იტვირთება

2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესია განახორციელა და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის შემდეგაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიას. რუსეთის ფედერაცია 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებიდან მისი უკანონოდ განთავსებული სამხედრო შენაერთები არ გაჰყავს და საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს ადამიანის უფლებებს უხეშად ხელყოფს.

ომიდან 13 წლის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში დააკისრა პასუხისმგებლობა, როგორებიცაა: „მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა“.

2008 წლის 25 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა და მას შემდეგ, კრემლი მისი ქმედებების ლეგიტიმაციასა და საქართველოს ტერიტორიების ანექსირებისთვის ნიადაგის მომზადებას ცდილობს. რუსეთი წლების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის გაფართოებას და მასში სხვადასხვა ქვეყნის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ რუსეთის გარდა ასევე აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, მოგვიანებით, 2013 წელს ვანუატუმ, ხოლო 2014 წელს ტუვალუმ, აღიარება უკან წაიღეს და ოკუპირებული რეგიონები, კვლავ, საქართველოს შემადგენლობაში ცნეს. დღეისათვის, მსოფლიოს დაახლოებით 195 სახელმწიფოდან, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მხოლოდ, 5 ქვეყანას აქვს აღიარებული. მეხუთე ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო, სირიაა. კრემლის მოკავშირე ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა 2018 წლის 29 მაისს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. რაც გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ყველა მშვიდობიანი, სახელმწიფოთაშორისი მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, ლობიზმის გაძლიერებას, რათა სხვა ქვეყნების მხრიდან არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. არაღიარების პოლიტიკის წარმატებად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ზემოხსენებული ტუვალუს და ვანუატუს აღიარების უკან წაღება. მას შემდეგ რაც, ამ ორ ქვეყანასთან საქართველომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა, მათ უარი თქვეს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად ცნობაზე.

ტუვალუს საგარეო მინისტრი ტაუკელინა ფინიკასო თბილისში 2014 წელს

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისას (წყარო: ამერიკის ხმა)

ასევე არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთ ხელშესახებ მიღწევად მიიჩნევა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 2017 წლის 5 მაისს მიღებული კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელშიც ჩაიწერა, რომ ამერიკის დაფინანსებით იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობები ვერ ისარგებლებენ, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს ან/და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

ოკუპაცია რიცხვებში

უკანონო დაკავებები

რუსული საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები საქართველოში ვერც პანდემიამ შეაჩერა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად covid-19-ის წინააღმდეგ იბრძვის, რუსეთის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებებს კვლავ აგრძელებს. რუსული საოკუპაციო ძალები და რუსეთის მხარდაჭერილი რეჟიმები, 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს უკანონოდ აკავებენ და ჰექტრობით მიწის ფართობს იკავებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალები საქართველოს ასეულობით მოქალაქეს უკანონოდ უზღუდავენ თავისუფლებას. ომიდან 13 წლისთავზე კი უკანონოდ დაკავებულთა ჯამური რიცხვი 3250-ზე მეტია.

„2008 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული. 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64 შეადგინა“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასული წლის ზაფხულის შემდეგ ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან ზაზა გახელაძის დაკავების საქმე იყო. დაკავებისას დაჭრილი მოქალაქის ე.წ. სასამართლო პროცესი წლის დასაწყისშივე განახლდა. დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 2021 წლის თებერვალში 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებიდან 5 თვეში კი გახელაძე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა და ე.წ. საპატიმროდან გაათავისუფლა. თითქმის ერთწლიან უკანონოში პატიმრობაში მოუწია ყოფნა ლაშა ხეთერელსაც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 30 ივლისს დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები აგვისტოს ომიდან 13 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, საქართველოს 6 მოქალაქეა დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

წლის დასაწყისში, უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი რამაზ ბეღელური, რომელიც 2 თვეში გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება ყველა არსებული მექანიზმების, მათ შორის - ევროკავშირის ე.წ. „ცხელი ხაზის“ გამოყენებით ხდება.

2021 წლის თებერვალში მოხდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ერიკ დრულევის უკანონო დაკავებაც საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე. საოკუპაციო ძალებმა ის რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

ასევე თებერვალში დააკავეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მკვიდრი, მალხაზ დოლუაშვილი, რომელმაც ცხინვალის ე.წ. საპატიმრო რამდენიმე დღეში დატოვა.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი, რომლებიც რამდენიმე საათში უკან გამოუშვეს. საოკუპაციო ძალების რამდენიმე საათიან ტყვეობაში აღმოჩნდა წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

განსხვავებული მდგომარეობა იყო აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებში, საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო.

ამ დროისთვის, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 2 მოქალაქე ისევ იმყოფება. გენადი ბესტაევი 2019 წლის 26 ნოემბერს საკუთარი სახლიდან წაიყვანეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ირაკლი ბებუა კი 2020 წლის სექტემბერში გადაიყვანეს სოხუმის იზოლატორში და პატიმრობის ვადად 9 წელი განუსაზღვრეს.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს ქართული და ოსური დელეგაციები პირისპირ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილავენ, რომელიც 5-თვიანი პაუზის შემდეგ 2021 წლის მარტის დასაწყისში განახლდა. სამუშაო ჯგუფი ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე 2009 წლიდან პერიოდულად იკრიბება, ამ დრომდე სულ 101 შეხვედრაა გამართული.

აგვისტოს ომიდან მე-13 წელი ოკუპაციასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტითაა გამორჩეული. მათ შორის, ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ისტორიით, რომლებიც ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას მდინარის გადაცურვით ცდილობდნენ.

საოკუპაციო რეჟიმს უკავშირდება გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის ამბავიც, რომელიც წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2011 წლიდანაა მოქცეული, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქართულ სოფლებში უკანონო ბორდერიზაციის პროცესიც.

ბორდერიზაცია

უკვე 10 წელია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხნულების, მავთულხლართების და რკინის ღობეების გავლება უწყვეტად მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 353 კმ-ია. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის ხელოვნური ბარიერი დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგის, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. მთლიანობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პანდემიის პირობებშიც გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში 2020 წელს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს, 2021 წლის აპრილში კი ამ ადგილებში უკვე ხის ბოძები დაამონტაჟეს. მსგავსი კონსტრუქციები რამდენიმე დღეში იმავე მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთანაც გამოჩნდა. მოგვიანებით, ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლებმა სპეციალური ტექნიკით ქარელში სხვა სოფლების მიმართულებითაც გადაინაცვლეს და სოფლების - ცერონისისა და კნოლევის პერიმეტრზე, ე.წ. სასაზღვრო მწვანე ბანერების გასწვრივ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ხნული გაავლეს.

უკანონო დაკავებებისა და ბორდერიზაციის გარდა, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე წელს სხვადასხვა ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რომელსაც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქართულ სოფლებში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აწყობენ.

ოკუპაციის გრძელვადიანი ნეგატიური ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გარდა, საქართველოსთვის სახეზეა რუსეთის აგრესიის ყოველდღიური, რეალური პროცესი. გარდა იმისა, რომ უკანონოდ დაკავებების შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და მისი ოჯახი ექცევა სერიოზული საფრთხის ქვეშ, ე.წ. მცოცავი ოკუპაციაც, არ ჩერდება და ის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალს ყოველწლიურად უფრო მეტად უახლოვდება.

ავტორები:

სალომე მარგველაშვილი

ნინო ჩიბჩიური


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი