დეზინფორმაცია: კასპში სინოფარმით აცრის შემდეგ 2 პიროვნება გარდაიცვალა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებელი Katya Sichinava სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. 24 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში ხატია სიჭინავა ამტკიცებს, რომ კასპში სინოფარმის ვაქცინის გაკეთებიდან მე-5 დღეს 2 პიროვნება გარდაიცვალა. თანდართული ფოტომასალის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი კასპის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძეა, მეორე კი მისი თანამშრომელი. პოსტში ასევე მოცემულია მიმოწერის სქრინი, სადაც Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ „56 წლის მამა“ აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა. აღნიშნული პიროვნების სახელი და გვარი პოსტში არ არის მოცემული.
პოსტის აღწერის და მიმოწერის სქრინების მიხედვით, კასპში ორი პიროვნების გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინასთან, კერძოდ კი სინოფარმთან არის დაკავშირებული. თუმცა რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცი არის ყალბი ამბავი.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა, გარდაცვლილის ახლობლები ტყუილს უწოდებენ. გამოცემა „ბათუმელებთან” (batumelebi.netgazeti.ge) ოლია მახარაძის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მან აცრა 6 ივლისს გაიკეთა. მათი თქმით, ოლია მახარაძის გარდაცვალებასთან ვაქცინაცია არაფერ შუაშია. „სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია“.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს, კასპში 56 წლის მამაკაცი სინოფარმით აცრის შედეგად გარდაიცვალა, ასევე ყალბი ამბავია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) „ფაქტ-მეტრს“ განუცხადა, რომ სინოფარმით ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
--------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.