დეზინფორმაცია: ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, 2000 ლარით აჯარიმებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში „თავისუფალი არხი“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოქალაქე ეკა ჩადუნელი ყვება, რომ მისი მეუღლე ასტრაზენეკას ვაქცინამ დააზარალა. კერძოდ, მისი თქმით, „ვაქცინაციის შემდეგ მისმა მეუღლემ კლინიკური სიკვდილი განიცადა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე ძალიან მძიმედ არის“. მისი განცხადებით, მისი მეუღლე ტაქსის მძღოლი იყო და იძულებული გახდა აცრილიყო, რადგან „ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, აჯარიმებენ 2000 ლარით“.

მტკიცება, თითქოს პოლიცია 2000 ლარით აჯარიმებს ტაქსის მძღოლს, რომელსაც არ აქვს სწრაფი ტესტის პასუხი ან არ არის აცრილი, არის მცდარი.

COVID-19-ის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2021 წლის იანვრიდან ტაქსის მძღოლები, ორ კვირაში ერთხელ, სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარნენ. თუმცა, აღნიშნული კონკრეტულ სანქციებს არ ითვალისწინებს. „ფაქტ-მეტრს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ PCR ტესტის პასუხი ან არ არიან ვაქცინირებულები, არ ჯარიმდებიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) აცხადებენ, რომ რისკ-ჯგუფებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს, უტარდებათ PCR ტესტირება, თუმცა ჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. ამასთან, ქვეყანაში არავაქცინირებულ პირებზე არანაირი სახის სანქცია არ მოქმედებს.

„თავისუფალი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ სახელდება იმ პირის ვინაობა [სახელი და გვარი] ვის შესახებაც ეკა ჩადუნელი, როგორც ვაქცინისგან დაზარალებულ პირზე, საუბრობს. შესაბამისად, არის, თუ - არა აღნიშნული პირი ვაქცინირებული, ვაქცინაციის შემდგომ განიცადა, თუ - არა კლინიკური სიკვდილი ან/და აცრის შემდგომ ჯანმრთელობის რა გართულებები ჰქონდა, ვერ გადამოწმდა. აღნიშნული ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. მათი განმარტებით, მსგავსი შემთხვევის შესახებ, რაზეც ვიდეოში არის საუბარი, შეტყობინება მათთან არ შემოსულა. შეგახსენებთ, რომ ყველა კლინიკას, ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ გართულებებზე ინფორმაციის NCDC-ისთვის მიწოდების ვალდებულება აქვს.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი