დეზინფორმაცია: ენტონი ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია
ვერდიქტი: მანიპულირება
სოციალურ ქსელში აშშ-ის „ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ (NIAID) დირექტორის, ენტონი ფაუჩის, ელექტრონული ფოსტის წერილები მანიპულაციურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების ავტორების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის მარტშივე იცოდა, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროდ კი 2020 წლის 11 მარტს ენტონი ფაუჩისთვის ადამ გერტნერის მიერ გაგზავნილი წერილი მოჰყავთ, სათაურით - „ბიოლოგიური იარაღის, კორონავირუსის, შექმნის მეთოდი“ (Coronavirus bioweapon production method).
სინამდვილეში, აღნიშნული წერილი არ ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. მოცემული ინფორმაციის მანიპულაციური შინაარსის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი საერთაშორისო პლატფორმაც წერდა (PolitiFact, Leadstories, USAToday, Pointer).
2021 წლის 1 ივნისს, გამოცემებმა - BuzzFeed News და The Washington Post - ათასობით გვერდისგან შემდგარი ელექტრონული ფოსტის წერილები გამოაქვეყნეს, რომელიც 2020 წლის იანვრიდან პერიოდს მოიცავს. სოციალურ ქსელში მტკიცებულებად წარმოდგენილი ერთ-ერთი წერილის ფოტო COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ სანდო წყაროს არ წარმოადგენს.
გავრცელებული წერილის ტექსტი 2005 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ტექსტიდანაა (გვ.2) დაკოპირებული:
წერილის ავტორი ადამ გერტნერია, რომელიც საკუთარ თავს „დამოუკიდებელ მკვლევრად“ მოიხსენიებს. გერტნერის მიერ ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა, თუ როგორ შეიქმნა COVID-19. გავრცელებული წერილების მიხედვით, ფაუჩის მეილზე პასუხი არ გაუცია.
გერტნერმა მეილში COVID-19-ის წარმოშობის მტკიცებულებად პენსილვანიის უნივერსიტეტში კორონავირუსის ტიპის ვირუსების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ერთ-ერთი მონაკვეთი სიტყვა-სიტყვით გადაიტანა. კვლევის ავტორების, პაულ ბეითსისა და გრაამ სიმონსის, თანახმად, გერტნერმა წერილში გამოყენებული ტექსტი COVID-19-თან არასწორად დააკავშირა - მათ ექსპერიმენტში გამოყენებული ვირუსის ნაწილები კორონავირუსის გენეტიკურ მასალას არ შეიცავდა.
ფაუჩიმ გავრცელებული წერილების ნაწილზე კომენტარი CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან განაცხადა, სჯერა, რომ COVID-19 ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ კვლევების გაგრძელებას მხარს უჭერს. შესაძლებელია, რომ წარმოშობის სხვა მიზეზიც არსებობდეს, მაგალითად, ლაბორატორიიდან გაჟონვა.
რაც შეეხება ადამ გერტნერს, მას სამედიცინო ხარისხი არ აქვს. თავისი Twitter-ის ბიოგრაფიაში 2020 წლის აპრილში ამტკიცებდა, რომ COVID-ის წამალი აღმოაჩინა. იქვე მიმაგრებულ Youtube-ვიდეოში კი ამბობდა, რომ ის ექიმი, პროფესორი ან რაიმე მსგავსი არ არის, თუმცა კორონავირუსის შესახებ ბოლო წლებში ბევრი გამოკვლევა ჩაატარა.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, მცდარია. წერილის ავტორი „დამოუკიდებელი მკვლევარი“ ადამ გერტნერია, რომელმაც ფაუჩის არა დადასტურებული ინფორმაცია, არამედ ვირუსის წარმოშობის შესახებ საკუთარი აზრი მისწერა, რომლის მტკიცებულებადაც 2005 წელს ჩატარებული კვლევის მონაკვეთი მოიყვანა.
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.