2020 წლის 10 მაისს მთავრობის სხდომაზე ტყით სარგებლობის ახალი წესი მიიღეს. აღნიშნულმა წესმა მოსახლეობაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, კითხვები განსაკუთრებით ტყის პროდუქტების სარგებლობასთან დაკავშირებით გაჩნდა.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ საკითხის გარკვევას შეეცადა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ახალი „ტყით სარგებლობის“ წესით, მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.

პირიქით, ახალი წესით, ამ რესურსით კომერციული საქმიანობაც დასაშვებია, რაც აღნიშნულ რეგულაციამდე აკრძალული იყო (ტყის კოდექსის მიხედვით, ტყის რესურსების მოპოვება მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით იყო დასაშვები (თავი IV, მუხლი 35). აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არ არსებობდა ტყის არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ.

ახალი „ტყით სარგებლობის წესის“ მიხედვით, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობის უფლება იურიდიულ პირებზე გაიცემა. მათ შესაბამისი განცხადებით ტყის მართვის ორგანოს უნდა მიმართონ და ამის შემდეგ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მთელი წლით მიიღებენ. თუმცა, ისინი ვალდებული იქნებიან, წლის ბოლოს ანგარიში წარადგინონ და კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხადონ.

ამავე, „ტყით სარგებლობის წესის“ მიხედვით, მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის, ტყის რესურსები - როგორიცაა მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხე-ტყის ნარჩენები (რომელიც ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) აქტიურად გამოიყენება და ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი რგოლია), უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს - საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიანი ეზოებში, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ., სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი).

ეს არის საკითხის ოფიციალური განმარტება, თუ მას შევაჯამებთ, „ტყით სარგებლობის“ ახალი წესის მიხედვით, მოსახლეობას ტყის პროდუქტების პირადი მოხმარებისთვის მოპოვება არ ეკრძალება, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, სოფლის მაცხოვრებელი ტყეში მოკრეფილ მაყვალს ან ასკილს გაყიდის. სოფლის მკვიდრი არ არის იურიდიული პირი. ტყის მოხმარების ახალი წესის მიხედვით, კი ტყის არამერქნული რესურსის კომერციალიზაციისთვის ნებართვა იურიდიულ პირებზე გაიცემა და ამისთვის, მათ წლის ბოლოს მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ. რა ხდება კერძო პირის (სოფლის მაცხოვრებლის) შემთხვევაში. სეზონზე, ვთქვათ, ტყეში მოპოვებული 100 კილოგრამი მაყვლის გაყიდვის უფლება თუ ექნება და ამისთვის გადასახდის გადახდა თუ მოუწევს, ეს საკითხი ბუნდოვანია და განმარტებას საჭიროებს.

რაც შეეხება შეშით სარგებლობას, ახალი წესის მიხედვით, მოსახლეობას 2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება. შეშის შეძენა ე.წ. „საქმიან ეზოებში“ იქნება შესაძლებელი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში განთავსება. მოსახლეობა შეშის შეძენას უახლოესი ტყიდანაც შეძლებს, ოღონდ შეშის მოპოვებას და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები განახორციელებს და არა თავად მოსახლეობა.

„ტყით სარგებლობის“ ახალი წესი უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. აღნიშნული დოკუმენტის დეტალურ განხილვას მოგვიანებით მოგაწვდით.