იტვირთება

2021 წლის 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა. დადგენილებაშია წერია, რომ პროგრამა მიმართულია ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად, ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ის 63 მუნიციპალიტეტში (თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, აჟარისა და თიღვის გარდა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროგრამის განმახორციელებლად სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა. უწყებამ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილობრივი დაფინანსება უნდა უზრუნველყოს, არა უმეტეს 130 მლნ ლარის ფარგლებში.

სულ, პირველ ეტაპზე, პროგრამის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს. აქედან შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ - 150 მლნ ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 350 მლნ ლარი განისაზღვრა.

ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა აჭარაში უკვე გაიმართა.

ტენდერები გამოცხადებულია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სპეციალური კომისია უკვე ადგენს იმ მდებარეობებს, სადაც გამარჯვებული კომპანიები არქიტექტურულ-ურბანულ პროექტებს დაამუშავებენ, ხოლო სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ბათუმში ახალი ბულვარი შეიქმნება და მწვანე ზონა მოეწყობა. ასევე ბულვარის მოწყობა იგეგმება ქობულეთშიც. „ქობულეთში, იქ, სადაც რეალურად არაფერი არ არის და ამავდროულად დიდი პოტენციალია, ბულვარის საინტერესო კონცეფცია, რეკრეაციული სივრცის გარდა, დატვირთულია სპორტული, გამაჯანსაღებელი და სხვა ფუნქციური ელემენტებით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აჭარაში მიმდინარე მსხვილი პროექტები ახსენა, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაც.

მთავრობა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობას 2016 წლიდან აანონსებდა, მაგრამ არც ერთ ჯერზე არ განხორციელდა. საბოლოოდ, 2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გვამცნო, რომ რეკონსტრუქცია დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდებოდა, თუმცა მაშინ კომპანიასთან დადებული კონტრაქტი გაუქმდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, მათ შორის, ბოლო - ზუსტად ერთი წლის წინ.

ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მხოლოდ 5 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. მთლიანობაში კი, პროექტის მიხედვით, 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. როდის - ჯერ უცნობია.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ ახსენა, ქობულეთის ბულვარის მშენებლობაა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული პროექტის შესახებ 2019 წელს დაწერა. იმ პერიოდში, ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მის გასწვრივ ახალი ბულვარის მოწყობისთვის, 9 მლნ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თვითონაც გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ გაჭიანურებული სამუშაოების მიუხედავად, პროექტი დასრულდა.

„სასიხარულოა, რომ წელს დამსვენებელს ქობულეთში შეგვიძლია შევთავაზოთ სრულიად აღდგენილი ბულვარი, დაახლოებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ნაპირდაცვით სამუშაოებთან ერთად გაკეთდა. ეს მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ზღვამ არ დააზიანოს სანაპირო ზოლი. ამ და მსგავსი პროექტებით საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესს, რომ შექმნას ახალი სივრცეები, მოაწყოს მეტი კომერციული ობიექტი და მიიღოს მეტი შემოსავალი ტურისტებისგან“, - აცხადებდა იმჟამინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ახლა კი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ „იქ არაფერი არ არის“ და „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში გაკეთდება. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ბიზნესმა, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, შესაძლოა, ბულვარში ობიექტები ვერ განათავსა. თუმცა ფაქტია, რომ პროექტები ახალი არ არის და მათზე უკვე არაერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 28 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, ახალი პროგრამის ფარგლებში, თხუთმეტი ტენდერი გამოაცხადა. თითოეულის ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს. გამარჯვებულ კომპანიას სარეაბილიტაციოდ შერჩეული ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ევალება.

გამარჯვებულმა კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს: ჯერ სპეციალურ კომისიას ესკიზებს წარუდგენს, რომელთა დამტკიცების შემდეგ, დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას, ხარჯთაღრიცხვასა და სამუშაოების შესრულების სრულ გეგმა-გრაფიკს მოამზადებს.

როცა აღნიშნულ ეტაპებს გაივლის, მიმწოდებელი, შემსყიდველის წერილობითი მითითების მიხედვით, თითოეული ლოკაციისთვის დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას ცალკე შეადგენს, რისთვისაც მას ერთი თვე ექნება. ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ კი დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც არა უგვიანეს ექვს თვეში უნდა დაასრულოს. მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების სრული ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

28 აპრილს გამოცხადებულ ტენდერებზე წინადადების მიღება 10 მაისს დასრულდა და რამდენიმე, მათ შორის, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებული ტენდერი, არ შედგა. სულ, არსებული მდგომარეობით, სტატუსი „არ შედგა“ უკვე მინიჭებული აქვს სამ ტენდერს.

ცხრილი 1. „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ვხედავთ, შესყიდვების ჯამური ღირებულება 300 მლნ ლარს შეადგენს. ბოლოს, 10 მაისს, გამოცხადებულ ტენდერებზე წინადადებების მიღება 21 მაისს მთავრდება. გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, პროგრამა სამოცდასამ მუნიციპალიტეტს მოიცავს. აქედან თოთხმეტი არშემდგარი შესყიდვების ფარგლებში მოექცა და სავარაუდოდ, მათზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს განმეორებით გამოაცხადებს.

ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი საუბრობს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი პროექტი სინამდვილეში ახალი არ არის და ამასთანავე, მის მიერვე მომზადებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ვრცლად ისაუბრა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა. აღნიშნულ საკითხზე სტატია Droa.ge-ზეც გამოქვეყნდა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა ახალ პროგრამას თვითმმართველობის არჩევნების წინ ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებს.


მსგავსი სიახლეები

3062 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი