ვარლამ გოლეთიანი: „შუახევ ჰესის მშენებლობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ, მისი სადერივაციო გვირაბი ექვს ადგილზე ჩაინგრა და დამატებით დაჯდა მისი რემონტი და შეკეთება 200 მლნ, რამაც გააძვირა პროექტის ღირებულება და სხვათა შორის, ეს ფული ჩვენ, ჩვენი ჯიბეებიდან, ისე გადავიხადეთ ალბათ, არც ერთ ჩვენგანს ეს არ გაგვიგია...... დღეს გვაქვს ასეთი სურათი: შუახევ ჰესი არის 148 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელმაც წინა თვეში გამოიმუშავა 11 მგვტ, იმის წინა თვეში გამოიმუშავა ცოტა მეტი, 15 მგვტ-მდე.“
ვერდიქტი: ვარლამ გოლეთიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: „შუახევ ჰესის“ მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდა. სექტემბერში კი 37-კილომეტრიანი გვირაბი რვა ადგილას ჩამოიშალა. კერძოდ, სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი - ორ, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი - ექვს ადგილას. კომპანიამ მისი რეაბილიტაცია 2019 წელს დაასრულა და ამისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ჰესის პარამეტრებს, მისი დადგმული სიმძლავრე 178 მგვტ-ია, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება - 450 მლნ კვტ/სთ. საკუთარ განცხადებაში ვარლამ გოლეთიანმა სწორედ ეს ორი, განსხვავებულ ზომის ერთეულში გამოსახული განსხვავებული სიდიდე შეადარა ერთმანეთს. კერძოდ, მეგავატი (სიმძლავრე) და მეგავატ-საათი (ენერგია), რითაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს 178 მეგავატიანი ჰესი მხოლოდ 11 მეგავატიან დატვირთვაზე მუშაობს. სინამდვილეში მეგავატი სიმძლავრის საზომი სიდიდეა, მეგავატ-საათი კი ენერგიის. მათი შედარება ისეთივე ფუნდამენტური შეცდომაა, როგორც კილომეტრის (მანძილი) და კილომეტრ-საათის (სიჩქარე) ერთმანეთთან შედარება. რეალურად, 178 მეგავატი ჰესის დადგმული სიმძლავრეა, 11 მეგავატ-საათი (და არა 11 მეგავატი) ენერგია კი ერთი თვის მანძილზე გამომუშავებული ენერგია. ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს არ ედრება. შუახევჰესის საპროექტო გამომუშავება წელიწადში 450 მლნ კვტ/სთ-ია. შესაბამისად, ყოველთვიური გამომუშავება დადგმულ სიმძლავრეს კი არ უნდა შედარდეს, არამედ თორმეტივე თვის გამომუშავება შეიკრიბოს და წლიურ საპროექტო გამომუშავებას ანუ 450 მლნ კვტ/სთ-ს.
„შუახევ ჰესმა“ ექსპლუატაცია 2020 წლიდან განაახლა და არასრული წლის განმავლობაში, თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 258.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2021 წლის იანვარ-აპრილში კი გამომუშავებამ 115.96 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
შესაბამისად, ვარლამ გოლეთიანის განცხადება, რომ შუახევ ჰესის გვირაბები ექსპლოატაციაში გაშვებიდან მალევე ჩამოიშალა, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა განცხადების ნაწილი, რომელშიც „შუახევ ჰესის“ სიმძლავრეების ათვისებისა და მის მიერ გამომუშავებული ელენერგიის მაჩვენებლებზე საუბრობს, მცდარია. ასევე მცდარია მტკიცება, რომ ჰესის მშენებლობაზე, ან მის შეკეთებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან[ჩვენი ჯიბიდან] 200 მლნ გაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებული მოლაპარაკებები და შეთანხმება გარანტირებულ ტარიფზე გამჭვირვალე არ არის და, შესაძლოა, ეს ხარჯი ტარიფზე ასახულიყო, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა ამ თანხას არაპირდაპირ საკუთარი ჯიბიდან იხდიან. ჰესის რეაბილიტაციის ხარჯები ინვესტორმა გასწია. მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზიანის კავშირი ჰესთან ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა აღნიშნული ფაქტადაც რომ მივიღოთ, გოლეთიანს 200 მლნ-იანი ხარჯი ამ კონტექსტში არ უხსენებია.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვარლამ გოლეთიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
თბილისში „ნამოხვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საზოგადოებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თბილისის მერის განცხადების ჩანაწერი მოასმენინა. კახა კალაძე ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, გრძელვადიან პერსპექტივაში, იწვევს ტარიფის ზრდას და მოსახლეობის ჯიბეზე მძიმედ აისახება. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი, კალაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული რესურსები რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ.
კახა კალაძის პასუხად ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა: „შუახევ ჰესის მშენებლობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ, მისი სადერივაციო გვირაბი ექვს ადგილზე ჩაინგრა და დამატებით დაჯდა მისი რემონტი და შეკეთება 200 მლნ, რამაც გააძვირა პროექტის ღირებულება და სხვათა შორის, ეს ფული ჩვენ, ჩვენი ჯიბეებიდან, ისე გადავიხადეთ, რომ, ალბათ, არც ერთ ჩვენგანს ეს არ გაგვიგია... დღეს გვაქვს ასეთი სურათი: შუახევი ჰესი არის 148 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელმაც წინა თვეში გამოიმუშავა 11 მგვტ, იმის წინა თვეში გამოიმუშავა ცოტა მეტი, 15 მგვტ-მდე. ჰესები, რომლებიც ააშენა ამ ხალხმა, გვაზარალებს, გვენგრევა თავზე და უამრავ პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას...“
აჭარაში „შუახევ ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის ივნისში დასრულდა. ჰესის მშენებლობას 420 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოხმარდა. ობიექტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და მას იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სახვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა.
ჰიდროელექტროსადგურის გახსნა მთავრობამ პომპეზურად აღნიშნა, მაგრამ ორიოდე თვეში 37-კილომეტრიანი გვირაბები რვა ადგილას დაზიანდა. კერძოდ, სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი - ორ, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი - ექვს ადგილას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე მოსახლეობამ ჰესის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივები მაშინ ამბობდნენ, რომ მეწყრულად აქტიურ ზონაში მსგავსი საინჟინრო სამუშაოები უსაფრთხო არ იყო და დიდ ზარალს გამოიწვევდა. აქცია პოლიციამ დაშალა. კომპანია და ხელისუფლება ირწმუნებოდნენ, რომ გეოლოგიური კვლევები ჩატარდა და მშენებლობა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, როცა უკვე გვირაბი ჩამოიშალა, ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ მიზეზად სწორედ მეწყრულად აქტიური მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელ არამყარ ქანებს ასახელებდა.
დაზიანებული გვირაბის აღდგენას დამატებითი დრო და ფული დასჭირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 100 მლნ აშშ დოლი გაიხარჯა. ეს ხარჯი კომპანიამ გაიღო. თუმცა ჰესის მშენებლობის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იხარჯება. მაგალითად, ონლაინმედია „ბათუმელების“ ინფორმაციით, გზების დეპარტამენტმა ხულოს გასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ ნიადაგის გამორეცხვას ხელი შეუწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანიის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა. თუმცა ოფიციალურად ამის მიზეზი დადასტურებული არ იყო და ამას ჰესის მშენებელი კომპანიაც უარყოფდა.
ჰესის მშენებლობის არეალში მოხვედრილმა მოსახლეობამ პრეტენზიებით არაერთხელ მიმართა კომპანიას, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სახლები, სწორედ სამშენებლო პროცესების გამო, დაიბზარა, ნაკვეთები ან იტბორება, ან წყალი საერთოდ დაშრა. კომპანია ბრალდებებს უარყოფს. მიზეზი ჯერაც დაუდგენელია და გამორიცხული არაა, რომ არც გაირკვეს. თუმცა, თუ გარკვეული ოჯახებისთვის შექმნილ პირობებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი გახდება, სახელმწიფოს ხარჯის გაღება მოუწევს.
რაც შეეხება თვითონ ჰესის პარამეტრებს: ოფიციალური ინფორმაციით, „შუახევ ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 178 მგვტ-ია (პლუს 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესი, რაც ჯამში 187 მგვტ-ს უდრის). დადგმული სიმძლავრე აგრეგატების ნომინალური სიმძლავრის ჯამია და აჩვენებს რა მაქსიმალური დატვირთის პირობებში შეუძლია მუშაობა ობიექტს. დადგმულ სიმძლავრესთან ერთად ჰესების მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრია წლიური გამომუშავება. უშუალოდ შუახევ ჰესის საპროექტო წლიური გამომუშავება 450 მლნ კვტ/სთ-ია.
საკუთარ განცხადებაში ვარლამ გოლეთიანმა სწორედ ეს ორი, განსხვავებულ ზომის ერთეულში გამოსახული განსხვავებული, სიდიდე შეადარა ერთმანეთს. კერძოდ, მეგავატი (სიმძლავრე) და მეგავატ-საათი (ენერგია), რითაც შექმნა შთაბეჭდილება თითქოს 178 მეგავატიანი ჰესი მხოლოდ 11 მეგავატიან დატვირთვაზე მუშაობს. სინამდვილეში მეგავატი სიმძლავრის საზომი სიდიდეა, მეგავატ-საათი კი ენერგიის. მათი შედარება კი ისეთივე ფუნდამენტური შეცდომაა, როგორც კილომეტრის (მანძილი) და კილომეტრ-საათის (სიჩქარე) ერთმანეთთან შედარება. რეალურად, 178 მეგავატი ჰესის დადგმული სიმძლავრეა, 11 მეგავატ-საათი (და არა 11 მეგავატი) ენერგია კი ერთი თვის მანძილზე გამომუშავებული ენერგია. ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს არ ედრება. შუახევ ჰესის საპროექტო გამომუშავება წელიწადში 450 მლნ კვტ/სთ-ია. შესაბამისად, ყოველთვიური გამომუშავება დადგმულ სიმძლავრეს კი არ უნდა შედარდეს, არამედ თორმეტივე თვის გამომუშავება შეიკრიბოს და წლიურ საპროექტო გამომუშავებას ანუ 450 მლნ კვტ/სთ-ს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემების თანახმად, „შუახევი ჰესმა“, გვირაბის აღდგენის შემდეგ, 2020 წლის თებერვალ-დეკემბერში, ჯამში 258.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, საპროექტო გამომუშავების ნახევარზე მეტი. თვეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მარტში, აპრილსა და მაისში აქვს (შესაბამისად: 58.867; 57.123; 86.148 მლნ კვტ/სთ). ამის შემდეგ კლების ტენდენციით ხასიათდება და სექტემბერ-დეკემბერში მკვეთრად ეცემა (შესაბამისად: 1.534; 2.686; 4.575; 3.864 მლნ კვტ/სთ).
2021 წელს „შუახევ ჰესის“ მიერ გამომუშავებული ელენერგიის რაოდენობა კვლავ იზრდება: იანვარი - 11.420 მლნ კვტ/სთ; თებერვალი - 13.981 მლნ კვტ/სთ; მარტი - 27.163 მლნ კვტ/სთ და აპრილი - 63.129 მლნ კვტ/სთ.
აქედან გამომდინარე, ვარლამ გოლეთიანის განცხადების ის ნაწილი, რომელშიც „შუახევ ჰესის“ სიმძლავრეების ათვისებისა და მის მიერ გამომუშავებული ელენერგიის მაჩვენებლებზე საუბრობს, მცდარია. ასევე მცდარია მტკიცება, რომ ჰესის მშენებლობაზე, ან მის შეკეთებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან[ჩვენი ჯიბიდან] 200 მლნ გაიხარჯა. ჰესის რეაბილიტაციის ხარჯები ინვესტორმა გასწია. მოქალქეებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზიანის კავშირი ჰესთან ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა აღნიშნული ფაქტადაც რომ მივიღოთ, გოლეთიანს 200 მლნ-იანი ხარჯი ამ კონტექსტში არ უხსენებია.გოლეთიანი ამ ხარჯს იმ კონტექსტში ახსენებს, რომ ის მოსახლეობის დასაფარია. როგორც რეზიუმეშიც აღვნიშნეთ, პირდაპირ ეს მოსახლეობას არ დაუფინანსებია, თუმცა ვინაიდან გამჭვირვალე და საჯარო არ არის ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, ჩვენთვის უცნობია შეთანხმებული ტარიფი და, შესაბამისად, უცნობია აისახა თუ არა ეს ხარჯი ენერგიის საფასურზე და იქნება თუ არა, არაპირდაპირ, მოქალაქეების გადასახდელი. აქედან გამომდინარე, ვარლამ გოლეთიანის მიერ გაკეთებული დაშვება, რომ ამ თანხის გადახდა მოქალაქეებს უწევთ, შესაძლოა სიმართლესაც შეესაბამებოდეს, თუმცა ვინაიდან ამის თქმა პირდაპირ არ შეგვიძლია, განცხადების ამ ნაწილს "ფაქტ-მეტრი" ვერდიქტის გამოტანისას არ გაითვალისწინებს.
ინფორმაციისთვის: შპს „ენკა რინიუებლზ“, რომელმაც ნამოხვანი ჰესი უნდა ააშენოს, 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი 10%-იანი წილის მფლობელია ნორვეგიული სს „ქლინ ენერჯი გრუპ ეი. ეს.“ რომელმაც ინდურ კომპანია Tata Power-თან ერთად, „აჭარისწყალი ჯორჯია“ დააფუძნა, რომელმაც „შუახევ ჰესის“ ააშენა.
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიის თავდაპირველი ვერდიქტი იყო "მეტწილად მცდარი."
მკითხველთან კომუნიკაციის შემდეგ, ვერდიქტი დაზუსტდა და შეიცვალა ვერდიქტით "ნახევრად სიმართლე".
სტატიაში შესაბამისი ცვლილებები დახრილი შრიფტითაა შეტანილი, რათა ის მარტივად შესამჩნევი იყოს მკითხველისთვის.