რეზიუმე: 2008
წლის 25 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებულია, აგრეთვე, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს მხრიდანაც. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ორი: არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა აქვს. არაღიარების პოლიტიკა, გულისხმობს, ყველა შესაძლო დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებას, რათა ქვეყნების მხრიდან არ მოხდეს აფხაზეთის და ცხინვალის ცნობა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
არაღიარების პოლიტიკის წარმატების მაგალითია ტუვალუსა და ვანუატუს შემთხვევა, ამ ქვეყნებმა 2011 წელს აღიარეს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, თუმცა, 2013 და 2014 წლებში, მას შემდეგ რაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, აღიარება უკან წაიღეს. მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერაც, რომელმაც დეკლარირებულად გადაწყვიტა, რომ არ დაეხმარებოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.
დღეისათვის, მსოფლიოს დაახლოებით 195 სახელმწიფოდან, ოკუპირებული რეგიონები აღიარებული აქვს მხოლოდ 4 ქვეყანას. მათ შორის, მთავარი „ამღიარებელი“ რუსეთის ფედერაციაა. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს აღიარების პოლიტიკა ჩაუვარდა.
ანალიზი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებისას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ ოკუპანტის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა:
„აღიარების პოლიტიკა რუსეთს, ფაქტობრივად, ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და, ასე ვთქვათ, გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით".
რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის 25 აგვისტოს, მას შემდეგ რაც საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოვა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა. მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ასევე, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, მოგვიანებით, 2013 წელს ვანუატუმ, ხოლო 2014 წელს ტუვალუმ, აღიარება უკან წაიღეს და ოკუპირებული რეგიონები, კვლავ, საქართველოს შემადგენლობაში ცნეს. დღეისათვის, მსოფლიოს დაახლოებით 195სახელმწიფოდან, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მხოლოდ, 4 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათგან „მთავარი ამღიარებელი“ ჩრდილოელი მეზობელია.
საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ორი ძირითადი: არაღიარების და ჩართულობისპოლიტიკა აქვს.
არაღიარების პოლიტიკა გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების წარმოებას, ყველა მშვიდობიანი, სახელმწიფოთაშორისი მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, ლობიზმის გაძლიერებას, რათა სხვა ქვეყნების მხრიდან არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. არაღიარების პოლიტიკის შედეგად, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ზემოთხსენებული ტუვალუს და ვანუატუს აღიარების უკან წაღება. მას შემდეგ რაც, ამ ორ ქვეყანასთან საქართველომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა, მათ უარი თქვეს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად ცნობაზე.
არაღიარების პოლიტიკის მიღწევად და ძლიერ მხარდაჭერად მიიჩნევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 2017 წლის 5 მაისს მიღებული კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი,რომელშიც ჩაიწერა, რომ ამერიკის დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობები, რომლებმაც აღიარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ან/და დაამყარეს მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს ჩანაწერი, ერთი მხრივ სერიოზულ დარტყმას აყენებდა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალი, ხოლო მეორე მხრივ, იყო სამომავლო პრევენცია - მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არ შეეგუებოდა საქართველოსთვის წართმეული რეგიონების აღიარებას.
აღსანიშნავია ჩართულობის პოლიტიკაც, სახელმწიფოს ჩართულობის სტრატეგიის გეგმის დოკუმენტში ვკითხულობთ: „სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული დეოკუპაცია, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიების და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში“. ამ მიზნის მისაღწევად, სამოქმედო გეგმის ოთხი განზომილებისთვის (ჰუმანიტარული, ადამიანური, სოციალური და ეკონომიკური), კონკრეტული, გაწერილი ინსტრუმენტები არსებობს. მნიშვნელოვანია, ასევე, შერიგების სამინისტროს მიერ 2018 წელს მიღებული ახალი, გრძელვადიანი, უფრო დეტალური გეგმა ოკუპირებული ტერიტორიებისადმი: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - სამშვიდობო ინიციატივა“.