არა, CDC ზომბების შემოსევას არ ელოდებაუბრალოდ მეცნიერებს სერიალი მოსიარულე მკვდრები მოენატრათ - გადაღებები პანდემიისას შეფერხდა და პრემიერა 2022-ისთვის გადაიდო.

ბოლო დროს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ სოციალურ სივრცეში ყურადღება მიიპყრო ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული „ზომბების აპოკალიფსთან“ გამკლავების მითითებების განახლებულმა ინსტრუქციებმა. ინფორმაცია, CDC-ის მიერ შემუშავებული მითითებების შესახებ აქტიურად ვრცელდება როგორც უცხოური, ისე ქართული ვებ-გვერდების მიერ.

„ფაქტ-მეტრის“ გუნდმა ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა, თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ნამდვილად აქვს მითითებები „ზომბების აპოკალიფსთან“ დაკავშირებით.

რა წერია „ზომბების აპოკალიფსის“ შესახებ CDC-ის ვებ-გვერდზე?

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ოფიციალურ გვერდზე მართლაც გვხვდება მითითებები, იმაზე თუ რა საშუალებებს უნდა მივმართოთ გადარჩენისთვის იმ შემთხვევაში, თუ დედამიწას ზომბები შემოესევიან. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზომბების შემოსევას არ ელოდება და არც ამის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს. მათ „ზომბების“ თემატიკა ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების სახალისო ილუსტრაციად გამოიყენეს.

პირველად, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, ზომბების აპოკალიფსის შესახებ CDC-ის ვებ-გვერდზე, ბლოგპოსტის სახით 2011 წლის მაისში გამოჩნდა. როგორც ჩანს, სერიალების ყურება მხოლოდ უბრალო ადამიანებს კი არა, CDC-ის თანამშრომლებსაც უყვართ. როგორც იცით, 2010 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა სერიალი WALKING DEAD. სერიალში წარმოდგენილია პოსტ-აპოკალიპტური სამყარო, სადაც გადარჩენილ ადამიანთა ჯგუფი, ზომბებისგან თავის დაღწევას და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობს. CDC-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზომბები სამეცნიერო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებიან, სერიალში განვითარებული მოვლენები, სადაც ადამიანები ზომბებისგან გადარჩენას ცდილობენ, ფილმის გამოსვლის მომენტში ძალიან კარგად უკავშირდებოდა გადაუდებელი აუცილებლობისთვის მზადყოფნის თემას - საკითხს, რომელზეც CDC ინტენსიურად მუშაობს. აქედან გამომდინარე, სერიალის გულშემატკივარმა მეცნიერებმა, თვალი გადაავლეს თუ რა გაკვეთილები ასწავლა ადამიანებს პირველმა სეზონმა და აღნიშნულ შინაარსს დაუკავშირეს მათი ძირითადი მოწოდებები იმ შემთხვევაში, თუ დედამიწას, შესაძლოა არა ზომბები, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფები დაატყდება თავს.

სერიალის პირველ სეზონში განვითარებულ მოქმედებებზე დაყრდნობით, CDC-ის მეცნიერები მოგვიწოდებენ მოვიმარაგოთ ბენზინი ავტომობილისთვის, სანამ გვიანი არ იქნება; არასდროს გავიდეთ სახლიდან პირველადი დახმარების ყუთის გარეშე; სუფთაა წყალი, როდესაც მასში ზომბი არ აგდია- ანუ არ დავლიოთ წყალი თუ მის ხარისხში ეჭვი გვეპარება. აღსანიშნავია, რომ ამ სახალისო რჩევების ახსნისას CDC იმგვარ რეკომენდაციებს გასცემს, რომლებიც რეალურად უნდა გავითვალისწინოთ კატასტროფებთან გასამკლავებლად.

CDC-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოდესმე ქუჩებში ზომბები გამოჩნდებიან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სიღრმისეულ მოკვლევას ჩაატარებს და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად იმუშავებს. ამასთან ერთად, საიტი მოიცავს მითითებებს მოსახლეობისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ უშუალოდ როგორ გაუმკლავდნენ ზომბების შემოსევას. მაგალითად, უნდა მოვიმარაგოთ:

• წყალი,

• საკვები,

• სამედიცინო საშუალებები,

• პრაქტიკულად გამოსადეგი ნივთები,

• ჰიგიენის საშუალებები,

• მნიშვნელოვანი დოკუმენტები,

• პირველადი დახმარების ხელსაწყოები.

CDC-ის 2011 წლის წარმატებული კამპანიის შემდეგ, ამერიკაში პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ბუნებრივი კატასროფებისთვის მზადყოფნის აქტივობები სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მომზადებულიყო. მოთხოვნის გათვალისწინებით, CDC-ის ვებ-გვერდზე გამოიყო განცალკევებული „ზომბების აპოკალიფსის“ თემატიკაზე შექმნილი სექცია, რომელიც სახალისო და წარმოსახვით სცენარზე დაფუძნებით, სკოლის მოსწავლეებს ისეთი კატასტროფებისთვის ამზადებს, როგორებიცაა: მიწისძვრა, შტურმი, პანდემია, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბლოგთან და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ პროგრამასთან ერთად, ამ ეტაპზე CDC-ის უკვე შექმნილი აქვს როგორც პოსტერები, ისე გრაფიკული ნოველა, რომელიც ზომბების თემატიკაზე გამოგონილი ისტორიით, მკითხველს ბუნებრივი კატასტროფებთან გამკლავებისთვის ამზადებს.