Facebook-ზე საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ყალბი ფოტომასალა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 19 ივლისს ქართულენოვან Facebook-ზე ფოტოსურათი გავრცელდა, რომელზეც პარიზის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილი ასიათასობით ადამიანია გამოსახული. სხვადასხვა Facebook-გვერდის (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) მიერ გავრცელებულ ფოტოსურათებს თან იდენტური აღწერა ერთვის, რომლის მიხედვითაც სურათზე საფრანგეთში მიმდინარე „კოვიდფაშიზმისა“ და აცრების წინააღმდეგ გამართული აქციაა აღბეჭდილი.

სურათის გამავრცელებლები ამტკიცებდნენ, რომ სურათი 2021 წლის 17 ივლისით თარიღდება და მასზე საფრანგეთში მიმდინარე აცრების საწინააღმდეგო აქციაა გამოსახული. პარალელურად კი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, თავადაც გამოსულიყვნენ გარეთ და „კოვიდფაშიზმი“ და „კორონა-ტერორი“ გაეპროტესტებინათ.

სინამდვილეში, გავრცელებულ ფოტოსურათს არაფერი აქვს საერთო საფრანგეთში 2021 წლის 17 ივლის გამართულ საპროტესტო გამოსვლებთან და ის რეალურად, 2018 წელს საფრანგეთის მიერ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 15 ივლისს, გამარჯვების აღსანიშნავად პარიზის ქუჩებში გამართულ გულშემატკივრების სახალხო ზეიმს ასახავს. სურათზე საავტორო უფლებები საინფორმაციო სააგენტო AFP-ის (Agence France-Presse) ეკუთვნის და ის არაერთ ფრანგულ თუ უცხოენოვან ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.