სერგო ჩიხლაძე: სუს-ის ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების საქართველოში მოქმედების ძირითადი მიზანი არის ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება, ანტიდასავლური განწყობები და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება. 2019 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია ყოფითი პრობლემების გამოყენება.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგო ჩიხლაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლების (2018-2020) ანგარიშების თანახმად, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს.
სამივე ანგარიშში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და მტრულად განწყობილი აქტორების ისეთ ძირითად მიზნებზეა ყურადღება გამახვილებული, როგორიცაა: ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირება, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან. 2019 და 2020 წლის ანგარიშებში საუბარია სხვადასხვა ყოფითი ხასიათის საკითხის ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით წარმოჩენაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სერგო ჩიხლაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, „ტვ პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“ დმანისში 16-17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან საქართველოში მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედების ძირითად მიმართულებებზე და მათ როლზე - ქვეყანაში სხვადასხვა სახის შუღლის გაღვივებაში, გაამახვილა ყურადღება.
„ჩავიხედოთ უშიშროების სამსახურების, სუსის ანგარიშებში, რომლებიც ღიაა და იქ პირდაპირ წერია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს მეორდება რომ უცხო, მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების, გასაგებია, ვინც იგულისხმება, საქართველოში მოქმედების ძირითადი მიზანი არის... ჩამოთვლილია: ეს არის ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება და ანტიდასავლური განწყობები და ეს არის მეზობელ ქვეყნებთან რეგიონში, განსაკუთრებით - სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, ურთიერთობის გაფუჭება... 2019 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია ყოფითი პრობლემების გამოყენება“ - განაცხადა ჩიხლაძემ.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნის წინაშე არსებული შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენის, პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების გზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საქმიანობის მთავარი მიზანი და კომპეტენციაა. სუს-ი ყოველწლიურად წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს ეხება.
2018 წლის ანგარიში
როგორც სუს-ის 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენდა.
ანგარიშში გამოკვეთილია ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ისეთი ძირითადი გამოწვევები, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.
ანგარიშში ვკითხულობთ „ჰიბრიდული ომის“ შესახებ, რასაც საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოკუმენტში საუბარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიზნებზე, რაზეც სტატიაში განსახილველი განცხადების ავტორი საუბრობს. კერძოდ, 2018 ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას“.
2019 წლის ანგარიში
2018 წლის მსგავსად, 2019 წლის ანგარიშშიც ვკითხულობთ „ჰიბრიდული ომის“ მექანიზმების გამოყენების მცდელობებზე ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ასევე, საუბარია ჰიბრიდული ომის წარმოების ფორმების, მეთოდებისა და სამიზნე ობიექტებზე ზემოქმედების ტაქტიკის დახვეწაზე.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში 2019 წელსაც აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო კურსზე ზემოქმედება, მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი) კეთილმეზობლური ურთიერთობების დაზიანების მცდელობები და ა.შ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.
ანგარიშში კვლავ ვკითხულობთ ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობებზეც. საუბარია, რომ საანგარიში პერიოდში, იყო მცდელობები, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო:
„საქართველო, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუდმივად დგას შუღლის გაღვივებისა და სეპარატისტული გამოვლინებების საფრთხის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები“.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში საუბარია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზეც. კერძოდ, ვკითხულობთ, რომ „ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობის წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა.
2020 წლის ანგარიში
2020 წლის ანგარიშში, წინა წლების ანგარიშების მსგავსად, მზარდ საფრთხედაა მიჩნეული ჰიბრიდული ომის წარმოების შესაძლებლობების განვითარება. გასულ წელსაც, უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედების მცდელობებსა და მოსახლეობაში დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივებას.
ანტიდასავლური ნარატივების პარალელურად, გამოიკვეთა საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკის გაძლიერება და მათთან პარტნიორული ურთიერთობის დაზიანების მცდელობები.
ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ადგილი ჰქონდა სამიზნე ჯგუფებში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რადიკალური შეხედულებების წახალისების აქტიურ მცდელობებს, რისთვისაც მიმდინარეობდა ყოფითი ხასიათის სხვადასხვა საკითხის ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით წარმოჩენა.
დასკვნა
როგორც განხილული ანგარიშებიდან ჩანს, საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნებიდან [თუ ქვეყნიდან] მომდინარე მზარდ საფრთხეებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მიუთითებს. თუმცა, ცალკე განხილვის საგანია, როგორ რეაგირებს ხელისუფლება ამ საფრთხეებზე, რა ნაბიჯებს დგამს მათ აღსაკვეთად და მათი ქმედებები რამდენად ეფექტიანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
პარადოქსულია, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, ნებით ნუ უნებლიეთ, თავად ხელისუფლება უწყობს ხელს იმ საფრთხეების გაძლიერებას, რომელთა წამოჭრაც მტრული ქვეყნის ინტერესებში შედის. ამის თვალსაჩინო მაგალითია „კარტოგრაფების საქმის“ გარშემო განვითარებული მოვლენები (იხილეთ ამ თემაზე ბმული 1; ბმული 2;). შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხზე პრორუსული/ანტიდასავლური აქტორებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს დიდწილად ემთხვეოდა. ამასთან, გაირკვა, რომ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართული იყვნენ, როგორც ქლიქბეითები რუსული IP მისამართებით, ულტრანაციონალისტები და კრემლისტური ძალები, ისე სახელისუფლებო ჯგუფები.