მიხეილ სააკაშვილი: მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე: სტატიაში მოხმობილი განცხადებები მოწმობს, რომ მიხელ სააკაშვილმა, დროის ის კონკრეტული მონაკვეთი, როცა საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, რამდენჯერმე განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ მას დაბრუნების ზუსტი თარიღი (წელი, თვე და რიცხვი) არ უხსენებია, მისი განცხადებების ფორმულირება და კონტექსტი შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ იგი კონკრეტულ გარემოებების დადგომასთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. ამასთან, 2019 წლის განცხადებაში მან დაბრუნების შესაძლო პერიოდი „უახლოესი რამდენიმე თვით“ განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხელ სააკაშვილი განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2021 წლის 20 აპრილს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებულ დოკუმენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება რეფერენდუმი და ეს არჩევნები გადაწყვეტს, შეიცვლება, თუ - არა ხელისუფლება საქართველოში საპარალამენტო არჩევნების გზით. ასევე, მან განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებს - „მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა, ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები. ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია სრულიად უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, რომელსაც იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მოვიგებ სტრასბურგის სასამართლოში“.
2013 წელს მიხელ სააკაშვილმა, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შემდეგ, საქართველო დატოვა. მას შემდეგ იგი საქართველოში ჩამოსვლას ხშირად აანონსებს. საქართველოში დაბრუნებაზე აქტიური საუბარი მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას დაიწყო. 2016 წლის პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე (2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები) საუბრისას განაცხადა, რომ იგი საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნების შედეგების დაცვას აპირებდა. 5 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში გამართულ აქციაზე, მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან ჩაერთო და საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ „3 დღეში დგება სიმართლის ჟამი. 3 დღეში დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი. ზუსტად 3 დღეში დასრულდება დიდი ქოციანობა. ზუსტად 3 დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს, ზუსტად 3 დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო ჩვენთვის ეს არის 3 დღე გამარჯვებამდე“.
2019 წელ 30 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა. როგორც მან განაცხადა, იგი უახლოეს თვეებში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და „ქართველ ხალხთან ერთად ივანიშვილის მმართველობის დასრულებას“. გარდა ზემოხსენებული განცხადებებისა, მან საქართველოში დაბრუნების შესახებ არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მისი განცხადებები ზოგად ხასიათს ატარებდა.
საბოლოო ჯამში, სტატიაში მოხმობილი განცხადებები მოწმობს, რომ მიხელ სააკაშვილმა რამდენჯერმე განსაზღვრა დროის ის კონკრეტული მონაკვეთი, როცა საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დაბრუნების ზუსტი თარიღი (წელი, თვე და რიცხვი) არ უხსენებია, მისი განცხადებების ფორმულირება და კონტექსტი შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ იგი კონკრეტულ გარემოებების დადგომასთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. ამასთან, 2019 წლის განცხადებაში მან დაბრუნების შესაძლო პერიოდი „უახლოესი რამდენიმე თვით“ განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხელ სააკაშვილი განცხადება არის ტყუილი.