ირაკლი ღარიბაშვილი: მათ [„პრაიდის“ ორგანიზატორებს] მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: „ღირსების მარში“ 5 ივლისს რუსთაველის მეტროდან, ღია სივრცეში უნდა დაწყებულიყო და გამართულიყო. მას ერთგვარი საპროტესტო აქციის სახე უნდა ჰქონოდა, რამდენადაც მონაწილეები სახელმწიფოსგან ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებასა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას ითხოვენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ლგბტ+ ადამიანები ისედაც წლებია ვერ ახერხებენ ღია სივრცეში თავისუფლად შეკრებასა და პროტესტის დაფიქსირებას, მათთვის სახელმწიფოს მხრიდან, ღონისძიების ჩასატარებლად დახურული სივრცის შეთავაზება, თუნდაც, უსაფრთხოების მიზნით, შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზებას ვერ უზრუნველყოფს.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი
5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილი თუ დაანონსებული ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.
ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილი არაა. მან ასევე განმარტა, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩასატარებლად ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის საშუალება მიეცათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ეგრეთ წოდებული პრაიდის, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადების გადასამოწმებლად „თბილის პრაიდის“ დირექტორს, გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა. როგორც თაბაგარმა განგვიმარტა, ღონისძიების ორგანიზატორებს „ღირსების მარშის“ ჩასატარებლად მხოლოდ ერთი, დახურული სივრცის ალტერნატივა შესთავაზეს.
„ღირსების მარში“ 5 ივლისს რუსთაველის მეტროდან, ღია სივრცეში უნდა დაწყებულიყო და გამართულიყო. მას ერთგვარი საპროტესტო აქციის სახე უნდა ჰქონოდა, რამდენადაც მონაწილეები სახელმწიფოსგან ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებასა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას ითხოვენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ლგბტ+ ადამიანები ისედაც წლებია ვერ ახერხებენ ღია სივრცეში თავისუფლად შეკრებასა და პროტესტის დაფიქსირებას, მათთვის სახელმწიფოს მხრიდან, ღონისძიების ჩასატარებლად დახურული სივრცის შეთავაზება, თუნდაც, უსაფრთხოების მიზნით, შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზებას ვერ უზრუნველყოფს.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებს მარშის ჩასატარებლად სხვა სივრცის ალტერნატივა შესთავაზეს, მანიპულირებაა.
შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად არაერთი ძალადობრივი ქმედება ჩაიდინეს, რისი აღკვეთა და სათანადოდ მართვაც სახელმწიფომ ვერ/არ უზრუნველყო.
აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს, დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები, თავს დაესხნენ ან/და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სულ მცირე, 50 ჟურნალისტს.
არსებული მონაცემებით, გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, ამ ეტაპზე 8 პირია დაკავებული.