ხატია დეკანოიძე: 2021 წელს მიკრო და მცირე გრანტებისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 6-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. 2015 წლიდან პროგრამას მიკრო და მცირე გრანტების ქვეპროგრამა დაემატა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესი გარკვეული რაოდენობის გრანტს მიიღებდა. თავდაპირველად, გრანტის მოცულობა 1 ბენეფიციარზე 5000 ლარამდე განისაზღვა, შემდგომში კი ჯერ 20 ათასამდე, ხოლო უკვე 2020 წელს 30 ათასს ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ის, რომ 2020 წელს აღნიშნული ქვეპროგრამისთვის სახელწიფოს 2.5 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, ხოლო 2021 წელს ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და 15 მილიონი ლარი გახდა.
ანალიზი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელს ფეისბუქსზე განაცხადა:
„მიკრო და მცირე გრანტები, რომელის გამოცხადებაც ემთხვევა არჩევნებს და სადაც შეინიშნება კორუფციული ნიშნები, ხშირ შემთხევაში, გრანტებს იგებენ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანები, საარჩევნო შტაბის ოჯახის წევრები ან ადგილობრივი ჩინოვნიკების ნათესავები. 2021 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 6-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით”.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად პროგრამა ინდუსტრიული მიმართულებით არსებული ბიზნესისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ითვალისწინებდა, თუმცა წლების მანძილზე სააგენტოს არაერთი ქვეპროგრამა დაემატა, როგორიცაა მიკრო და მცირე გრანტები, გადაიღე საქართველოში, სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმი და ა.შ
უშუალოდ მიკრო და მცირე გრანტების ქვეპროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა. ქვეპროგრამა რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად ერთ ბენეფიციარზე 5 ათასს ლარამდე გრანტი გაიცემოდა და მაქსიმუმ 3 ბენეფიციარს შეეძლო გაერთიანება. 2018 წლიდან გაერთიანების მექანიზმი ამოვარდა, თუმცა გრანტის მოცულობა 20 ათასს ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს გრანტის მოცულობა 1 ბენეფიციარზე 30 ათასი ლარი გახდა. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ბენეფიციარი ვალდებულია, რომ თანადაფინანსება 5-10% (დამოკიდებულია რეგიონზე) ბიზნესის საწარმოებლად თავად გაიღოს.
საერთო ჯამში, 2015 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 6215 გრანტია გაცემული, ხოლო თანადაფინანსების სახით - 61 მილიონ ლარზე მეტი.
2021 წლის ბიუჯეტის ცვლილების მიხედვით, [1] ამ პროგრამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმილ თანხას (2.534 მლნ ლარი) თითქმის 6-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრო და მცირე გრანტების ბოლო ორი გამოცხადებული კონკურსი საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდებს ემთხვევა.
2020 წლის 11 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ დეტალური კვლევა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი პროგრამის, ბენეფიციარების დიდი ნაწილი, მმართველ ძალასთან დაკავშირებული, დამფინანსებელი ანდაც მმართველი ძალის წევრი ბიზნესმენები გახლდნენ. რაც შეეხება მოცემულ პროგრამას, სავარაუდო კორუფციულ თუ პარტიულ კავშირებთან დაკავშირებით რელევანტური კვლევა ვერ მოვიძიეთ და, შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მოკლებულია შესაძლებლობას ხატია დეკანოიძის განცხადების ეს ნაწილი შეაფასოს. აქედან გამომდინარე, ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და საარჩევნო პერიოდს ემთხვევა, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით არის მეტწილად სიმართლე.
[1] მიკრო და მცირე გრანტები კოდი ბიუჯეტში: 24.07.03.02
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევა „აწარმოე საქართველოსთან“ დაკავშირებით.