დეზინფორმაცია: უკრაინაში სამართალდამცავებმა გეი-აღლუმის დაცვაზე უარი თქვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ჯგუფებში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გეი-აღლუმის დაცვაზე უარი განაცხადეს, რადგან მათ არ სურთ, იმ პატრიოტებს შეეწინააღმდეგონ, რომლებიც ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ გამოვლენ. პოსტს თან ფოტო ერთვის, რომელზეც ჩანს, თუ როგორ წვავენ ლგბტ დროშას. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

პოსტში თანდართული ფოტოს google-image search-ით მოძიებით, აღმოჩნდა, რომ ფოტო რეალურად, 2017 წელს უკრაინაში გამართული ანტი-ლგბტ აქციიდანაა, რომელიც ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ, კიევში გამართული პრაიდის პარალელურად მიმდინარეობდა.

სინამდვილეში, კიევში გამართულ ანტი-ლგბტ აქციაზე, რომელიც პრაიდის ჩატარებისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად, პოლიციელებსა და ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა. ორი პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. აქტივისტებმა აქციის მიმდინარეობისას პროტესტის ნიშნად ლგბტ-დროშაც დაწვეს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს გამართულ პრაიდზე, კიევის პოლიციამ ოფიცრების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, პრაიდის მონაწილეების მომიტინგეების მხრიდან განხორციელებული ძალადობისგან დაცვის მიზნით გაზარდა. შესაბამისად, პოსტში მოყვანილი მტკიცება, თითქოს უკრაინაში სამართალდამცავები გეი-აღლუმის მონაწილეების დაცვაზე უარს აცხადებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ პოსტი ქართულ Facebook-სივრცეში გაზიარებულია შემდეგ ჯგუფებში: ✅🇬🇪ერთობა🇬🇪✅, ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, ემიგრანტები (ერი)ლევან ვასაძის მხარდამჭერები, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !, პატრიოტული გვერდი, საქართველო და მსოფლიო, iNews • არანამოხვანჰესს, ეროვნული მოძრაობა, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, დიდება ერს სიკვდილი მტერს.

პოსტის გავრცელების არეალი გვაფიქრებინებს, რომ ის ლგბტ თემის დიკრედიტაციას ემსახურება და ამასთან, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშს“ ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ მარშის დაანონსების დღიდან ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან პერმანენტულად გაისმის მოწოდებები, რომ „ღირსების მარში“ არ უნდა გაიმართოს. მსგავსი განცხადებების ავტორია პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძეც. იგი ღიად მოუწოდებდა ხელისუფლებას, „ღირსების მარშის“ ჩატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. 16 ივნისს კი განაცხადა, რომ „ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება შეისმენს ჩვენს მოწოდებას. 10 დღე დაველოდებით... თუ ის ამ ნაბიჯზე არ წამოვა და არ აკრძალავს ე.წ. პრაიდს, მაშინ შესაბამის ზომებს მივმართავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარდეს“.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი. მის სახელს რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება უკავშირდება. ბიზნესმენი ლევან ვასაძე ერთ-ერთი იყო, ვინც იმუქრებოდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. მოგვიანებით, იგი ძალადობრივ ჯგუფებს ჩაუდგა სათავეში, რომლებიც კომბლებითა და ქამრებით აპირებდნენ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ჩაშლასაც.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.