სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარის ყალბი ციტატა ვრცელდება
2021 წლის 17 ივლისს, Facebook-მომხარებელმა გიორგი გულიკაშვილმა სოციალურ ქსელში, „თბილისი პრაიდის“ დირექტორის, გიორგი თაბაგარის ფოტო და ციტატა გაავრცელა. ფოტოს თანახმად, თაბაგარი ამბობს: „ჩვენი დროც მოვა და აქედანვე ვდებ პირობას „სტალინურ რეპრესიებს“ მოგანატრებთ, ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლა ძვირად დაგიჯდებათ რუსეთის ინტერესების გამტარებლებო“. აღნიშნული ციტატა ყალბია და ის გიორგი თაბაგარს არ ეკუთვნის.
ღია წყაროებში, თაბაგარის მსგავსი ციტატა არ იძებნება. ციტატის ნამდვილობა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში უარყო თავად „თბილის პრაიდის“ დირექტორმა, გიორგი თაბაგარმაც.
აღსანიშნავია, რომ თაბაგარის ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელებულა და მას სხვადასხვა Facebook-მომხმარებელი თუ გვერდი პერიოდულად თავიდან აზიარებს და აქვეყნებს. პოსტის ორიგინალი ვერსია 2019 წლის 7 ივნისს სტრიჟაკი ლია-მ გაავრცელა.
კონკრეტული ამბავი ერთი თვის წინ, 2021 წლის 9 ივნისს Facebook-გვერდმა „სამყარო სამყარომაც“ გამოაქვეყნა, რომელიც ამჟამად წაშლილია. გიორგი თაბაგარმა „მითების დეტექტორთან“ საუბარში, მაშინაც განაცხადა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნოდა: „ბევრმა ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მართლა მეთქვა ასეთი რამ და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება... რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ მითქვამს. მთლიანად შეთხზული წინადადება არის. არც ერთ კონტექსტში, არც ერთ სივრცეში მსგავსი რამ არ მითქვამს”.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია და ის „თბილისი პრაიდის“ და „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, გიორგი თაბაგარისა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.