დეზინფორმაცია: საქართველოში, ვაქცინაციის შემდგომ, მხოლოდ ერთ კაბინეტში - დღეში მინიმუმ 3 ადამიანს, ანაფილაქსიური შოკი ემართება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ანტივაქსერი ხათუნა საღინაშვილი ვაქცინირებულ ადამიანებში ანაფილაქსიურ რეაქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ხათუნა საღინაშვილი მიმოწერის ფოტოს (ე.წ. სქრინს) აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ, ერთ კაბინეტში, დღეში მინიმუმ 3 ადამიანს ანაფილაქსიური შოკი ემართება“. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 2021 წლის 6 ივნისის ჩათვლით, 173 345 აცრა ჩატარდა და მათ შორის მხოლოდ 4 (0.002%) შემთხვეევაში გამოვლინდა ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიური შოკის ოთხივე დადასტურებული შემთხვევა წარმატებით იქნა მართული სამედიცინო პერსონალის მიერ და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ანაფილაქსიური შოკის სტატისტიკაში არ შედის ახალციხეში განვითრებული გახმაურებული შემთხვევა, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა“.

ანაფილაქსიური შოკი არის იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება - საკვებზე, მწერის ნაკბენზე ან მედიკამენტებზე, მათ შორის, ვაქცინებზე, ალერგიისას განვითარდეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, მათ შორის - საქართველოშიც.

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე, საქართველოში COVID-19 ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი დამტკიცდა. პროტოკოლში განსაკუთრებული ყურადღება დაუყოვნებელი და მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების პროფილაქტიკას, ანაფილაქსიის განვითარების შემთხვევაში, დროულ ამოცნობასა და შესაბამისი, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ეთმობა. ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიის განვითარების რისკის სწორად შეფასების მიზნით, ასაცრელი პირისთვის კითხვარი მომზადდა, რომლითაც ექიმი მის კლინიკურ მდგომარეობას აფასებს და შესაბამისი სქემის მიხედვით, ვაქცინაციის გადაწყვეტილებას იღებს.

NCDC „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს, რომ ყველა ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიურ შოკს არ წარმოადგენს. ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომებია - მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას სამედიცინო პერსონალის მიერ ანაფილაქსიური შოკის დიაგნოსტირება, დამტკიცებული გაიდლაინით განსაზღვრული სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად, ხორციელდება.

NCDC-ის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ექიმი დეტალურად აფასებს პაციენტის ანამნეზს იმის დასადგენად, აქვს, თუ - არა პაციენტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი. იმუნიზაციის პროვაიდერი კლინიკის სამედიცინო პერსონალი სათანადოდაა მომზადებული, რომ დროულად ამოიცნონ მძიმე ალერგიული რეაქციები და ასეთი რეაქციების სამკურნალოდ გადაუდებელი ზომები მიიღონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ასაცრელმა პირმა ექიმს სრულყოფილად მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა, თუ - არა სიცოცხლის განმავლობაში, მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობამ ადრენალინის/ეპინეფრინის გამოყენება ან ჰოსპიტალიზაცია მოითხოვა“.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.