გიორგი გახარია: ფული, რომლითაც ჩემმა მეუღლემ საფრანგეთში ბინა შეიძინა, ჩემს დეკლარაციებში ფიგურირებს წლებია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: გიორგი გახარია 2013 წლის მაისიდან საჯარო მოხელის სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად ავსებდა. ბოლოს მან ის 2021 წლის აპრილში, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შეავსო. თავდაპირველ დეკლარაციაში გიორგი გახარიას მშობლებიც ჰყავს შეყვანილი.
გიორგი გახარიას დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ის მართლაც ყიდის კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებას და მის და მისი მეუღლის ანგარიშებზე არსებული დანაზოგის/თანხის მოცულობის ზრდა სწორედ ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
2021 წლის 8 ივნისს ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „რეაქციაში“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
„ფული, რომლითაც ჩემმა მეუღლემ საფრანგეთში ბინა შეიძინა, ჩემს დეკლარაციებში ფიგურირებს წლებია. ეს ყველაფერი არის საჯარო“.
გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენად 2013 წელს დაინიშნა, პირველი დეკლარაციაც 2013 წლის მაისში შეავსო. პირველი დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი გახარიას პირად საბანკო ანგარიშებზე, იმ დროისთვის, ჯამში 1500 ლარი, 52300 აშშ დოლარი და 35600 რუსული რუბლი ჰქონდა. ამავდროულად, უძრავი ქონების სახით ის და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ ბინასა და ორ ავტოფარეხს თბილისში ამაღლების ქუჩაზე, ასევე ბინას ნუცუბიძის ფერდობზე და ორ მიწის ნაკვეთს წავკისსა (1600 კვ.მ) და სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ხორნაბუჯში (280000 კვ.მ). რაც შეეხება უშუალოდ გიორგი გახარიას ქონებას, ის იმ დროისთვის ფლობდა ბინას მოსკოვში (76 კვ.მ), ხოლო მისი მეუღლე - მიწას თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე (395 კვ.მ).
ამის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები რადიკალურად 2017 წელს გაიზარდა და ჯამში 8450 ლარი და 452900 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 350 ათასი აშშ დოლარი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული იყო. დეკლარაციაში უძრავი ქონების ჩამონათვალი შემცირდა. ამის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ის იყო, რომ 2017 წლიდან გიორგი გახარიას დეკლარაციაში მისი მშობლები, რომელთა სახელზე იყო გაფორმებული უძრავი ქონებების დიდი ნაწილი, აღარ ფიგურირებენ. 2017 წლის დეკლარაციით, გიორგი გახარიას მეუღლე ფლობდა მიწას (395 კვ.მ) თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე.
უკვე 2021 წლის აპრილში შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი გახარიამ 2020 წელს შეიძინა ბინა საფრანგეთში 472900 ევროდ, ხოლო ამჟამად ანგარიშებზე 14449 ლარი აქვს.
საერთო ჯამში, გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის, ეკონომიკის, შსს და პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013-2021 (2013,2014,2015,2016,2017,2018,2019,2020,2021) წლებში, 9 დეკლარაცია შეავსო. აქიდან, 4-ჯერ დეკლარაცია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას შეავსო, 1 შემთხვევაში - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობისას, 2-ჯერ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ხოლო 2-ჯერ - პრემიერ-მინისტრობისას.
ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ მის მიერ ბინის შეძენაში გადახდილი თანხა დეკლარაციაში აქამდეც ფიგურირებდა და უძრავი ქონების რეალიზაციიდან იყო მიღებული, არის სიმართლე.