ქართველებისთვის ავადსახსენებელი ტერმინი - ბორდერიზაცია - მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მონტაჟს გულისხმობს. ეს არის პროცესი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ რუსულმა მხარემ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე ფაქტ-მეტრი რამდენიმე თვის წინაც წერდა.

მაშინ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კერძოდ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) დავუკავშირდით.

უწყების ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორის რაიონის (ე.წ. წინაგარას ზონის ოსური სოფლების გარდა) სოფლებს (103 სოფელი) აკონტროლებდა. ომის შემდეგ, ყველა ეს სოფელი რუსეთი საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 2011 წლიდან, როდესაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყო, საოკუპაციო ხაზმა სხვა სოფლებიც (32 სოფელი) მოიცვა. სუს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  დღეისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრი წარმოგიდგენთ რუსული მცოცავი ოკუპაციის ქრონოლოგიას:

2011 წელი

პირველი, 1 კმ-მდე მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში, 2011 წლის შემოდგომაზე გაევლო. შემდეგ კი, ეს პროცესი გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში გაგრძელდა, სადაც 3 კმ-დე სიგრძის მავთულხლართი დაინსტალირდა.

2012 წელი 2012

წელს მავთულხლართებისა და ღობეების ინსტალაციის პროცესი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევშიც დაიწყო, რაც 2013 წლის ივნისის თვეშიც გაგრძელდა და მისმა საერთო სიგრძემ დაახლოებით 800 მეტრი შეადგინა.

2013  წელი

ე.წ. ბორდერიზაციამ ყველაზე მასშტაბური სახე 2013 წელს მიიღო. ამ  წლის დასაწყისში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების მეშვეობით ტერიტორიის გაყოფის პირველი მაგალითი გორის რაიონის სოფელ მერეთსა და ქსუისში დაფიქსირდა, საოკუპაციო ხაზის  სიგრძემ კი დაახლოებით 4 კმ შეადგინა.

შემდეგ იყო გორის რაიონის სოფელი გუგუტიაანთკარი, სადაც თებერვალში 143 მეტრამდე სიგრძის მავთულხლართები და ღობეები დაინსტალირდა.

გორის შემდეგ ჯერი ქარელის რაიონის სოფლებზე მიდგა და დვანის, თამარაშენისა და ატოცის მონაკვეთებზე ფრაგმენტულად დაახლოებით 6-8 კმ სიგრძის მავთულხლართები დაინსტალირდა. მცოცავი ოკუპაცია 26 მაისს, გორის რაიონის სოფელ დიცში, 1.5 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართების დაინსტალირებით გაგრძელდა.

2013

წელს, მაისი-დეკემბრის მონაკვეთში, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში, ავლევსა და ცერონისში დაახლოებით 3 კმ-მდე სიგრძი მავთულხლართები გაევლო. ამავე წელს ე.წ. ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც გაზაფხულსა და დეკემბერში დაახლოებით 1.3 კმ სიგრძის მავთულხლართები დამონტაჟდა.

ე.წ. საზღვრის გავლების შემთხვევები აგვისტოშიც დაფიქსირდა. ჯერ ქარელის რაიონის სოფელ დირბში, სადაც 200 მეტრის სიგრძის მავთულხლართი დაინსტალირდა, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, სადაც 700 მეტრის სიგრძის ღობე გაევლო.

19

სექტემბერს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში დაახლოებით 3 კმ-მდე სიგრძის ღობეები დაინსტალირდა. მოგვიანებით კი აღნიშნული ღობეები გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითისა და ზემო ნიქოზის ღობეებს შეუერთდა, რომლის საერთო სიგრძემ დაახლოებით 12 კმ შეადგინა.  ამავე წლის ნოემბრის თვეში გორის რაიონის სოფელი დიციდან (შეგახსენებთ, აქ პროცესი 26 მაისს 1.5 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართების გავლებით დაიწყო) დასავლეთის მიმართულებით, სოფელ ერგნეთამდე დაინსტალირებული ღობეების სიგრძემ დაახლოებით 5 კმ შეადგინა. ამავე თვეში, 24 ნოემბრიდან, ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში ღობეების ინსტალაციის ახალი ტალღა დაიწყო. პროცესი  მომდევნო წლის 7 თებერვლიდან განახლდა და ახლადდამონტაჟებული მავთუხლართების სიგრძემ მთლიანობაში დაახლოებით 600 მეტრი შეადგინა.

2013

წელს საოკუპაციო ხაზის გავლება უკანასკნელად უკვე დეკებრის თვეში, რამდენჯერმე დაფიქსირდა. 18 დეკემბერს ორ სხვადასხვა ადგილას, ერთი მხრივ ქარელის რაიონის სოფელ კოდაში და ოკუპირებულ წნელისში დაახლოებით 2 კმ სიგრძის, მეორე მხრივ კი ქარელის რაიონის სოფელ დვანში დაახლოებით 373 მეტრი სიგრძის ღობეები დაინსტალირდა.  ამავე თვეში კასპის რაინის სოფელ საკორინთლოში დაახლოებით 600 მეტრი სიგრძის ღობეები,  სოფელ თვაურებსა და ოკუპირებულ ახმაჯის ტერიტორიებზე კი დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის მავთუხლართები დაინსტალირდა.

  2014 წელი 2014

წელს ბორდერიზაციის პროცესი შედარებით შენელდა. ამ წლის ივნისში გორის რაიონის სოფელ ქერესა და ოკუპირებულ სოფელ ოტრევში დაახლოებით 500 მეტრი სიგრძის მავთუხლართი გაივლო.

  2015 წელი 2015 წლის 10 ივლისს, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის (E60) სიახლოვეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაინსტალირდა. აღნიშნული ბანერი თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალთან 350 მეტრშია დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის მიღმა ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტიც მოექცა. 2015 წელს, კერძოდ 10-12 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და სოფელ ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაინსტალირდა.

2016 წელი

გასული წლის 6 ივნისს, ქარელის რაიონის სოფელი ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათეს სავარგულებზე 2 ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დამონტაჟდა.

2017 წელი 14

ივნისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაინსტალირდა. ამავე თვეში, 19 ივნისს, კიდევ 2 ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზეც დამონტაჟდა. ასევე, 19 ივნისს დაინსტალირდა 3 უკანონო ბანერი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც ე.წ. საზღვარმა 700 მეტრით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიწია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ 10 ჰა მიწის ნაკვეთი მოექცა. 2017 წელს კიდევ ერთი შემთხვევა ივნისის ბოლოს, ისევ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დაფიქსირდა, სადაც 2 ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაინსტალირდა.

მიმდინარე წლის 11 ივლისს  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: კნოლევში, ცერონისსა და ავლევში ე.წ. საზღვარი ხნულების გავლებით მონიშნეს.

საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები წინა წლებშიც დაფიქსირდა, ამჯერად კი ხნულები ძველი ბანერებიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით გაევლო და ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.

საოკუპაციო ხნულების გავლება ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ, 21 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში დაფიქსირდა. ხნული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან, მდინარე თოთრლას გასწვრივ გაევლო და ხნულის მიღმა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის აღმნიშვნელი ბანერიც მოხვდა. საბოლოოდ, დღევანდელი სამწუხარო რეალობა ასეთია: 350 კმ-ზე მეტი სიგრძის საოკუპაციო ხაზი, დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები, მთავარ მაგისტრალამადე დარჩენილი დაახლოებით 350 მეტრი, ე.წ. საზღვრის მიღმა მოხვედრილი ბაქო-სუფსას მილსადენი და ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრება. ოკუპაცია ისევ გრძელდება, რუსეთი კვლავ უხეშად ხელყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და საქართველოს სუვერენიტეტს.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი