შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძნის მიმღები პუნქტების ყურძენში შაქრის ავტომატური მზომი დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. ამ დანადგარებს კომპანია შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად 3 500 000 ლარად შეისყიდის. მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეს წერილით უკვე მიმართა (SMP210001309) და ნებართვა ითხოვა.

29 აპრილით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ყურძნის მოსავალი ყოველწლიურად მზარდია და 2020 წელს საქართველოში ინდუსტრიულად 290 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. იმავე წერილის თანახმად, კერძო კომპანიები ამ რაოდენობის სამრეწველო გადამუშავებას ვერ ახერხებენ და ჭარბი რაოდენობის მიღება-გადამუშავება სახელმწიფო კომპანიების მიერ ხდება, კერძოდ, 2020 წელს შპს „აკურასა“ და შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ 90 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

წერილის ავტორი სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს, რომ „2021 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის №626 განკარგულებით, „მოსავლის მართვის კომპანიას“ ყურძენში შაქრის ავტომატური მზომების შესყიდვა დაევალა და ამისთვის კომპანიის ანგარიშზე, სუბსიდიის სახით, 3 500 000 ლარი იქნა მიმართული.

კომპანიის ხელმძღვანელი დანადგარების შეზღუდულ ვადაში შესყიდვის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ აღნიშნული საქონელი საქართველოში არ იწარმოება. ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი, რასაც, კომპანიის გათვლით, ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. მისი ვარაუდით, 30 ერთეული დანადგარის დამზადებაზე 60-90 დღე დაიხარჯება, ტრანსპორტირებისთვის კი - სამი კვირა. ამას ემატება მონტაჟისთვის საჭირო პერიოდი. რთველის დაწყება კი 20-25 აგვისტოსთვის იგეგმება. კომპანია განმარტავს, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, უცხოელი მიმწოდებლები, შესასყიდი საქონლის რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა, არ დაინტერესდნენ, ანუ ტენდერი არ შედგეს. რთველის დაწყებამდე კი სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტების აღჭურვა უნდა მოესწროს.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დარეგისტრირებულია 2020 წლის 4 აგვისტოს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოა, ხოლო მმართველი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო. კომპანიის დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭანიძე, საჯარო რეესტრიდან 2019 წლის ამონაწერის თანახმად, დირექტორის პოზიციაზე ფიქსირდება სს „აკურაში“, რომელიც კერძო მფლობელიდან სახელმწიფო საკუთრებაში 2004 წლიდან გადავიდა. 2016 წლიდან კი კომპანიის საკუთრებაში არსებული აქციები, რომელთა ღირებულება იმ დროისთვის 50 მლნ ლარს აღემატებოდა, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გადაეცა. 2019 წლიდან კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და დაზარალებულის მიერ დაკარგული ქონების ერთმანეთისგან გამიჯვნასაც გულისხმობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ სამართლებრივი პროცესები 2021 წლის დასაწყისისთვის დასრულდებოდა, რის შემდეგაც „აკურა“ პირვანდელ მესაკუთრეს დაუბრუნდებოდა. მაშინ „მოსავლის მართვის კომპანიის“ დაფუძნების აუცილებლობას სახელმწიფო სწორედ „აკურას“ ყოფილი მეპატრონისთვის დაბრუნებით ხსნიდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ყიდულობდა სახელმწიფო კერძო კომპანიებისგან აუთვისებელ ყურძენს.

კერძოდ: 2016-2020 წლებში „აკურამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა ჯამში 295 270 000 ლარის ღირებულების ყურძნის შეზღუდულ ვადებში შესყიდვაზე, გადამუშავებაზე, დასაწყობებასა და შენახვაზე მიიღო. კომპანია ყოველ ჯერზე მიუთითებდა, რომ წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება მოსავალი, ან რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე მას შემდეგ, რაც კერძო კომპანიები საქონელს შეისყიდიან.

ცხრილი 1. სს „აკურას“ მიერ შეზღუდულ ვადებში შესყიდული ყურძნის ღირებულება, 2016-2020 წლები

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით, შარშან 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სახელმწიფომ მევენახეებისთვის არანაკლებ 80-80 თეთრი გაითვალისწინა. იმ ღვინის კომპანიებზე, რომლებიც კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1 000 ტონა აღნიშნული ჯიშის ყურძენს შეიძენდნენ და ჩამბარებელს არანაკლებ 80 თეთრს გადაუხდიდნენ, სახელმწიფო 1 კგ-ზე 30 თეთრის სუბსიდიას გასცემდა.

2020 წელს პროცესში ახალშექმნილი „მოსავლის მართვის კომპანიაც“ ჩაერთო და 15 მლნ ლარის ყურძენი შეისყიდა (SMP200003879). ე. ი., მხოლოდ შარშან, სახელმწიფო კომპანიების გავლით, ყურძნის შესასყიდად 95 000 000 ლარი გაიხარჯა.

საინტერესოა, რომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ 100%-იანი წილის მმართველი ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ და ერთ-ერთ წევრად მითითებულია ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო წევრები სხვადასხვა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მინისტრები ან მათი მოადგილეები არიან: გიორგი ხანიშვილი, ნათელა თურნავა, იური ნოზაძე, ივანე მაჭავარიანი და ოთარ შამუგია. „მოსავლის მართვის კომპანიის“ შექმნას, მისი საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფასა და ამ თანხით ყურძნის შეძენას მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა უწოდა. მევენახეებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რთველის სუბსიდირება არასწორი გადაწყვეტილებაა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადამხდელთა ფულით სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული კომპანიების დაფინანსება გაუმართლებელია. საქართველოს მთავრობამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თვითონაც თქვა, როცა განაცხადა, რომ 2018-2019 წლებში ამ მიზნით თანხას აღარ გახარჯავდა, თუმცა მან ეს პირობა ბოლომდე არ შეასრულა და 2018 წელს 30 მლნ ლარი „აკურას“ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესაძენად მისცა. 2020 წელს კი ახალი კომპანიაც შექმნა, იმ მიზეზით, რომ „აკურას“ ყოფილ მეპატრონეს უბრუნებდა, ხოლო პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად ახალი კომპანია სჭირდებოდა.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის 49 800 000 ლარი გათვალისწინებულია საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც. პროგრამა ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. თუმცა რა მოცულობის თანხა დაიხარჯება ყურძნის სუბსიდირებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტია, რომ „მოსავლის მართვის კომპანია“ 3 500 000 ლარის ღირებულების 30 დანადგარის შეძენას შეზღუდულ ვადებში აპირებს, ანუ რთველისთვის ემზადება.