დეზინფორმაცია: გერმანიასა და აშშ-ში 3 და 4 ივლისს „კოვიდფაშიზმის“ წინააღმდეგ სასამართლოები გაიმართება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
15 ივნისს Facebook-ანგარიშმა მელქასდუკ კართაგენელმა დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, 3 და 4 ივლისს, გერმანიასა და აშშ-ში კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. პოსტში ასევე მოცემულია მანიპულაციური მტკიცება, თითქოს კოვიდვაქცინის 60 მილიონ დოზას ანადგურებენ და ეს ვაქცინა „საშიშად გამოცხადდა“.
პოსტში მოცემული მტკიცება, თითქოს 3 და 4 ივლისს, გერმანიასა და აშშ-ში „კოვიდფაშიზმის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესებია ჩანიშნული, ყალბი ამბავია. 4 ივლისს აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, აქედან გამომდინარე, 2021 წლის 4 და 5 ივლისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. აშშ-ში სასამართლო პროცესები 2 ივლისს, პარასკევს დაიხურება და 6 ივლისს, სამშაბათს განახლდება. შესაბამისად, 4 ივლისს აშშ-ის სასამართლოში კოვიდთან ან სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული სასამართლო განხილვა არ გაიმართება. ამასთან ერთად, გერმანიის ფედერალური სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 ივლისიდან 7 ივლისის შუალედში ფედერალურ სასამართლოში განხილვა არ არის ჩანიშნული.
პოსტში მოცემულია მანიპულაციური მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის 60 დოზას ანადგურებენ და შესაბამისად, ვაქცინა საშიშად გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა და დადგინდა, რომ კორონავირუსის Johnson & Johnson-ის ვაქცინის კონკრეტულ პარტიას გამოყენებიდან მართლაც ამოიღებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინის ყველა პარტია არაეფექტურია. საქმე ისაა, რომ 11 ივნისს ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ნამდვილად განაცხადა, რომ ბალტიმორის ქარხანაში წარმოებული Johnson & Johnson-ის ვაქცინების გარკვეული პარტია არ არის ვარგისიანი და უმჯობესი იქნება, რომ განადგურდეს. FDA-ის შეფასებით, ბალტიმორის ქარხანა ვაქცინების წარმოების პერიოდში GMP (Good manufacturing practice) [1] მოთხოვნების შესაბამისობით არ მოქმედებდა. შესაბამისად, ქარხნის რამდენიმე განყოფილებაში დამზადებული ვაქცინები შესაძლოა, ეფექტურობისა და ხარისხიანობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. FDA-ის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი ვაქცინის დოზის განადგურება იგეგმება, თუმცა New York Times-ის ინფორმაციით, საუბარია 60 მილიონ დოზაზე. Reuters-ის ინფორმაციით, მწარმოებელმა 10 მილიონი დოზა უკვე გაანადგურა. FDA-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბალტიმორის ქარხანას Johnson & Johnson ვაქცინისა და მისი კომპონენტების წარმოებისთვის FDA-ის ავტორიზაცია არ აქვს, რის გამოც ამ ქარხანაში დამზადებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ამერიკის შეერთებულ შტატებში დისტრიბუცია არ მომხდარა. თუმცა ვაქცინის წარმოებაში დაშვებული ამ კონკრეტული შეცდომის და ვაქცინის რამდენიმე დოზის განადგურების განზოგადება, თითქოს ზოგადად Johnson &Johnson-ის ვაქცინა საფრთხის შემცველია, მანიპულაციურ ხასიათს ატარებს და ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.