გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 15%-ით გაიზარდა
ივნისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 214.5 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 4.3%-ით (8.9 ლარით), ხოლო წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 15%-ით (27.9 ლარით) არის გაზრდილი.
საარსებო მინიმუმის ზრდა სამომხმარებლო ფასების ზრდასთან (ინფლაციასთან) არის დაკავშირებული. 2021 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმუმი აჩვენებს, რამდენად გაძვირდა ცხოვრება.
გრაფიკი 1: საარსებო მინიმუმი 2019-2021 წლებში (ლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?
საქსტატი საარსებო მინიმუმს, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა, რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.
მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“ იყოფა. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს.
საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.
საარსებო მინიმუმის მხოლოდ სასურსათო კალათის მიხედვით დაანგარიშება და ხარჯების ამგვარი გადანაწილება (სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%) რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. არასასურსათო ხარჯებში შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯები. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, შინამეურნეობის მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში სასურსათო ხარჯების წილი მხოლოდ 42% იყო.
ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად, ის გაცილებით მაღალია. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და საარსებო მინიმუმის ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს.