მიმდინარე წელს, ბენზინის ფასების ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის, განსაკუთრებით მძიმედ, მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. შესაბამისად, საზოგადოებაში საწვავის ფასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.
2021 წლის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, ყველა ტიპის საწვავზე ფასის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. საწვავის ფასმა, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ნაწილში, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ზოგადად, ბენზინის სარეალიზაციო ფასი მრავალი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, მათ შორის: ბარელი ნავთობის ფასი, რომლიც საერთაშორისო ბირჟებზე განისაზღვრება, მისი გადამუშავება და უშუალოდ სხვადასხვა ტიპის საწვავად ქცევა, ტრანსპორტირება და ადგილზე დისტრიბუცია, რასაც საქართველოში აქციზის გადასახადი და კომპანიის მხრიდან მოგების მარჟა ემატება. ვინაიდან საქონელი იმპორტულია, ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ეროვნული ვალუტის მერყეობაც ახდენს. აღნიშნული კომპონენტებიდან, საწვავის მიმდინარე გაძვირება, ძირითადად სავაჭრო ბირჟებზე ფასის ზრდამ და დოლართან მიმართებით ლარის კურსის შემცირებამ (გაუფასურება) განაპირობა.
პანდემიის პირობებში მსოფლიო ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, ნავთობის მოხმარებაც შემცირდა, რამაც ნავთობი თავდაპირველ ეტაპზე გააიაფა, ხოლო ეკონომიკის შედარებით ამუშავების შემდეგ, ბუნებრივია, ნავთობზე მოთხოვნაც გაიზარდა, რამაც სხვა მიზეზებთან ერთად, ფასების ზრდაც გამოიწვია. დინამიკა, თუ როგორ იცვლებოდა ბოლო 1 წლის მანძილზე ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. ბოლო წლის განმავლობაში, ნავთობის ფასი თითქმის გაორმაგდა და 65.4 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო წლების დინამიკის თვალსაზრისითაც, მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.
გრაფიკი: 1 ბარელის (159 ლიტრი) ფასი 2020-2021 წლებში
წყარო: statista.com
ამავდროულად, გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე, დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა, რამაც საწვავის ფასის საბოლოო ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა, რადგან საქართველოში ნავთობპროდუქტები იმპორტის სახით (აშშ დოლარში) შემოდის. შესაბამისად, ლარის ნებისმიერი გაუფასურება, საწვავის ფასზე მკვეთრად აისახება.
გრაფიკი 2: ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2020-2021
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ბენზინის ფასის ცვლილებას 2020-2021 წლებში. 2020 წლის მარტიდან ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რისი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ბარელზე ფასის შემცირება იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ბარელზე ფასი გაიზარდა და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, ფასებმა - როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე, მატება დაიწყო.
გრაფიკი 3: ბენზინის და დიზელის ფასები საქართველოში, 2020-2021
წყარო: გალფი
საგარეო ფაქტორებთან ერთად, ბუნებრივია, საწვავის ფასწარმოქმნაზე შიდა ფაქტორებიც მოქმედებს. აღნიშნულ პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აქციზის გადასახადია, რის გამოც, საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მთავრობის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 ტონა იმპორტირებულ ბენზინზე აქციზის გადასახადი 500 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ტონა დიზელზე - 400 ლარს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 1 ტონა ბენზინი დაახლოებით 1075 ლიტრს შეადგენს, ხოლო 1 ტონა დიზელი კი დაახლოებით 1135 ლიტრს. უშუალოდ 2020-2021 წელს საგადასახადო რეჟიმი არ შეცვლილა. შესაბამისად, ფასის მიმდინარე ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი საკანონმდებლო ცვლილებები არ ყოფილა.
ამ კუთხით, ბოლო ცვლილება 2017 წლის 1 იანვარს განხორციელდა. კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმის (ესტონური მოდელი) შედეგად ბიუჯეტში დაკლებული შემოსავლები არაელასტიურ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდით დაბალანსდა. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის განაკვეთები გაორმაგდა, რამაც 20-25 თეთრით გააძვირა საწვავი. აღსანიშნავია, რომ საწვავი, საქონლისა და მომსახურების სრული უმრავლესობის შემთხვევაში, ერთ-ერთ შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, საწვავის გაძვირების კონტრიბუცია ინფლაციაში მაღალია.
აღსანიშნავია, ასევე ის კითხვები, რაც საზოგადოებაში ბენზინის ფასთან დაკავშირებით არსებობს. კერძოდ, როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ბარელის ფასი მცირდება, საქართველოში ბენზინის ფასი იგივე რჩება და საწვავზე ფასის ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე სწრაფად არ აისახება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ნავთობკომპანიებს გარკვეული მარაგები კონკრეტულ ფასად აქვთ ნაყიდი და მათ ბოლომდე გაყიდვამდე, მარაგებს გაიაფებული საწვავით არ შეავსებენ და შესაბამისად, საწვავზე დაბალ ფასებს ვერ ასახავენ. ამ ყველაფერთან აღსანიშნავია ის, რომ ბენზინის, როგორც ერთ-ერთი საბაზრო პროდუქტის ფასწარმოქმნაში, დიდი როლს მოგების მარჟა თამაშობს, რომელიც, თავის მხრივ, ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ ფასი საბაზრო ძალებით, ანუ მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ყალიბდება, მაშინ საზოგადოების უკმაყოფილება საწვავის დისტრიბუტორი კომპანიების მიმართ, უსაფუძვლო იქნებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ საწვავის ბაზარზე, შესაძლოა, ოლიგოპოლიურ ფასწარმოქმნას ჰქონდეს ადგილი. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ მსჯელობაში ვერ შევა, თუმცა ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის პირველი მოკვლევის შედეგად საქართველოში არსებული ნავთობკომპანიები, „კონკურენციის შესახებ კანონის“ დარღვევის გამო, 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. შედეგად, კონკურენციის სააგენტოს 55-მილიონიანი ჯარიმის 3 მილიონამდე შემცირება მოუწია. ნავთობკომპანიებს შემცირებული ჯარიმა აღარ გაუსაჩივრებიათ.