გიორგი გახარია: ჩემს დროს ყველაფერს ვაკეთებდით მოქალაქეების დასაცავად [პრაიდთან დაკავშირებით].
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე: 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, ჯერ კიდევ LGBT კვირეულის დაწყებამდე გახდა ცნობილი შსს-ს პოზიციის შესახებ, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარებულიყო. სამინისტრომ არათუ ყველაფერი გააკეთა „პრაიდის“ მონაწილეთა დასაცავად, არამედ თავიდანვე განაცხადა უარი ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
მიუხედავად უწყების უარისა, 2019 წლის 8 ივლისს, შსს-ს შენობასთან, ღირსების მარში (რომელსაც საპროტესტო აქციის სახე ჰქონდა) მაინც გაიმართა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეებს არ ჰქონდათ უსაფრთხოების გარანტიები და მათკენ ძალადობრივი ჯგუფები მიემართებოდნენ, მსვლელობის მონაწილეებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
ანალიზი
1 ივლისს თბილისში „პრაიდის“ კვირეული დაიწყო, რომელიც 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა გაიმართოს.
„პრაიდის“ კვირეულის პარალელურად მობილიზაცია გამოაცხადეს საქართველოში არსებულმა პრორუსულმა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ღონისძიებების გამართვას.
თბილისში დაწყებულ პრაიდ-კვირეულზე საუბრისას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დასაცავად ყველაფერს აკეთებდნენ. „მე როდესაც ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შსს-ში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება და უნდა შეასრულოს. ისე, რომ სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“- აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი გახარიას აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, ჯერ კიდევ LGBT კვირეულის დაწყებამდე, ცნობილი გახდა შსს-ს პოზიცია, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარებულიყო. მიზეზად უსაფრთხოების სერიოზული რისკები დასახელდა, რამდენადაც ღონისძიების ჩაშლით ძალადობრივი ჯგუფები იმუქრებოდნენ. „პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა მაშინ განაცხადა, „პრაიდის“ მონაწილეებს შსს-მ უარი ტრანსპორტირებასა და დაცვაზე 7 ივლისს უთხრა. „შეგვატოვეს მოძალადე ჯგუფებს, დღემდე ლევან ვასაძე ქუჩაშია და აქციებს მართავს მაშინ, როდესაც ჩვენ გვერდით სახელმწიფო არ დაგვიდგა“ -აცხადებდა თაბაგარი.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ „პრაიდისა“ და ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო, მსვლელობის ჩატარება 22 ივნისს მაინც და დაიგეგმა, თუმცა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
მოგვიანებით, 2019 წლის 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ღონისძიება 8 ივლისს, დილის 9 საათზე გაიმართებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე. თუმცა, ინფორმაციამ მალევე გაჟონა. გვიან ღამით ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, აღარ მისულიყვნენ შერჩეულ ადგილას.
8 ივლისს დილიდან, ღირსების მარშის ჩაშლის მოტივით, თბილისში სხვადახვა ადგილას, მათ შორის შსს-ს შენობასთან, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და სასულიერო პირები. ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ შემუშავებას მოითხოვდნენ.
8 ივლისს, მოგვიანებით, აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან ღირსების მარში მაინც გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომა იყო, რომელიც, მათი თქმით, ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა, მათ შორის, ქვიარ თემის უსაფრთხოებას და ფაშისტურ და ძალადობრივ ჯგუფებებთან თანამშრომლობდა.
აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მალევე მოუწიათ, ვინაიდან მსვლელობის ადგილას რუსთაველის გამზირიდან ჰომოფობიური განწყობის ძალადობრივი ჯგუფები მოემართებოდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, სამინისტრომ არათუ ყველაფერი გააკეთა „პრაიდის“ მონაწილეთა დასაცავად, არამედ თავიდანვე უარი განაცხადა ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამით სახელმწიფომ, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი აქტიური ქმედებით თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვაზე. შესაბამისად, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი.
უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გახარიას შს მინისტრობის თუ პრემიერმინისტრობის პერიოდში ჰომოფობიურ ნიადაგზე სხვა ძალადობრივ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი.
2019 წლის 14-15 ივნისს, მიუხედავად პოლიციის ადგილზე მობილიზებისა, არაერთ ძალადობრივ და აგრესიულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მთავრობის კანცელარიასთან, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ადგილზე ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს მათი მიმართულებით. ჰომოფობიური ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც: ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, ხოლო „TV პირველის“ რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.
ჰომოფობიური ნიადაგზე ძალადობრივ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი 2019 წლის 8 ნოემბერს ფილმ And Then We Danced-ის სეანსის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. აგრესიული პირები ფილმის ჩაშლას ცდილობდენ და კინოთეატრის სტუმრებს პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ. ფილმის სანახავად მისულ ანა სუბელიანს ქვა ესროლეს, რის შედეგადაც მან დაზიანება სახის არეში მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ 2 ივლისს გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმაც გააკეთა იმავე შინაარსის განცხადება, რაც გახარიამ და აღნიშნა, რომ გიორგი თაბაგარი („პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი) ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს პრაიდი არ დაიცვა. აღნიშნული განცხადებაც უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი, რამდენადაც, მშვიდობიანი შეკრების დროს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარის თქმა, თუნდაც უსაფრთხოების სერიოზული რისკების არსებობის საფუძვლით, მათი უსაფრთხოების რეალურ დაცვას არ წარმოადგენს.