაც თავიდან „შეიხის ხეივანი“ ეწოდებოდა, ჯერ კიდევ 2009 წელს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთდა. 2013 წელს ხეივანში ახალი მცენარეები დარგეს. მოგვიანებით მას სახელიც შეუცვალეს. ტერიტორიაზე უკვე არსებობს გამწვანება, მოწყობილია ბილიკები, გაზონები და განათებები.
2017 წელს „ფაქტ-მეტრმა“, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის განცხადების გადამოწმების პროცესში, აღნიშნული ხეივნის შესახებ არსებული ინფორმაცია მოიკვლია. „გმირთა ხეივანი“ უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ლოკაციად და იქ უკვე ცხრა საინვესტიციო ნაკვეთი მდებარეობდა. ეს პროექტები „გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფციის ფარგლებში იყო მოქცეული. აღსანიშნავია, რომ კონცეფცია ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში მომზადდა.
2021 წლის 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა. იმთავითვე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამ პროგრამაში ფულს ისეთ ობიექტებზე დახარჯავდა, რომელთა მშენებლობის ან რეაბილიტაციის სამუშაოები მანამდეც მიმდინარეობდა ან დასრულდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა. მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო, კონკრეტულად რომელ ობიექტებს შეარჩევდა სპეციალურად შექმნილი კომისია.
მიმდინარე წლის 11 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელია, Design-Build მეთოდით, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 20 მლნ ლარის სახელშეკრულებო ღირებულების სახელმწიფო ტენდერი (NAT210008455) გამოაცხადა. ორ პრეტენდენტს შორის გამარჯვება შპს „საბა კონსტრაქშენს“ ერგო. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის 16 ივნისს გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. სამშენებლო სამუშაოები კი ექვს თვეში უნდა დაასრულოს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს ბათუმში მდებარე „გმირთა ხეივნის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ამ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შემსყიდველმა კომპანიას, ავანსის სახით, 3 მლნ ლარი უკვე ჩაურიცხა. თუმცა არა მხოლოდ „გმირთა ხეივნის“, არამედ ექვსივე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საერთო ღირებულების გათვალისწინებით.
კონკრეტულად როგორ გადანაწილდება მთლიანი თანხა მუნიციპალიტეტებში შერჩეულ ობიექტებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, წინასწარი ინფორმაციით, ცნობილია მხოლოდ, რომ 5 მლნ ლარი ქობულეთის სანაპირო ზოლის მოწყობას მოხმარდება, ხოლო 2 მლნ ლარამდე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული სკვერებისა და ბავშვთა გასართობი ადგილების რეაბილიტაციასა და მოწყობას. რამდენი დაიხარჯება კონკრეტულად ბათუმში „გმირთა ხეივნის“ ტერიტორიაზე მწვანე კორიდორის მოწყობის მიზნით, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გვაქვს.
საინტერესოა, რომ შპს „საბა კონსტრაქშენი“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული რამდენიმე ტენდერის გამარჯვებულიცაა. ის იმავე ღირებულებისა და ტიპის სამუშაოებს ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურისა და ტყიბულის ლოკაციებზე განახორციელებს. ამ ტენდერში (NAT210008453) კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო და ავანსის სახით 6 მლნ ლარი დაერიცხა.
„საბა კონსტრაქშენმა“ მიიღო კონტრაქტი ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, წალკისა და რუსთავის ლოკაციებზეც. ამ შემთხვევაშიც (ტენდერი NAT210008343) ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ავანსის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილია 6 მლნ ლარი.
იმავე კომპანიამ, როგორც ერთადერთმა მონაწილემ და გამარჯვებულმა, ხელშეკრულება მიიღო ადიგენის, ასპინძის, ახალციხისა და ახალქალაქის ლოკაციებზე დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (NAT210008342). ამ შემთხვევაში ჯერ ავანსის სახით თანხა არ მიუღია.
რაც შეეხება ხაშურის, ბორჯომის, ქარელისა და კასპის ლოკაციებს, ტენდერში (NAT210008330) ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. გამარჯვება კვლავ „საბა კონსტრაქშენს“ ერგო. ამ შესყიდვის ფარგლებშიც, ავანსი ჯერ გადახდილი არ არის.
ორ მონაწილეს შორის გაიმარჯვა „საბა კონსტრაქშენმა“ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და გორის ლოკაციებზე იდენტური სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (NAT210008329). ავანსის სახით უკვე მიიღო 6 მლნ ლარი. ამ შემთხვევაში ავანსი ორ ეტაპად ჩაერიცხა: ჯერ 1 933 500 ლარი და რამდენიმე დღეში - 4 066 500 ლარი.
საერთო ჯამში, შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულია პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გამოცხადებულ ექვს ტენდერში, მიღებული აქვს 120 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები და აქედან, ავანსის სახით, უკვე 21 მლნ ლარი ჩაერიცხა.
აღსანიშნავია, რომ „საბა კონსტრაქშენი“ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ შესყიდულ არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ამ პროექტების ირგვლივ არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, ბათუმის ახალ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ობიექტი საბოლოო პროცედურების გავლის გარეშე ამოქმედდა და ფუნქციონირების პროცესში გარკვეული შეფერხებები შეექმნა. ამის შესახებ ჩვენ ადრე დავწერეთ.
„გმირთა ხეივნის“ სარეაბილიტაციო ობიექტად შერჩევა ოპოზიციამ რამდენიმე თვის წინაც გააკრიტიკა. მათი ვარაუდით, აღნიშნული თანხა „ქართული ოცნების“ ყულაბაში მიიმართება. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ კი ოპოზიციის პასუხად განაცხადა, რომ პროექტი მწვანე პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და ძალიან შთამბეჭდავი იქნება.