ანდრია ბასილაია : დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი კერა არის მტვერი, ბოლო წლებში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში მნიშვნელოვნად შემცირებულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, რომლის ფარგლებში 2017-2020 წლებში დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონაცემების შესწავლა განხორციელდა, თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხი - 2017 წელთან შედარებით, 2020 წელს გაუმჯობესებულია. ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის პრობლემურ დამაბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს. სხვა მავნე ნივთიერებები, მათ შორის ტყვია, ნორმის ფარგლებშია ან მკვეთრად დაბალია ნორმაზე. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება სწორედ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შემცირებამ განაპირობა. აღნიშნული კი, როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული დამტვერიანების წყაროების შემცირებით არის გამოწვეული. ანთროპოგენული დაბინძურების წყაროების შემცირებაში გარკვეული წვლილი თბილისის მერიის მიერ შემოღებულმა სამშენებლო რეგულაციებმაც შეიტანა. თუმცა დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაღალი კონცენტრაცია თბილისის უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. მართალია განცხადებაში, მერის მოადგილე აქცენტს ატმოსფერულ ჰაერში მხოლოდ მყარი ნაწილაკების შემცირებაზე აკეთებს, მაგრამ კონტექსტი თბილისის ატმოსფერული ჰაერის ზოგად ხარისხს მოიაზრებს. შესაბამისად, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის ჰაერის დაბინძურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:„პირველივე დღიდან თვალი გავუსწორეთ იმ რეალობას, რაც არის დაბინძურებული ჰაერი და მიზანმიმართულად შევუდექით ამ პრობლემის მოგვარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბინძურების კერა დედაქალაქში არის მტვერი და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში და ძირითადი დამაბინძურებლები (PM10 და PM2.5) არის მნიშვნელოვნად დაკლებული. ბოლო წელს ამ კომპონენტის გადაჭარბება არ ფიქსირდება“.
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. ატმოსფერული ხარისხი მონიტორინგი ყოველდღიურად ოთხი სტაციონალური და ერთი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის მიზანი თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იყო. დოკუმენტი ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებდა: ავტოტრანსპორტის სექტორი, სამშენებლო სექტორი, ქალაქის მწვანე საფარი, ჰაერის ხარისხის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სხვა უმსხვილესი ქალაქების მსგავსად, ქალაქ თბილისშიც ატმოსფერული ჰაერის პრობლემურ დამაბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს. სხვა მავნე ნივთიერებები, მათ შორის ტყვია, ნორმის ფარგლებშია ან მკვეთრად დაბალია ნორმაზე.
„ქალაქ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, მყარი ნაწილაკები ( PM10, PM 2.5) დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. აღნიშნულ დამაბინძურებლებთან მიმართებით თბილისის ჰაერის ხარისხი 2017 წელთან შედარებით, 2020 წელს გაუმჯობესებულია. გრაფიკ 1-ზე და გრაფიკ 2-ზე მოყვანილია თბილისში მოქმედი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამი ატმოსფერული სადგურის შედეგები (2017, 2020 წლებში), სადაც მყარი ნაწილაკების წლიური კონცენტრაცია მათთვის დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს არის შედარებული.
გრაფიკი 1: PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო
გრაფიკი2: PM2.5-ის საშუალოწლიური კონტენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში
წყარო:გარემოს ეროვნული სააგენტო
როგორც გრაფიკებიდან ჩანს, ყველა სადგურზე ორივე ფრაქციის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, თუ 2017 წელს PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია წერეთლის გამზირზე დადგენილ ნორმაზე (25 მკგ/მ 3) მნიშვნელოვნად (თითქმის 50%-ით) მაღალი იყო, ყაზბეგის გამზირზე ზღვარს სცდებოდა, ხოლო ვარკეთილში ზღვართან მაქსიმალურად ახლოს იყო, 2020 წლის მონაცემებით, სამივე, სადგურზე, აღნიშნული სიდიდე ნორმას აღარ აჭარბებს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, PM2.5-თან დაკავშირებითაც მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა. სამივე სადგურზე დაბინძურების დონემ იკლო. თუკი 2017 წელს ეს სიდიდე იმდროინდელ ნორმას (25 მკგ/მ 3) წერეთლის გამზირზე აჭარბებდა, 2020 წელს არცერთ სადგურზე გამკაცრებული ნორმის (20 მკგ/მ 3) გადაჭარბება არ ფიქსირდება.
ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მყარი ნაწილაკების გაფრქვევის წყაროები ბუნებრივ და ანთროპოგენულ წყაროებად იყოფა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, თბილისის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10-PM2.5) შემცირება ორივე ამ ტიპის წყაროების შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, ბუნებრივი წყაროებიდან შემცირდა როგორც ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრა, ისე ღია გრუნტიდან ამტვერება. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის გარედან, კერძოდ, საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და და შუა აზიის უდაბნოებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მტვრის მასების შემოჭრა საკმაოდ ხშირ ხასიათს ატარებს, ამ მოვლენას 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაცილებით იშვიათი სახე ჰქონდა. მაგალითისთვის, თუ 2017 წელს წერეთლის გამზირზე უდაბნოს მტვრის შემოჭრის გამო PM10-ის დღიური ნორმის გადაჭარბება 78-ჯერ დაფიქსირდა, იგივე მაჩვენებელმა 2020 წელს 27-მდე დაიწია, კიდევ ერთი ბუნებრივი წყაროდან - ღია გრუნტიდან მყარი ნაწილაკების გავრცელების მასშტაბის შემცირება, დედაქალაში გაზონების მოვლა-პატრონობის, მულჩირების თუ სხვა საშუალებებით მიწის ზედაპირების დაფარვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით, იქნა უზრუნველყოფილი.
დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი ანთროპოგენული წყარო თბილისში მიმდინარე მშენებლობებია, რა დროსაც ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევა ხდება. ამ მიმართულებითაც დედაქალქის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, გამკაცრდა სამშენებლო რეგულაციები, რაც შემდეგ მოთხოვნებს მოიცავს: ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისთვის სანქციის დაწესება, მშენებარე კონსტრუქციის ამტვერებადი მასალის შეფუთვის ვალდებულება, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდით დამუშავება. შესაბამისი ცვლილებები (მუხლი 1191, მუხლი1526) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2019 წლის 30 მაისს შევიდა, დასახელებული დებულებების უმეტესი ნაწილი 2019 წლის ზაფხულიდან, ნაწილი კი 2020 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.
მყარ ნაწილაკებთან ერთად დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდია (NO2), რომლის გარკვეული რაოდენობა ჰაერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის წვის შედეგად (განსაკუთრებით დიზელის) წარმოქნილი გამონაბოლქვიდან ხვდება.
განხილული ანგარიშის მიხედვით, 2017-2020 წლის ინდიკატორული გაზომვების შედეგებით, აზოტის დიოქსიდით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. „აღნიშნულ პერიოდში, თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა ავტოპარკის ყოველწლიურად საშუალოდ 5%-იანი ზრდის პირობებში, მაინც მცირედით გაუმჯობესებული მონაცემები ფიქსირდება. კერძოდ, 2017 წელს აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდიკატორული დაკვირვების 21-დან 17 პუნქტზე ზღვრულ ნორმას, 2018 წელს 21-დან 16 პუნქტზე, 219 წელს 25-დან 13, 2020 წელს კი 25-დან 12 პუნქტზე, აღემატებოდა“,- აღნიშნულია კვლევაში.
განხილული მასალიდან გამომდინარე, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია 2017 წელთან შედარებით მართლაც შემცირებულია, რაც როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული დამტვერიანების წყაროების შემცირებით არის განპირობებული. ანთროპოგენული დაბინძურების წყაროების შემცირებაში გარკვეული როლი თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებულმა სამშენებლო რეგულაციებმაც შეიტანა. თუმცა დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაღალი კონცენტრაცია თბილისის უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. მართალია განცხადებაში, მერის მოადგილე აქცენტს ატმოსფერულ ჰაერში მხოლოდ მყარი ნაწილაკების შემცირებაზე აკეთებს, მაგრამ კონტექსტი თბილისის ატმოსფერული ჰაერის ზოგად ხარისხს მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.