2021 წლის 30 ივლისს, Facebook-ზე მომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი და კლუბში მოცეკვავე უცნობი კაცი არიან გამოსახული. ფოტოს აღწერის მიხედვით, მასზე გამოსახული ორივე პიროვნება გებრეისუსია- „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. ტედროს ადანომ გებრეისუსი. და ეს ფიქრობს ჩვენს ჯანმრთელობაზე?))“. რეალურად, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ორი სხვადასხვა პიროვნებაა გამოსახული.

როგორც საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Misbar წერს, აღნიშნული ფოტო, და მათ შორის ვიდეოები, 2020 წლის ივნისიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა. ფოტო-ვიდეომასალაზე დაყრდნობით, სხვადასხვა არაბული და უცხოური საინფორმაციო სააგენტო თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი, გებრეისუსს ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული იმ ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, რომლის დაცვისკენაც თავად მთელს მსოფლიოს მოუწოდებდა.

Misbar-მა მოცემული ფოტო და ვიდეო მასალა გადაამოწმა და დაადგინა, რომ გარკვეული ფიზიკური მსგავსების მიუხედავად, ადამიანი, რომელიც კლუბში ცეკვავს გებრეისუსი არ არის. გეიბრეისუსს და უცნობ კაცს, სხვადასხვა სახის მოყვანილობა და თვალები, მათ შორის, განსხვავებული სათვალეები აქვთ.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედრომ ადანომ გებრეისუსი კოვიდრეგულაციებს არღვევს, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.