ფოტომანიპულაცია: პრაიდზე ომის ვეტერანი ატირდა

ვერდიქტი: მანიპულირება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პრაიდის ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა, რომელზეც პრაიდის ერთ-ერთ მონაწილესთან ერთად, თითქოს, ღონისძიების ჩატარების გამო განაწყენებული ომის ვეტერანია ასახული. ფოტოს უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი და წარწერაც ერთვის: „გულსატკენი მომენტია...ამათთვის იბრძოლა ამ კაცმა???“

სინამდვილეში, მასალა დამუშავებულია, ის ორი სხვადასხვა ფოტოს გაერთიანებითაა მიღებული და მიზნად სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

მანიპულაციურად გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული ომის ვეტარანის ფიგურა სულ სხვა სურათიდანაა ამოჭრილი, რომელიც 2007 წელს, სანქტ-პეტერბურგში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროსაა გადაღებული.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში, მოცემულმა ფოტომ დიდი პოპულარობა შეიძინა. კერძოდ, ის ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთი წარწერით გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პირი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო ჯგუფის ბოლო ცოცხალი წევრია და მისი რეაქციაც სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული.

თუმცა, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ საკითხის შესწავლის მიუხედავად, ფოტოზე გამოსახული პირის ზუსტი იდენტობის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული მოსაზრებით, ასაკიდან გამომდინარე, ის, შესაძლოა, ომის ვეტერანი საერთოდ არ იყოს.

რაც შეეხება ფოტოზე აღბეჭდილ პრაიდს, ღონისძიება, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ, აშშ-ში გაიმართა და მას ომის ვეტერანთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

იხ. ფოტო

Facebook-ზე გავრცელებული ფოტო მასალის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ის მანიპულაციურია და სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.