თბილისში მდებარე ერთ-ერთი ძვირადღირებული დაუმთავრებელი შენობა, რომელმაც თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა, ე.წ „რიყის დოქებია“. „რიყის დოქები“ მილის ფორმის ორ შენობას წარმოადგენს, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია. 2016 წელს რიყის ე.წ „დოქები“ მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურის ცენტრს შორის მოხვდა. ვებგვერდ Designboom.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კულტურის ცენტრების ტოპ-ათეულში, პროექტმა მე-10 ადგილი დაიკავა.

ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიზნით, რიყის პარკის განაშენიანება და კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო. პროექტი „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებში ე.წ. „დოქების“ მშენებლობა დაიგეგმა. „რიყის დოქები“ მილის ფორმის ორი შენობა უნდა ყოფილიყო. პროექტი, როგორც აღვნიშნეთ, იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა განახორციელა. მასვე ეკუთვნის მოგვიანებით თბილისში, გორსა და მარნეულში აშენებული იუსტიციის სახლის პროექტები. რიყის პარკის პროექტის დაწყებისას ცნობილი იყო, რომ ე.წ. „დოქებში“ მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს შენობები დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი და მათი შემდგომი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

2019 წლის თებერვალში თბილისი მერმა ჟურნალისტებს „რიყის დოქებით“ რამდენიმე ინვესტორის დაინტერესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მოგვიანებით, უკვე 2020 წლის დასაწყისში, კახი კალაძე ამბობდა, რომ შენობა, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარადაც, კი არცერთ ინვესტორს არ სურდა, რადგან შენობის დასამთავრებლად სულ მცირე 20 მლნ ლარი მაინც იყო საჭირო.

„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. 2020 წლის 31 იანვარს პირველი აუქციონი გამოცხადდა, სადაც შენობების საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო. აუქციონი წარუმატებლად დასრულდა და „რიყის დოქები“ ვერ გაიყიდა.

შემდგომი აუქციონი უკვე 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქები“ აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გამოიტანა და ობიექტის საწყისი ღირებულება კვლავ 71.2 მლნ ლარი იყო. შემდგომი აუქციონი უკვე მიმდინარე წლის 29 აპრილს დაიწყო, ამ ეტაპზე „რიყის დოქების“ საწყისი ფასი გაცილებით ნაკლები, 47.5 მლნ ლარია, ბიჯი კი - 20 000 ლარი.

14 591 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - „რიყის დოქები“, გარკვეული საინვესტიციო პირობით იყიდება. კერძოდ, ინვესტორმა, ობიექტის შეძენის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში მრავალფუნქციური კომპლექსი (საგამოფენო სივრცეები, სასტუმრო) უნდა შექმნას და შენობები აამოქმედოს. ამისთვის კი ის პირი, ვინც „დოქებს“ შეიძენს, ვალდებულია, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

როგორც ვხედავთ, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქები“ კვლავ იყიდება, ამჯერად, წინა აუქციონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ ფასად - 47.5 მლნ ლარად. აუქციონის ვადა 17 მაისს იწურება. ჩვენ აუქციონის მსვლელობას თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

იმედს ვიტოვებთ, რომ აუქციონი, ამ ეტაპზე მაინც, წარმატებით დასრულდება და 75 მლნ ლარი, რომელიც პროექტზე დაიხარჯა, წყალში არ გადაიყრება და ქალაქის ცენტრში მდებარე მიტოვებული „რიყის დოქები“, ბოლოს და ბოლოს, ფუნქციას შეიძენს.