2020 წლის 26 თებერვალს საქართველოსი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. მალევე, ადგილობრივმა წარმოებამ დოლბანდისგან შეკერილი სამშრიანი პირბადეების გამოშვება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ხელშეკრულება 26 მარტს შპს „ქართულ ტექსტილთან“ გაფორმდა, თავდაპირველად ხელშეკრულების მიხედვით 500 000 ცალი სამშრიანი დოლბანდის პირბადის შეძენა იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, 8 აპრილს, ხელშეკრულება დაკორექტირდა და ცვლილების მიხედვით სამინისტომ 100 000 სამშრიანი პირბადე 114 000 ლარად შეიძინა. შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად იყიდებოდა, ანუ სახელმწიფომ პირბადეების ფასი დაასუბსიდირა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, სადაც კოვიდ-19-თან დაკავშირებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებია შესწავლილი - 18 მარტიდან 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფომ პირბადეების 10 შესყიდვა განახორციელა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ პირბადეების ღირებულება ყველა შესყიდვის პირობებში განსხვავებული იყო და 0.85 ლარიდან 1.5 ლარამდე მერყეობდა.

კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ვირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულ აქტივობებს შორის ქალაქების ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებიც შედიოდა.

დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის ქუჩების დამუშავება/დეზინფექციის (ე.წ. გამფრქვევის საშუალებით ცივი შესხურების სადეზინფექციო ხსნარებით) მიზნით 75 000 ლარი გამოიყო, ხოლო ქუჩების მოსარეცხად საჭირო საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალების შესაძენად - 8 127 ლარი, ჯამში თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებით მორეცხვას 83 127 ლარი მოხმარდა.

იგივე სამუშაოების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ 21 500 ლარი, ზუგდიდმა - 27 035 ლარი, ბათუმმა - 6 879 ლარი, საგარეჯომ - 9 870 ლარი, ხობმა -3 875 ლარი, დედოფლისწყარომ - 1800 ლარი, ლაგოდეხმა - 4 200 ლარი დახარჯა.

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მსგავს ღონისძიებებს სხვა ქვეყნებშიც მიმართავდნენ და ქუჩების მოსარეცხად სხვადასხვა ხსნარს, საპნიან წყალსა და სადეზინფექციო საშუალებებს იყენებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მაისის თვეში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების საკითხს სპეციალური დოკუმენტი მიუძღვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქუჩების მორეცხვას სადეზინფექციო საშუალებებით ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, არანაირი ეფექტი არ აქვს, რადგან ქუჩაში არსებული მტვერი და ჭუჭყი სადეზინფექციო ხსნარების მოქმედებას არაეფექტურს ხდის. პირიქით, ქუჩების მორეცხვა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს და თვალების, კანის და სასუნთქი გზების დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

2020 წლის 16 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ, COVID-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ინოვაციური მობილური აპლიკაცია STOP COVID წარადგინა. აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევდა, გაეგო, COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში თუ იმყოფებოდა. მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული აპლიკაცია გააუქმა. აპლიკაციის შექმნა, რომელმაც მხოლოდ ცხრა თვე იფუნქციონირა, 400 000 ლარზე მეტი (120 000 ევრო) დაჯდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, აღნიშნული აპლიკაციის წარმატების გასაზომად ორი მთავარი მაჩვენებელი გამოდგება: გადმომწერების რაოდენობა და ინფიცირების შესახებ თვითშეტყობინების რაოდენობა. ამავე კვლევის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში აპლიკაცია სულ 232 659-მა ადამიანმა გადმოწერა, საიდანაც გადმოწერების 85% პირველ თვეში დაფიქსირდა, ხოლო 64% (150 000) პირველ 24 საათში. მთლიანი გადმოწერების მხოლოდ 9% დაფიქსირდა 2020 წლის ბოლო სამ თვეში, როდესაც ვირუსის უკონტროლო გავრცელების პრობლემა ყველაზე მწვავედ იდგა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ აპლიკაციისადმი თავდაპირველი მომეტებული ინტერესის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო ამ ინტერესის გაღვივება და შენარჩუნება.

რაც შეეხება ინფიცირების შესახებ თვითშეტყობინების რაოდენობას, იმავე კვლევის მიხედვით, აპლიაკაციის საშუალებით ვირუსით ინფიცირების შესახებ 11 437 თვითშეტყობინება დაფიქსირდა, რაც 21 დეკემბრისთვის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 5.6% იყო.

აპლიკაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მედიასთან ორი მიზეზი დაასახელა: მათი განცხადებით, დასრულდა კონტრაქტის კონკრეტული ეტაპი და სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და აპლიკაციის დეაქტივაციის გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდსიტუაციისგან გამომდინარე მიიღო.

განხილული მაგალითებიდან ჩანს, რომ მთავრობის მიერ კოვიდპანდემიის პრევენციისთვის განხორციელებულ შესყიდვებსა და ღონისძიებებში, რომელთაც განსაკუთრებული ეფექტი არ მოჰყოლია, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. ეს იმ ფონზე, როდესაც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს საშუალოდ 2000 ლარი უჯდება. ზემოთ აღნიშნული კი პანდემიის ეფექტური მართვის მაგალითად ვერ გამოდგება.