22 ივლისს Facebook-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასავლეთ ავსტრალიის შტატის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის სქრინი და მისამართია მოცემული. პოსტის ავტორის თანახმად, ავსტრალიის მთავრობა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით “შოკისმომგვრელ ინფორმაციას” ავრცელებს. პოსტში აღნიშნულია, რომ თითქოს მთავრობა კოვიდვაქცინებს პირდაპირ შხამს უწოდებს. აღნიშნულ პოსტს Facebook-ანგარიში „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებიც“ აზიარებდა, თუმცა, ამჟამად, პოსტი აღარ იძებნება.
ზემოთ წარმოდგენილ ფოტომასალაში ასახულია იმ იურიდიული დოკუმენტის სქრინი, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის შტატის მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ადმინისტრირების უფლებას აძლევს. დოკუმენტის სათაური შემდეგია: „საყოველთაო ჯანდაცვის აქტი 2016 (WA) - ავტორიზაციის ინსტრუმენტი - შხამის ადმინისტრირებისა და მიწოდების ავტორიზაცია [SARS-COV-2-ის (COVID-19) ვაქცინა - ავსტრალიის თავდაცვის ძალები] (No2) 2021“. სწორედ სათაურში ნახსენები სიტყვა „შხამი“ გახდა მანიპულაციის საგანი, თითქოს ავსტრალიის მთავრობა ხალხს იმ ვაქცინით ცრის, რომელსაც თვითონვე შხამს უწოდებს.
სინამდვილეში, იურიდიულ დოკუმენტებში გარკვეულ ტერმინებსა და სიტყვებს შესაძლოა, ხშირად კონკრეტული, კონტექსტუალური მნიშვნელობა გააჩნდეს, რაც შესაძლოა, ამ სიტყვის ყოველდღიური, ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობისგან მეტნაკლებად განსხვავდებოდეს. სწორედ ასეთი სიტყვების ნუსხას მიეკუთვნება სიტყვა „poison“. სიტყვა „poison“ ითარგმნება, როგორც „შხამი“ და სოციალური ლექსიკონის მიხედვით, იმ ნივთიერებას გულისხმობს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ავადმყოფობას ან სიკვდილს იწვევს. თუმცა, ავსტრალიურ კანონმდებლობაში გამოყენებული სიტყვა „poison“-ის (შხამი) შინაარსი და განმარტება მისი ტიპური მნიშვნელობისაგან განსხვავდება. დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის სამედიცინო სამართლის სპეციალისტის, მარკო რიცის განმარტებით, „შხამი არის ზოგადი ტერმინი და ის სამედიცინო სამართალში იმ წამლების ზოგად აღმნიშვნელად გამოიყენება, რომლებიც გაიცემა როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ“.
მაგალითად, იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე სიტყვა „assault“-ის (თავდასხმა) გამოყენებისას. კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, „assault“ ძალადობრივ თავდასხმას ნიშნავს. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სისხლის სამართლის 1988 წლის აქტში „assault“ ნებისმიერ ქმედებას აღნიშნავს, რომლის დროსაც პირი სხვას განზრახ ან გაუთვითცნობიერებლად აყენებს ზიანს ან შეურაცხყოფას. ამრიგად, „assault“-ის იურიდიული მნიშვნელობა მისი ყოველდღიურად გამოყენებადი/ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობისგან განსხვავდება.
დასავლეთ ავსტრალიის მთავრობის მიერ შემუშავებულ იურიდიულ დოკუმენტში გამოყენებული სიტყვა „poison“ (შხამი) „მედიკამენტებისა და შხამების 2014 წლის აქტის“ შესაბამის განმარტებას ექვემდებარება. აქტის მიხედვით, კონკრეტული ნივთიერებები 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 დონის შხამებს მიეკუთვნება. მაგალითად, მედიკამენტი პარაცეტამოლი, რომელსაც არ სჭირდება რეცეპტი, მე-2 დონის შხამებში შედის, ხოლო ფართო მოხმარებისთვის აკრძალული ნივთიერება ჰეროინი - მე-9 დონის შხამებს განეკუთვნება. რაც შეეხება, კორონავირუსის ვაქცინას, ის იდენტიფიცირებულია, როგორც მე-4 დონის შხამი. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ადმინისტრირება და ფართო მოხმარება მხოლოდ პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ უნდა მოხდეს. ვაქცინის ყიდვა ადგილობრივ აფთიაქში და მისი თვითნებურად გაკეთება ინდივიდს არ შეუძლია.
აქედან გამომდინარე, დასავლეთ ავსტრალიის მთავრობა იურიდიულ დოკუმენტში სიტყვა “poison”- ს (შხამი) იყენებს მისი იურიდიული და არა ზოგადი განმარტების შესაბამისად. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ტერმინ „poison“- ში (შხამი) მედიკამენტები და სამკურნალო ნივთიერებები იგულისხმება და არა ის, რომ თითქოს, კოვიდვაქცინა „შხამივით საზიანოა“.
------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.