სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირადი პროფილის, გვერდისა თუ ჯგუფის მიერ ნელსონ მანდელასთან დაკავშირებული ამბავი ვრცელდება. პოსტებში მანდელას ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც თითქოს მას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გადახდა. კერძოდ კი, როგორ შეხვდა მანდელა რესტორანში მის ერთ-ერთ ყოფილ ციხის მცველს და სადილზე მიიპატიჟა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

პოსტების თანახმად, მანდელას თავს შემდეგი ისტორია გადახდა:

როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემს მცველებს ვუთხარი, ქალაქში გაგვესეირნა.

ცოტა ხნის მერე ერთერთ რესტორანში შევედით. ყველამ თავისი შეკვეთა მისცა ოფიციანტს. სანამ საჭმელს მოიტანდნენ რესტორანი შევათვალიერე. ჩემს წინ მაგიდასთან ერთი კაცი იჯდა და სადილს მარტო შეექცეოდა.

მე ჩვენს სუფრასთან მოვიპატიჟე. კაცი გადმოჯდა. მთელი სადილის განმავლობაში თეფშიდან თავი არ აუწევია და ხელები საშინლად უკანკალებდა.

სადილობას მორჩა, მე ხელი გავუწოდე.

თავჩაღუნულმა ნაჩქარევად ჩამომართვა და სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა.

- ეს კაცი ალბათ ავადაა როგორ კანკალებდა --მითხრა დაცვის წევრმა.

- არა, არ არის ავად.

- ფეხზე ძლივს იდგა, ავადაა.

- არა მეთქი- მივუგე მე.

როცა ციხეში ვიჯექი, ეს კაცი ჩემი საკნის მცველი იყო. როცა ნაწამებს შემათრევდნენ, დამაგდებდნენ და წყალს ვითხოვდი, ეს კაცი დამცინოდა და თავზე მაშარდავდა. ახლა, მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ჰგონია, სამაგიეროს გადავუხდი და ციხეში ამოვალპობ...

გონება, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, ანგრევს სახელმწიფოს.

და გონება, რომელიც შერიგებისკენ ესწრაფვის, ერად აყალიბებს მას!

ნელსონ მანდელა

აღნიშნული ამბავი, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის - Africa Check მიერ შემოწმდა და შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი.

Facebook-ზე გავრცელებულ ისტორიაში რაიმე კონკრეტული დეტალი, მაგალითად როდის და სად შედგა ლანჩი, არ არის მითითებული. მსგავსი ისტორიის თუ ციტატის შესახებ სარწმუნო მტკიცებულებას Africa Check-მა ვერც ონლაინ მონაცემთა ბაზებში, სამხრეთ აფრიკის მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს მანდელას ცნობილი ციტატების კოლექციასა თუ ნელსონ მანდელას ფონდის ვებ-გვერდზე ვერ მიაკვლია.

ინფორმაციის დასაზუსტებლად Africa Check-ი იოჰანესბურგში რაზია სალეჰს, ნელსონ მანდელას ფონდის (Nelson Mandela Foundation) არქივისა და კვლევის დირექტორს დაუკავშირდა. თუმცა, ამ ისტორიის წარმოშობის კვალს ვერც ფონდში მიაკვლიეს. რაზია სალეჰის თქმით, „მადიბა[1] ყოველთვის ამბობდა, რომ მას ციხეში ფიზიკურად არ აწამებდნენ“. ვინაიდან და რადგანაც ამბის ნამდვილობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ფონდში მიაჩნიათ, რომ ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ისტორია, რომელიც თითქოს ნელსონ მანდელას პრეზიდენტობის შემდეგ თავს გადახდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

[1]- მადიბა- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნელსონ მანდელა მოიხსენიება როგორც მადიბა. მადიბა არის წოდება, რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.