სოციალურ ქსელში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადების ყალბი ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ფაუჩი, თითქოს, ამბობს, რომ „ადამიანები იცრებოდნენ უაზროდ...[რადგან] არანაირ შედეგს ვაქცინა არ იძლევა!!!“. აღნიშნულის დასადასტურებლად Facebook-პოსტის ავტორებს ტელეკომპანია MSNBC-თვის მიცემული ინტერვიუ მოჰყავთ, რომელშიც ფაუჩი პირბადეების გამოყენების კუთხით CDC-ის განახლებულ გაიდლაინზე საუბრობს.

დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში, აღნიშნულ ინტერვიუში ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც აშშ-ში დომინანტია, უფრო სწრაფად ვრცელდება, ხოლო ახალი მონაცემებით, სრულად ვაქცინირებული ადამიანები, დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის გამავრცელებლები ხდებიან. CDC-მა აღნიშნულ საკითხზე კვლევა 30 ივლისს გამოაქვეყნა.

აქამდე მეცნიერებისთვის ცხადი არ იყო, ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი საკმარისი ხარისხით არსებობდა, თუ - არა იმისათვის, რომ ის სხვასაც გადასდებოდა.

ფაუჩის განცხადებით, დელტა ვირუსის შემთხვევაში, იმ ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ვირუსით მაინც ინფიცირდებიან, ვირუსის დონე ხახის ცხვირის ნაწილში იმდენივეა, როგორიც ეს არავაქცინირებული ადამიანების შემთხვევაშია. ფაუჩის თქმით, სწორედ ამითაა გამოწვეული პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით CDC-ის გაიდლაინის განახლებაც, რომელიც აშშ-ში ვირუსის მაღალი გავრცელების არეალში დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებას გულისხმობს.

ფაუჩი მუდმივად უსვამს ხაზს იმას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურია. CDC-ის მიხედვით, ვაქცინები ეფექტურია, რამდენადაც კორონავირუსით ვაქცინირებულ ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტული რაოდენობა ინფიცირდება.

ამდენად, ცნობა, რომ ფაუჩი ვაქცინებს არაეფექტურად მიიჩნევს, ყალბი ამბავია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.