ლევან იოსელიანი: დასაქმების შესახებ კანონმა რა შეცვალა? ბოლო 3 წლის მანძილზე უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან იოსელიანის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: საქართველოში, პანდემიის პერიოდში (2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში) უმუშევრობის დონე გაიზრდა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 21.9% შეადგინა. ლევან იოსელიანი განცხადებისას სწორედ 2020 წლის და მიმდინარე წლის პირველ კვარტლის მაჩვენებლებზე მიუთითებს, რაც რა თქმა უნდა, 3-წლიან პერიოდს არ მოიცავს.
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ივლისში მიიღო. 2020 წლის და მიმდინარე წლის I კვარტლის უმუშევრობის დონის მაჩვენებლებით კანონის ეფექტიანობის შეფასება მანიპულირებაა, რადგან უმუშევრობის დონის ზრდა პანდემიასთან და მასთან დაკავშირებულ მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებთან პირდაპირ კავშირშია. კანონის ეფექტიანობა შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში შეფასდეს და არა პანდემიის პირობებში, როდესაც სამუშაო ადგილების დაკარგვა გლობალური გამოწვევაა.
ანალიზი
25 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა: „დასაქმების შესახებ კანონმა, რომელიც 2020 წელს არის მიღებული, რა შეცვალა? სტატისტიკას თუ გადავხედავთ ბოლო 3 წლის მანძილზე უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება, 17.6% იყო 2019 წელს, 18.5% 2020 წელს, წლევანდელი მაჩვენებელი არის 21.9%. რისთვის ვიღებთ კანონებს, თუ ვერანაირ გავლენას ახდენს დასაქმებაზე?“
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ლევან იოსელიანი რეალურად პანდემიის პერიოდში (2020 წელს და 2021 წლის I კვარტალში) დაფიქსირებულ უმუშევრობის დონის ზრდაზე მიუთითებს, რაც ეწინააღმდეგება მისივე მტკიცებას, რომ „3 წლის მანძილზე უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება“.
საქართველოს პარლამენტმა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონი 2020 წლის ივლისში მიიღო. ამ ეტაპზე, უმუშევრობის დონის ცვლილებაზე კანონის გავლენის შეფასება ნაადრევია, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. სამუშაო ადგილების დაკარგვა პანდემიის თანმდევი პროცესი იყო, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით გასული წლის ბოლო კვარტალში და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა. 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონემ 20.4%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.8 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9% შეადგინა. უმუშევრობის დონის აღნიშნული ზრდა პანდემიას და მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.
გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე 2019-2021 წლებში (კვარტალური მაჩვენებლები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში უმუშევრობის დონე [პროცენტული მაჩვენებელი] ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით იყო განპირობებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უმუშევარი მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა. 2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე უმუშევრობის დონე 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში სამუშაო ძალა 102.8 ათასით, დასაქმებულთა რაოდენობა კი 12.6 ათასით შემცირდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).