სოციალურ ქსელში ყალბი ამბები და მანიპულაციები იმის შესახებ, რომ ვაქცინა არ გვიცავს და აზრი არ აქვს მის გაკეთებას, აქტიურად ვრცელდება (იხილეთ ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5). რეალურად, ყველა ავტორიზებული ვაქცინა ინფიცირებისგან გარკვეულწილად გვიცავს და დაავადების გართულების და სიკვდილის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ამასთან, ახალ შტამებზე კოვიდვაქცინები ინფიცირების რისკს, ისევე როგორც ვირუსის გავრცელების რისკებს, გარკვეულწილად ამცირებენ. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, ვირუსის მუტაციის და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნის ალბათობა მით უფრო მაღალია.

სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ფაიზერის [2 დოზა] ეფექტურობა 88%-ია. ასტრაზენეკას ვაქცინა კი [ორი დოზა] „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით ეფექტურია. ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი 91%-ზე მეტია. ინგლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორი დოზით ვაქცინირებულ პირებში, კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების რისკი 50-60%-ით არის შემცირებული. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

იმუნიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები. ამასთან, ვაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი, უმეტეს შემთხვევაში, მსუბუქად გადააქვთ. რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში - ვაქცინირებულ პირებში, შესაძლოა დაავადება მძიმედ მიმდინარეობდეს, ეს დამოკიდებულია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე და ა.შ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნიშნავს რისკების მკვეთრად შემცირებას და არა 100%-იან დაცვას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-15ივლისის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სრულად ვაქცინირებული [1] პირების მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა. ვაქცინირებულ პირებში, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საანგარიშო პერიოდში, ორი დოზით აცრილ პირებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნული მონაცემები, ადასტურებს, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და სიკვდილისგან იცავს.

საანგარიშო პერიოდში, მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა შორის COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 0.99%-ია (12 შემთხვევა). შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 18 წელს ზევით პოპულაციაში COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 2.16%-ია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი სიკვდილის რისკს ამცირებს.

[1] სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა პირი, როდესაც მეორე დოზით აცრიდან გასულია სულ მცირე 2 კვირა, რაც საჭიროა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.