7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა ფრაქციის ფორმატში გამართულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს სამხედრო მიუმხრომლობის ინიციატივით.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის განცხადების პარალელურად, 21 აგვისტოს კოლხეთი TV-ის Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა გიორგი ახვლედიანის ვიდეობლოგი, სადაც „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვით რუსეთი მხარს დაუჭერს დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებასა და სეპარატისტული მხარის მოლდავეთის შემადგელობაში დაბრუნებას, თუ ეს უკანასკნელი შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტსა და უბლოკო სტატუსს. გიორგი ახვლედიანი იზიარებს ლავროვის ნარატივს და აღნიშნავს, რომ იდენტური სტატუსით საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოდიოდა წინადადებით, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში შესულიყო. ამავე თემაზე 10 სექტემბერს სტატია გამოაქვეყნა გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებების შეფასებას შეეცადა.

ანალიზი

კოლხეთი TV-ის მიერ გავრცელებულ ვიდეობლოგში ახვლედიანი აქტიურად თესავს ნიჰილიზმს გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების გარშემო. ის ცდილობს საზოგადოება უარყოფითად განაწყოს საერთაშორისო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსისადმი. ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთი მედიატორად წარმოჩენაა, მაშინ, როცა ის კონფლიქტის მხარეა. ახვლედიანი წარმოაჩენს მხოლოდ ერთ მხარეს, კონფლიქტის გაღვივებაში რუსეთის ბრალეულობა იგნორირებულია. სინამდვილეში რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას, რითაც EUMM-ის მონიტორინგის მისიას არ უშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რიცხვებით მანიპულირება IRI-ის კვლევაზე

აღნიშნულ ვიდეოში საუბარია IRI-ის კვლევაზეც, რომელიც NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის დადგენას ისახავდა მიზნად. მოცემული კვლევის ახვლედიანისეული ინტერპრეტაციით საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას მხოლოდ 49% უჭერს მხარს, რაც კვლევის შედეგების დამახინჯებაა. სინამდვილეში გამოკითხულთა 49% NATO-ში ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს, 19% გარკვეულწილად უჭერს მხარს (ჯამში 68%) 6% გარკვეულწილად ინტეგრაციის წინააღმდეგია, 13% სრულიად წინააღმდეგია, ხოლო 13%-მა არ იცის/არ აქვს პასუხი კითხვაზე „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ინტეგრაციას NATO-ში?“

წყარო: iri.org

კვლევაზე დაყრდნობით ახვლედიანი ამბობს, რომ „ქართველი ერის უმრავლესობა მზადაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ალტერნატიული გზის ძიება დაიწყოს“, ხოლო „ალტერნატიული გზა“, მისი თქმით, უბლოკო სტატუსის გამოცხადებაშია. მოცემული ციტატა ემყარება დამახინჯებულ სტატისტიკასა და მის არასწორად ინტერპრეტირებას, შესაბამისად ახვლედიანი ცრუობს და ცდილობს მაყურებლისთვის დეზინფორმაციის შეპარებას.

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, რაც პოზიტიური გზავნილია ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის. რუსეთი აგრესიული მექანიზმებითა და რბილი ძალის გამოყენებით აფართოებს მის „ექსკლუზიურ გავლენის სფეროს,“ საქართველო კი რუსეთისთვის ამ სფეროს პოტენციური ნაწილია. ამ პირობებში საქართველოსთვის ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა, მიმართული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, როგორც უსაფრთხოების მთავარ გარანტიაზე, დასავლეთის სახელმწიფოების ინკლუზიურობასა და მხარდაჭერაზე, ხდება ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაზე.

დეზინფორმაცია აგვისტოს ომის შესახებ

ვიდეოს ერთ-ერთ ნაწილში ახვლედიანი იმეორებს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების რუსულ ვერსიას - „რუსეთმა მიიღო თუ არა ცხინვალში შეჭრით ცალტვინა სააკაშვილისგან საჭირო საბაბი, მაშინვე გააკეთა ის, რაც 1979 წლის შემდეგ არ გაუკეთებია, ანუ შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.“

ახვლედიანი იყენებს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ შექმნილ გულწრფელ დაბნეულობას, რაც, თავის მხრივ, რუსეთის თანმიმდევრული და ეფექტიანი საინფორმაციო ომის შედეგია. საქართველოში არსებული დაბნეულობა არის იარაღი, რომელსაც რუსული საინფორმაციო მანქანა წარმატებით იყენებს.

2008 წლის აგვისტოს ომი რუსული პოლიტიკისა და სამხედრო მოქმედებების სინქრონიზაციის შედეგია. ჯერ კიდევ 21 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მთავრობას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისკენ მოუწოდებდა. 3 აპრილს პუტინმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ მთავრობებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ პრაქტიკულ დახმარებას დაჰპირდა.

რუსული პროპაგანდისტული მანქანა უარყოფს ფაქტს, რომ სინამდვილეში რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, 2008 წლის 7 აგვისტოსთვის შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის ან მისი შეტყობინების გარეშე. ამით მათ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, განახორციელეს აგრესიის აქტი. შემოჭრით მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა საქართველოზე, რომელიც გაგრძელდა მომდევო დღეების განმავლობაში, სანამ 12 აგვისტოს არ დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კიდევ ერთი ფაქტია, რომ ქართული სამხედრო ძალების წინსვლა ცხინვალის მიმართულებით დაიწყო მხოლოდ 7 აგვისტოს 23:35 საათიდან - საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრიდან საკმაო დროის შემდეგ. (იხ. სრულიად)

მცდარი დილემა

გიორგი ახვლედიანი გვთავაზობს მცდარ დილემასაც : „ტერიტორიული მთლიანობა უფრო მეტად გვინდა თუ NATO-ში გაწევრიანება?“

ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები უკვე წლებია მცდარი, ხელოვნური დილემის წინაშე გვაყენებენ, რომელიც დღის წესრიგში არ დგას. NATO-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები აღწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლში, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრ ქვეყნებს, ალიანსში გაწევრიანების მიზნით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლიათ, მოიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში. ეს არის ის ერთადერთი სავალდებულო დოკუმენტი, სადაც საუბარია NATO ს გაფართოების კრიტერიუმებზე.

არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც NATO -სა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია გაიყო ორად და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა NATO-ში, რამაც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე, სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანია გაერთიანდა და დღეს ის NATO-სა და ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი წევრია.

2004 წელს, NATO-ში გაწევრიანებისას ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას საზღვრების დემარკაციის/დელიმიტაციის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული რუსეთთან, ამ უკანასკნელის მხრიდან პროცესის გაჭიანურების გამო. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ში მიეწვიათ არსებული მდგომარეობით და შემდგომ, მოლაპარაკებების გზით, მოეგვარებინათ ტერიტორიული საკითხები მეზობელთან. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა (საინფორმაციო ცენრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ).

ფინეთის საუბრისას ახვლედიანს ავიწყდება გარემოება, რის ფასადაც ფინეთს ნეიტრალიტეტის მოპოვება მოუხდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ, საბჭოთა კავშირს გზა გაეხსნა ექსპანსიისკენ. 1939 წლის ნოემბერში იგი თავს დაესხა ფინეთს. აღნიშნული ომი ზამთრის ომის სახელითაა ცნობილი. ფინელების მედგარი წინააღმდეგობის გამო სსრკ-მა ფინეთის მხოლოდ ნაწილი მიიტაცა. სამამულო ომის დაწყების შემდეგ, როცა უპირატესობა გერმანელებს ჰქონდათ, ფინელებმა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გადაწყვიტეს და ომში გერმანელების მხარეს ჩაებნენ, თუმცა აღნიშნული კონფლიქტი ფინეთის კაპიტულაციით დამთავრდა. ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა არა მარტო ნეიტრალიტეტის, არამედ უდიდესი ადამიანური მსხვერპლისა და ტერიტორიების ხარჯზე. ფინეთს მოუწია დათანხმებოდა საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგებასაც. ფინეთმა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ დათმო კარელია, სალა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა და აქტიურად მონაწილეობს NATO-ს მისიებში, რომლებიც არაწევრი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

უბლოკო სტატუსი პრაქტიკაში

განცხადების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ NATO-საქართველოსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მცირე ქრონოლოგიას.

საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შევუერთდით. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს 1999 წლიდან საქართველოს ჩართვა NATO -ს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“, რამაც ჩვენ მოგვცა პირველი პრაქტიკული ინსტრუმენტი ჩვენი სამხედრო ძალების მართვის სისტემის რეფორმირებისთვის. თუმცა საქართველომ NATO-ში გაწევრიანების სურვილი პირველად მხოლოდ 2002 წელს, NATO-ს პრაღის სამიტზე დააფიქსირა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ დროიდან იწყება.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ჯერ კიდევ 1991-1992 წლებში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების გაჩაღებისთანავე დაიწყო, ანუ მანამ, სანამ საქართველო NATO-ში ინტეგრაციის სურვილს ოფიციალურად გამოთქვამდა. ამ კონფლიქტებში მოსკოვმა სეპარატისტებს აქტიური მხარდაჭერა გაუწია და იმავეს აგრძელებდა შემდგომში, როდესაც ამ რეგიონებში „სამშვიდობო“ ოპერაციის განხორციელება დაიწყო. 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგები საქართველოსთვის მძიმე აღმოჩნდა - 20 ათასიდან 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა, ხოლო 250 ათასზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილად იქცა.

ორივე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ 1993 წელს მაინც გადაწყვიტა რუსეთის მიერ მართულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ (დსთ) გაწევრიანება, ხოლო მოგვიანებით „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ შეერთება. ორივე ორგანიზაცია მოსკოვის ინტერესების გატარებისათვის იყო შექმნილი, ხოლო ჩვენი გაწევრიანების მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება გახლდათ.

ამის მიუხედავად, 2000 წელს რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. 2000-2002 წლებში კი, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტერიტორია არაერთხელ დაბომბა.

საქართველო 1999 წლამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი (კუხო) ქვეყანა იყო (NATO-ში გაწევრიანების სურვილი გაცხადებული არ გვქონდა) და მისი საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან შესაბამისობაში მოდიოდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში, საქართველოს არ ჰქონდა „გარღვევა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და არც ეკონომიკის განვითარების საშუალება მიეცა. სამაგიეროდ, რუსეთს ჰქონდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე უდიდესი ბერკეტები, ამის პარალელურად კი მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შემლახავი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობდა.

რუსეთისთვის ნეიტრალიტეტის ცნება არასდროს ყოფილა შემაჩერებელი ფაქტორი. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით გაცხადდა საქართველოს პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“. რთული გეოპოლიტიკური რეგიონიდან გამომდინარე საქართველოს ნეიტრალიტეტით სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან კავკასია ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული, ხოლო გლობალურ აქტორები აქტიურად გამოხატავდნენ დაინტერესებას სტრატეგიული რეგიონის მიმართ. რუსეთისთვის შემაკავებელი ბერკეტი არ აღმოჩნდა მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვით რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველომ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ საკუთარ მიწაზე არ განალაგებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს. თუმცა არც ნეიტრალიტეტის სტატუსმა და არც მტრულად განწყობილი ჯარების განლაგების შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ რუსეთს ხელი ვერ შეუშალა 1921 წლის თებერვალ-მარტში მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია.

უბლოკო სტატუსის არაეფექტურობის ნათელი მაგალითები მოლდავეთი და უკრაინა არიან, სადაც უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ არა დამაბრკოლებელი, არამედ, ხშირ შემთხვევაში, წამახალისებელი როლიც კი ითამაშა რუსეთისთვის.

მოლდავეთი

მოლდავეთის მაგალითი აჩვენებს, რომ კონსტიტუციურ დონეზე, უბლოკო სტატუსის გამოცხადებას სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რეალური შედეგი არ მოაქვს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მოლდავეთის გეოპოლიტიკური სტატუსი გაურკვეველია. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, მოლდავეთი ხშირად ყოფილა რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტების სამიზნე, რათა შეფერხებულიყო მისი დასავლეთისკენ სწრაფვა.

1994 წლიდან მოლდავეთს კონსტიტუციის დონეზე აქვს აღნიშნული, რომ ქვეყანა უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა. თუმცა, რეალობასა და პრაქტიკაში, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ინსპირირებული კონფლიქტი 1990 წლიდან დღემდე არ მოგვარებულა და მოლდავეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ ახერხებს. დღესაც კი რუსული სამხედრო ბაზები ე.წ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, რაც პასიურ კონფლიქტსა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსეთმა გაიმყარა პოზიციები მოლდავეთში და მოიპოვა დიდი გავლენა კიშინიოვის საგარეო პოლიტიკაზე. არაეფექტიან ნეიტრალიტეტი მოლდავეთს უფრო მოწყვლადს ხდის, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო კონსტიტუციის ჩანაწერი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, მხოლოდ ფორმალურ სტატუსად რჩება.

რუსეთისგან განსხვავებით დნესტრისპირეთის კონფლიქტში დადებითი გავლენა აქვს ევროკავშირს. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, 2014 წლიდან 2017 წლამდე მონაკვეთში დნესტრისპირეთის 110 ათასმა მცხოვრებმა (მოსახლეობა დაახლოებით 470 ათასი) მოლდავეთის მოქალაქეობა მიიღო იმის გამო, რომ ევროპაში უვიზო გადაადგილების საშუალება ჰქონოდა.

ვიდეობლოგში ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ლავროვის განცხადება დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე უპრეცედენტოა, თუმცა იგივე შინაარსის განცხადებები წარსულშიც გაკეთებულა რუსი პოლიტიკოსებისგან. (პუტინი, ლავროვი) თუმცა, როგორც ახლა, წარსულშიც რუსეთი მოლდავეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ უდიდეს პოლიტიკურ საზღაურს მოითხოვდა.

მოლდავეთი და რუსეთი დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ყველაზე შორს 2003 წელს წავიდნენ, როდესაც მოსკოვმა მოლდავეთის კომუნისტ პრეზიდენტ ვორონინს წარუდგინა ე.წ კოზაკის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა მოლდავეთის ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას და ფედერაციის სუბიექტების - მოლდავეთის რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის რესპუბლიკის და ავტონომიური ტერიტორიული ერთეულის, გაგაუზიის, ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას. კოზაკის მემორანდუმს ხელი კომუნისტმა ვორონინმაც კი არ მოაწერა, რადგან მემორანდუმი, მისივე თქმით, ცალმხრივ უპირატესობას ანიჭებდა სეპარატისტულ რესპუბლიკას და მისი ლაიტმოტივი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო.

მემორანდუმის მიხედვით: ახლად შექმნილ ფედერაციაში რუმინულისა და რუსულის გარდა, ოფიციალური სტატუსი ენიჭებოდათ სხვა ენებსაც (უკრაინულს და გაგაუზურს სავარაუდოდ). ფედერაციის სუბიექტებს ექნებოდათ ფედერაციიდან გასვლის უფლება. მცირდებოდა მოლდავეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც, გარკვეული დროით, უნდა ჩაენაცვლებინათ რუს სამხედროებს.

მოსკოვი დნესტრისპირეთის კონფლიქტის დაწყების დღიდან მედიატორის პოზიციიდან საუბრობს, თუმცა პრობლემის მოგვარება რიტორიკას არ გასცდენია. ამის ნათელი მაგალითია, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, 2006 წელს რუსეთმა მოლდავეთს ემბარგო დაადო, რის მთავარ მიზეზებად, მოლაპარაკების წარუმატებლობასთან ერთად, სახელდება ისიც, რომ მოლდავეთმა ევროინტეგრაციის სურვილი გამოთქვა.

წარუმატებელი მცდელობის პარალელურად, მოლდავეთი რუსეთთან მიმართებით მიდიოდა უამრავ დათმობაზე, მათ შორის რუსული ენის სტატუსის ამაღლებაზე.

მოლდაველები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ რუსეთის აღიარება მედიატორ მხარედ მცდარი მიდგომა იყო. კიშინიოვში მაღალჩინოსნებს სჯერათ რომ დნესტრისპირეთში 1500-1700 რუსი ჯარისკაცია, რომლებიც განკარგავენ 21000 ტონა სამხედრო ამუნიციას. დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთის წვლილი ნათელია, შესაბამისად, რუსეთი დაპირისპირებული მხარეა და არა ის, ვისაც შეუძლია, ორი მხარე შეარიგოს.

უკრაინა

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოთა მაგალითებს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, უბლოკო სტატუსი უკრაინამ შემოიღო, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა 2010 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, უკრაინა უარს ამბობდა რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, რაც NATO-ში მის ინტეგრაციას გამორიცხავდა. თუმცა, უკრაინაში 2014 წელს მომხდარი რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში - ყირიმის ანექსიამ და ქვეყნის აღმოსავლეთში ომის გაჩაღებამ, ცხადყო, რომ მოსკოვის ინტერესების განხორციელების გზაზე, უბლოკო სტატუსი შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.

დასკვნა

ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრეცედენტები გვიჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გზაზე, მეზობელი სახელმწიფოების უბლოკო სტატუსი შემაკავებელი ფაქტორი არ არის. საქართველოს 1993-2002 წლებში დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გაცხადებული არ ჰქონდა, მეტიც, ის ყველა იმ ორგანიზაციის წევრი იყო, სადაც დომინანტური პოზიცია ოფიციალურ მოსკოვს ეჭირა. თუმცა ამ პერიოდში რაიმე პროგრესი კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეჟიმების მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზით, არ ყოფილა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის მეხუთე კონვენციის მიხედვით ნეიტრალური ძალების ტერიტორია არ შეიძლება იყოს დარღვეული. შესაბამისად, ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური თუ მისი ტერიტორია არის ოკუპირებული უცხო ძალების მიერ. აქედან გამომდინარე საქართველო ვერ იქნება ნეიტრალური, რადგან მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გარდა ამისა, ნეიტრალიტეტისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მისაღწევად მხოლოდ სახელმწიფოს სურვილი არ კმარა. ნეიტრალიტეტი ფორმდება საერთაშორისო შეთანხმების შედეგად. ნეიტრალურ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორებად უდგებიან გლობალური ძალები. მაგალითად, შვეიცარიის შემთხვევაში, 1815 წელს მისი ნეიტრალტეტის გარანტორებად გამოვიდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, პრუსია (1871 წლიდან გერმანიის იმპერია) შვედეთი, რუსეთი და სხვა.

დასავლური სამყაროსკენ და ორგანიზაციებისკენ (NATO, ევროკავშირი,) სწრაფვა თავისთავად გულისხმობს სწრაფვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შემთხვევაში, ალიანსის წევრ საქართველოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან გაცილებით მეტი წონა ექნება, როგორც რუსეთთან, ასევე სეპარატისტულ რეგიონებთან. აღნიშნული სცენარი აბსოლუტურად შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს. სოციალურ-ეკონომიკურ ბენეფიტებთან ერთად, რაც მთავარია, გაიზრდება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოტენციალი. საერთო სოლიდარობიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოებაში განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.

ფოტო: nato.int


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია