2018 წლის 20 აპრილს თბილის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეც იმყოფებოდა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკა ყოველგვარ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობდა, რომელიც საღამოს რვა საათის მერე იწყება და დილამდე გრძელდება.
პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის - ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა. პროექტის მიზანი, დასახელებული სექტორების კოორდინირებული მუშაობის და სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება და თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება იყო.
პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგ - 2020 წლის 25 თებერვალს, სერგი გვარჯალაძემ მერიაში ღამის ეკონომიკის განვითარების ახალი კონცეფცია წარადგინა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მაშინ გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში საავტობუსო მარშრუტი შემუშავდა და ღამის ავტობუსი #222 დაინიშნა, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, ქალაქში აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დისკუსია გაიმართა, მომზადდა ჰაკათონების, ტრენინგების და ვორქშოფების ტიპის ახალი სერია, რომელსაც „ღამის ლაბორატორია“ დაერქვა, ჩატარდა Business to Business (B2B) შეხვედრა, რომელშიც 25 ქართული კომპანია და 5 საერთაშორისო საფესტივალო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც იდეების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობაზე შეთანხმება მოხდა.
ჩვენ თბილისის მერიიდან ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა გამოვითხოვეთ. მათი ინფორმაციით, წელიწადნახევრის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:
• ქუჩის მუსიკოსთა ფესტივალი,
• საერთაშორისო ფორუმი,
• ჰაკათონი,
• NeWon ფესტივალი.
ჩამოთვლის აქტივობებში ჯამში 300000-350000 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საბიუჯეტო სახსრებს არ წარმოადგენდა და კერძო სექტორის და სპონსორების მიერ დაფინანსდა.
რაც შეეხება საბიუჯეტო თანხებს, მერიისვე ინფორმაციით, 2019 წლის მარტში Night Lab ჰაკათონი ჩატარდა, სადაც კრეატიული ადამიანები შეიკრიბნენ და პროდუქტების და ბიზნეს იდეების გენერირება მოახდინეს. აღნიშნულ ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ, ჯამში 6000 ლარის ოდენობით.
ასევე, პროექტის მიმდინარეობის პროცესში რამდენიმე საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნა, მათ შორის:
• თბილისის ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდი -www.facebook.com/TbilisiNightEconomy/
• Night Lab-ის ფეისბუქ გვერდი - www.facebook.com/NightLabTbilisi
• ფესტივალ NEWON ვებგვერდი - newonfestival.com
• ღამის ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმის ვებგვერდი forum.tbilisi.gov.ge
რაც შეეხება პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებას, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, პროექტში მხოლოდ ერთი ადამიანი (შესაბამისად, სერგი გვარჯალაძე) იყი დასაქმებული. ოქტომბრიდან დასაქმებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა და შრომის ანაზღაურებამ (აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით) ჯამში 67 916 ლარი შეადგინა, საიდანაც სერგი გვარჯალაძის წლიური სარგო 51 460 ლარი იყო. 2019 წელს პროექტში უკვე ხუთი ადამიანი იყო დასაქმებული და მათ შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 133 182 ლარი დაიხარჯა. სერგი გვარჯალაძის წლიურმა შრომის ანაზღაურებამ 62 700 ლარი შეადგინა. ჯამში 2018-2019 წლებში ღამის ეკონომიკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 201 098 ლარი დაიხარჯა.
2020 წლის აგვისტოს ბოლოს ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, გვარჯალაძემ შეასრულა ის სამუშაოები, რაც სხვადასხვა კვლევის მომზადებასა და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობდა. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნულის განხორციელება ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეასრულებდა ღამის ეკონომიკის მენეჯერის მოვალეობას, მათ განმარტეს, რომ კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციას კულტურის სამსახური შეითავსებდა.
სულ რამდენიმე დღის წინ კი მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ სერგი გვარჯალაძის მიერ 2.5 წელიწადში შემუშავებული ღამის ეკონომიკის სტრატეგია არარელევანტურია. „ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომელიც გაკეთდა, გახდა არარელევანტური, რადგან პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. სტრატეგიაში იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა, მეტი ტურისტების ჩამოყვანა, თუმცა დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ სექტორი ბოლომდე არც გაიხსნა, შესაბამისად, არარელევანტურია ის აქტივობები, რაც ნავარაუდევი იყო და ჩვენი ფოკუსი გადმოვიდა იმაზე, როგორ დავეხმაროთ მათ. მაგალითად, აქტიურად ვეხმარებით რეგულაციების შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ღამის ეკონომიკის პროექტი ისე დასრულდა, რომ პროექტის ძირითადი მიზნების მისაღწევად (სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება და ა.შ.) არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა არ განხორციელებულა. აღნიშნულის მიზეზად, პანდემია დასახელდა. თუმცა პროექტი პანდემიამდე, თითქმის ორი წლით ადრე დაიწყო.
ღამის ეკონომიკის პროექტის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ღამის #222 ავტობუსის დანიშვნა იყო, აღნიშნული რეისიც წარმატებული ვერ გამოდგა, რადგან მგზავრთა ღამური რაოდენობა 40-60 ადამიანს არ აღემატებოდა. ღამის ეკონომიკის სტრატეგია პროექტის პრეზენტაციიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნა შემუშავებული, რომლის წარდგენიდან 6 თვეში პროექტი დაიხურა და სტრატეგია მერიის მიერ „არარელევანტურად“ გამოცხადდა. „არარელევანტური“ სტრატეგიის მომზადება კი ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.