„საქინფორმის“ დეზინფორმაცია ყარსის ხელშეკრულებაზე, საქართველოს ნეიტრალიტეტსა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პირობებზე
ვერდიქტი: მეტწილად მცდარი
რეზიუმე:
პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. 2021 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ხიდირბეგიშვილი ამტკიცებს, რომ არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან, გარდა სომხეთისა, საქართველოს დადგენილი სახელმწიფო საზღვრები არ გააჩნია, სადავო ტერიტორიებიდან კი ყველაზე დიდი საფრთხე თურქეთიდან მოდის. სტატიაში თურქეთი საქართველოს მტრადაა მოხსენიებული, რომელიც მზადაა, ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წლის გასვლის შემდეგ ბათუმი ლეგიტიმურად შეიერთოს. სინამდვილეში, საქართველოს დადგენილი საზღვარი მხოლოდ თურქეთთან გააჩნია. ხოლო რაც შეეხება ყარსის ხელშეკრულებას, მას ვადა არ გააჩნია და ის თურქეთის მხრიდან აჭარაზე პრეტენზიების წამოსაყენებლად სამართლებრივ ან პოლიტიკურ საფუძველს არ ქმნის.
სტატიაში ასევე გაჟღერებულია საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული ტყუილი - თუ საქართველო NATO-ზე უარს იტყვის, რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიღება-ჩაბარების აქტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს. პირობა, რასაც ხიდირბეგიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ასახელებს, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს არასოდეს გაუჟღერებიათ. სინამდვილეში, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების, ისტორიული გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს - რუსეთისთვის ნეიტრალიტეტი/მიუმხრობლობა ან ე.წ. უბლოკო სტატუსი თავისი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების აგრესიულად გატარებისთვის დაბრკოლება არასოდეს ყოფილა. NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება რუსეთისთვის არა თავისთავადი მიზანი, არამედ მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებაა - რუსეთის უმთავრესი ამოცანა საქართველოს თავისი გავლენის სფეროში ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ დაბრუნებაა. სწორედ ამ მიზნის შესრულებისთვის რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას საქართველოს არც NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და არც მისი დემოკრატიული განვითარება.
გარდა ამისა, ხიდირბეგიშვილი საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობას უარყოფითად აფასებს, რაც, რეალურად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ანალიზი:
მტკიცება 1: არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან, გარდა სომხეთისა, საქართველოს დადგენილი სახელმწიფო საზღვრები არ გააჩნია. თურქეთს კი ბათუმის იურიდიულ საფუძველზე მიერთება ყარსის შეთანხმების ხელმოწერიდან 100 წლის გასვლის შემდეგ შეეძლება
ხიდირბეგიშვილის ყალბი მტკიცების თანახმად, არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან, გარდა სომხეთისა, საქართველოს დადგენილი სახელმწიფო საზღვრები არ გააჩნია. მისი თქმით, დაუდგენელი საზღვრების გამო განსაკუთრებული საფრთხე თურქეთისგან მოდის, რომელსაც თვალი ბათუმზე უჭირავს. ხიდირბეგიშვილი ირწმუნება, რომ ერდოღანი საქართველოს ხარჯზე დიდი თურანის აღდგენას გეგმავს, ბათუმის იურიდიულ საფუძველზე მიერთება კი ყარსის შეთანხმების ხელმოწერიდან 100 წლის გასვლის შემდეგაც შეეძლება.
სინამდვილეში, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოს დადგენილი საზღვრები არა სომხეთთან, არამედ მხოლოდ თურქეთთან აქვს. თურქეთი იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც დამოუკიდებლობის განცხადების პირველივე წლებში საქართველომ საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მოახდინა. რაც შეეხება ყარსის ხელშეკრულებას, სტატიის ამ ნაწილში, ხიდირბეგიშვილი წლების განმავლობაში ორკესტრირებულ იმ ნარატივს ავითარებს, თითქოს „ყარსის ხელშეკრულების“ საფუძველზე თურქეთს აჭარის რეგიონზე პრეტენზიების წამოყენება შეუძლია.
ყარსის ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა (ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის) თურქეთის მხრიდან აჭარაზე პრეტენზიების წამოსაყენებლად სამართლებრივ ან პოლიტიკურ საფუძველს არ იძლევა. პირიქით, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა აჭარაზე საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა და მას შემდეგ ეს აღიარება კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია. ყარსის ხელშეკრულებას არ აქვს მოქმედების ვადა და ამაზე განმარტება თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმაც, არაერთხელ გააკეთა (ყარსის ხელშეკრულების და მის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს 1992 წლიდან მოყოლებული ორმხრივად დადებული 76 ხელშეკრულება უმაგრებს ზურგს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 1992 წლის 30 ივნისს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულებაა - „საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში, ორი ქვეყნის საზღვრის აღიარების კონტექსტში, ყარსის ხელშეკრულებაც ნახსენებია. დოკუმენტის მიხედვით, „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“ და „მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“.
შესაბამისად, არნო ხიდირბეგაშვილის სტატიაში გაჟღერებული ბრალდება, რომ თურქეთს ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმსა და აჭარაზე პრეტენზიების გამოცხადება შეუძლია, არის ტყუილი. თურქეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების დაძაბვასა და რუსული ოკუპაციის პრობლემიდან აქცენტების თურქეთისკენ გადამისამართებას ისახავს მიზნად.
მტკიცება 2: „რუსეთი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - არ არის საჭირო NATO, ქართველებო, საქართველოს NATO არ სჭირდება! მოსკოვი კვლავ ელოდება შიკრიკებს საქართველოდან, თუ ვინ მოაწერს ხელს სოხუმისა და ცხინვალის მიღება–ჩაბარების აქტს ორმხრივად მისაღები პირობებით. კრემლში ლოდინით თვალები ამოიღამეს“
არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს თუ საქართველო NATO-ზე უარს იტყვის, რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიღება-ჩაბარების აქტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს, კარგად ნაცნობი პროპაგანდისტული ტყუილია.
პირობა, რასაც ხიდირბეგიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ასახელებს, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს არასოდეს გაუჟღერებიათ. როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ისტორიული გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს -რუსეთისთვის ნეიტრალიტეტი/მიუმხრობლობა ან ე.წ. უბლოკო სტატუსი თავისი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების აგრესიულად გატარებისთვის დაბრკოლება არასოდეს ყოფილა. ხაზგასასმელია, რომ პუტინი NATO-ს რუსეთის უსაფრთხოებისთვის თავისთავად საფრთხედ არ განიხილავდა. აღნიშნულს 2004 წელს ბალტიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე პუტინის რეაქცია ადასტურებს - მას NATO-ს გაფართოებასთან (მის საზღვრებთან) დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. პირიქით, განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდებოდა.
აქედან გამომდინარე, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება რუსეთისთვის არა თავისთავადი მიზანი, არამედ მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებაა - რუსეთის უმთავრესი ამოცანა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს, თავისი გავლენის სფეროში ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ დაბრუნებაა. სწორედ ამ მიზნის შესრულებისთვის რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას არც მათი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და არც დემოკრატიული განვითარება.
საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შევუერთდით. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებად 1999 წლიდან საქართველოს NATO-ს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ ჩართვაც შეიძლება ჩაითვალოს, რამაც საქართველოს სამხედრო ძალების მართვის სისტემის რეფორმირებისთვის პირველი პრაქტიკული ინსტრუმენტი მისცა. თუმცა საქართველომ NATO-ში გაწევრიანების სურვილი პირველად მხოლოდ 2002 წელს, NATO-ს პრაღის სამიტზე დააფიქსირა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ დროიდან იწყება.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა კი 1991-1992 წლებში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების გაჩაღებისთანავე დაიწყო, ანუ მანამ, სანამ საქართველო NATO-ში ინტეგრაციის სურვილს ოფიციალურად გამოთქვამდა. ორივე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ 1993 წელს მაინც გადაწყვიტა რუსეთის მიერ მართულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ (დსთ) გაწევრიანება, ხოლო მოგვიანებით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ შეერთება. ორივე ორგანიზაცია მოსკოვის ინტერესების გატარებისათვის იყო შექმნილი, ხოლო ჩვენი გაწევრიანების მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება იყო. მიუხედავად ამისა, 2000 წელს რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. 2000-2002 წლებში კი, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტერიტორია არაერთხელ დაბომბა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მაშინაც კი, თუ საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგში NATO-სთან ინტეგრაციის საკითხი არ იდგებოდა, რუსეთი საქართველოს სტაბილურობის საწინააღმდეგო მოქმედებებს მაინც გააგრძელებდა.
კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ რუსეთს არც მაშინ ჰქონია განსხვავებული პოლიტიკა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით კონფლიქტებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია გაცხადდა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო, ხოლო საქართველომ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ საკუთარ მიწაზე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს არ განალაგებდა. თუმცა, ვერც ნეიტრალიტეტის სტატუსმა და ვერც საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების არგანლაგების შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რუსეთს ხელი ვერ შეუშალა, 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.
უბლოკო სტატუსის არაეფექტურობის ნათელი მაგალითები მოლდავეთი და უკრაინა არიან, სადაც უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ არა დამაბრკოლებელი, არამედ რუსეთისთვის ხშირად წამახალისებელი როლიც კი ითამაშა.
1994 წლიდან მოლდავეთს კონსტიტუციის დონეზე აქვს აღნიშნული, რომ ქვეყანა უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა. თუმცა, რეალობასა და პრაქტიკაში, რუსეთის მიერ ინსპირირებული დნესტრისპირეთის კონფლიქტი, 1990 წლიდან დღემდე, არ მოგვარებულა და მოლდავეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ ახერხებს. დღესაც კი რუსული სამხედრო ბაზები დნესტრისპირეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, რაც პასიურ კონფლიქტსა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე უარყოფით გავლენას ახდენს. ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსეთმა მოლდავეთში პოზიციები გაიმყარა და კიშინიოვის საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოიპოვა.
რაც შეეხება უკრაინას, მან 2010 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონპროექტით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, უბლოკო სტატუსი შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, უკრაინა უარს ამბობდა რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, რაც NATO-ში მის ინტეგრაციას გამორიცხავდა. თუმცა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, უკრაინაში რევოლუცია დაიწყო, რასაც რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია და ქვეყნის აღმოსავლეთში ომის გაჩაღება მოჰყვა. აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოების მთავარი პრობლემა არა საზღვრებთან NATO-ს მოახლოება, არამედ „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნების თავისი გავლენის სფეროდან დასხლტომაა - უკრაინას 2010 წლიდან NATO-ში ინტეგრაციაზე ისედაც უარი ჰქონდა ნათქვამი.
ამრიგად, როგორც საქართველოს, ისე მოლდავეთისა და უკრაინის, ისტორიულმა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ნეიტრალიტეტი ან ე.წ. უბლოკო სტატუსი, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შემაკავებელი ფაქტორი არასდროს ყოფილა. პირობა, რომ NATO-ზე უარის თქმა საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ნიშნავს, კარგად შეფუთული ტყუილია.
მტკიცება: საქართველოს გეოსტრატეგიული სატრანზიტო ტერიტორია NATO-ს სამხედრო ბაზებზე, ენერგეტიკულ მილსადენებსა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე იყიდება
ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს საქართველოს გეოსტრატეგიული სატრანზიტო ტერიტორია NATO-ს სამხედრო ბაზებზე იყიდება, ტყუილია. სინამდვილეში, საქართველოს ტერიტორიაზე არც NATO-ს და არც მის რომელიმე წევრ ქვეყანას სამხედრო ბაზები არ გააჩნია. საქართველოში კრწანისის სასწავლო ცენტრის ბაზაზე NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მდებარეობს, რომლის მთავარი ამოცანა თავდაცვის ძალების წვრთნა და შეფასებაა. თუმცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებია განლაგებული.
რაც შეეხება ხიდირბეგიშვილის ბრალდებას ენერგეტიკულ მილსადენებსა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე გეოსტრატეგიული სატრანსპორტო ტერიტორიის მიყიდვის შესახებ, აღნიშნული მტკიცება იმთავითვე წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ტერიტორია სტრატეგიულ მნიშვნელობას მას შემდეგ იძენს, რაც მასზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტები მოეწყობა. გარდა ამისა, ხიდირბეგიშვილი მდგომარეობას იმგვარად აღწერს, თითქოს საქართველომ თავისი ტერიტორიები გაყიდა და თავისი იურისდიქციიდან კომპანიებს გადასცა, რაც ასევე ტყუილია.
საქართველო, მართალია, გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს, თუმცა მისი გეოგრაფიული უპირატესობები, პირდაპირ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ უპირატესობებს არ ნიშნავს. მისთვის სტრატეგიული სატრანზიტო ფუნქციის მინიჭება სწორედ კასპიის ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზრებთან დაკავშირების საჭიროებამ განაპირობა - 1870-იანი წლებიდან ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზა ამუშავდა. 1896 წელს კი ბაქოსა და ბათუმს შორის მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე გრძელი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა კი 1993 წელს დაიწყო, როცა „ბრიუსელის დეკლარაციას“ მოეწერა ხელი და საფუძველი ჩაეყარა TRACECA-ს პროგრამას. პროგრამის მიზანს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონვენციური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ევროპის სატრანსპორტო სისტემებთან ინტეგრირება წარმოადგენდა. ამასთან ერთად აღსანიშნავია ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალისა და თბილისი-ახალქალაქის არსებული მაგისტრალის რეაბილიტაციის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები.
1990-იანი წლების ბოლოს, როცა დასავლეთის ინტერესები კავკასიის რეგიონში იზრდებოდა, მისი ხელშეწყობით, პირველ ეტაპზე, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი აშენდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ე.წ. „საუკუნის პროექტისთვის“ პილოტური პროექტი აღმოჩნდა. მას მალევე მოჰყვა ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენიც. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა, არამედ პოლიტიკური დამოუკიდებლობის გამყარება გამოიწვიეს, რადგანაც რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდა, ხოლო ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა.
გარდა ამ მტკიცებებისა, სტატიაში ხიდირბეგიშვილი ირწმუნება, რომ აშშ-ისა და ევროკავშირისგან მიღებული ფულადი დახმარება არაფერია, თუ არა რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იარაღი. აღნიშნული განცხადებაც რუსული პროპაგანდისტული გზავნილია, რაც დასავლეთის დისკრედიტაციასა და საქართველოს რუსეთთან დამაპირისპირებელ ინსტრუმენტად წარმოჩენას ისახავს მიზნად. რეალურად, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ბოლო დროს პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება.
წყაროს შესახებ
პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“ ფლობს, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს ყალბი ამბები არაერთხელ გაუვრცელებია. ის გამოირჩევა ღიად პრორუსული პოზიციებითა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დისკრედიტაციით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკით. „საქინფორმი“ გრუ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვის ნარატივებს ავრცელებდა. „საქინფორმმა“ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის კორონავირუსის საკითხიც აქტიურად გამოიყენა. ასევე რუსული ვაქცინის შესახებაც ავრცელებდა პროპაგანდას და მის საქართველოში შემოტანას, ვაქცინის სათანადო ტესტირებამდე ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე ქვეყნდება, როგორებიცაა: regnum.ru, sputniknews.ru-ს ქართული გამოცემა sputnik-georgia.ru.
გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.
----------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.